პოსტფაქტუმ: ახალი პრეზიდენტი, საქართველო და უპასუხო კითხვები

AutoSharing Option
ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, რომ 14 სექტემბერს, ათენში, უეფას რიგგარეშე კონგრესზე, უეფას ახალ პრეზიდენტად სლოვენიელი ალეკსანდერ ჩეფერინი აირჩიეს. ეს ყრილობა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც თანამდებობას ჩამოაშორეს მიშელ პლატინი. არადა, კონგრესი სწორედ პლატინიმ გახსნა და თქვა, რომ უეფას ახალ თავკაცს მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულით უნდა ამოძრავებდეს.

ეს იყო მკვეთრი ხაზგასმა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, რაზე მიანიშნა პლატინიმ...

საიდან სადაო?
1954 წლის შემდეგ, უეფას 6 პრეზიდენტი ჰყავდა - ებე შვარცი (დანია), გუსტავ ვიდერკერი (შვეიცარია), არტემიო ფრანკი (იტალია), ჟაკ ჟორჟე (საფრანგეთი), ლენარტ იოჰანსონი (შვედეთი) და
მიშელ პლატინი (საფრანგეთი). სლოვენიელი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მეშვიდე ბოსია, მაგრამ პირველია, ვინც აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენს.

ალეკსანდერ ჩეფერინის წინამორბედი ლეგენდარული ფეხბურთელი და ავტორიტეტული ფიგურა გახლდათ, ჩეფერინი კი, რეალურად, საფეხბურთო ევროპამ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისას გაიცნო. ბუნებრივად დაიბადა კითხვა - რატომ მაინცდამაინც ჩეფერინი?

48 წლის ადვოკატი 2011 წელს სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, პარალელურად კი, უეფას იურიდიული კომიტეტის მესამე ვიცე-თავმჯდომარე გახდა, ხოლო შემდეგ ერთი საფეხურით დაწინაურდა - მეორე ვიცეთავმჯდომარეობას გამოჰკრა ხელი.

ამ პერიოდში, სლოვენიას სანაკრებო დონეზე დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია - გუნდი ევროპისა (2012, 2016) და მსოფლიოს ჩემპიონატების (2014) მიღმა დარჩა. მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ ჩეფერინი ფედერაციის ეფექტური მართვით გამოირჩეოდა და შარშან მეორე ვადითაც ანდვეს საპასუხისმგებლო პოსტი.

ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც პოსტზე არჩევის შემდეგ უეფას ახალ თავკაცს დაუსვეს, ასე ჟღერდა - "წარსულში თქვენ არავინ გიცნობდათ. ასეთ მოკლე დროში ამდენი ასოციაციის ხელმძღვანელის კეთილგანწყობის მოპოვება როგორ მოახერხეთ"?

სლოვენიელი პირდაპირ პასუხს დიპლომატიურად გაექცა და ვერ გააქარწყლა ეჭვი, რომ მის უკან გავლენიანი ხალხი დგას და რომ ის მხოლოდ მარიონეტია. ძნელი სათქმელია, არის თუ არა ეს უეფას ძველ მმართველთა გუნდი.

ჩეფერინი გრანდების წინააღმდეგ?
მისასალმებელ სიტყვასა და პრესკონფერენციაზე უეფას ახალმა ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩემპიონთა ლიგის ფორმატის კრიტიკას.

რამდენიმე დღის წინაც სლოვენიელმა განაცხადა, რომ უეფა შეცდა, როცა დიდ კლუბებსა და ლიგებს დანებდა - ამჟამინდელი რეიტინგების მიხედვით, 2018/19 წლების სეზონიდან ოთხი უძლიერესი ლიგის (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია) კლუბებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მუდმივი კვოტა ექნებათ.

სხვათა შორის, კონგრესზე ჩეფერინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფორმატის შეცვლის საკითხი მისთვის პრიორიტეტულია.

ამას გარდა:

"რაც შეეხება ორგანიზაციის რეფორმებს, ვაპირებ, ჩამოვაყალიბო კომიტეტი, რომელიც უეფას მართვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამას გარდა, ორგანიზაციის პრეზიდენტის ასაკობრივი ზღვარი და მანდატი უნდა შეიზღუდოს, ხოლო აღმასკომში უფრო აქტიური და ქმედითი პიროვნებები უნდა იყვნენ", - ამბობს ჩეფერინი და იქვე დასძენს, რომ მიშელ პლატინის ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტად დანიშვნაზე ჯერ არ უფიქრია.

მის პოზიციაზე წარმოდგენას ეს სიტყვებიც შეგიქმნით:

"მთავარი არის ფეხბურთი, პოლიტიკა ყველამ უნდა დავივიწყოთ. აუცილებელია, ბოლო მოეღოს ორგანიზაციაში არსებულ ბუნდოვანებასა და კერძო ინტერესების გატარებას. ფეხბურთი არის ის იდეალი, რომლისთვისაც მზად ვარ, ჩემი ცხოვრებაც კი შევცვალო".

საერთოდ, უეფას დონის ორგანიზაციის პრეზიდენტად არასოდეს აირჩევენ ადამიანს, რომელიც გრანდების წინააღმდეგ მიდის. აქამდე, ის ყოველთვის მათი მარიონეტი იყო ან, მინიმუმ, მათ ინტერესებს მაინც ითვალისწინებდა. ახლა სლოვენიელს მხარი გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა, პორტუგალიამ და რუსეთმა დაუჭირეს. ამის ფონზე, ძნელად ასახსნელია ჩეფერინის პოზიცია, რომ ჩემპიონთა ლიგაში გრანდების ავტომატურად დაშვება მიუღებელია.

"უეფას ხელმძღვანელებმა ეს რეფორმები ისე გაატარეს, არავის აზრი არ გაუთვალისწინებიათ, რაც დაუშვებელია. ყველას ნაცვლად, გადაწყვეტილება მხოლოდ მცირე ჯგუფმა მიიღო. უეფამ ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის კლუბების ინტერესები გაითვალისწინა", - ამბობს სლოვენიელი.

მან დააკონკრეტა, რომ უეფასა და კლუბების გაერთიანების ახალი ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია:

"უეფას ჰქონდა იდეა, რომ ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპები გაეუქმებინა და ტოპჩემპიონატების საუკეთესო კლუბებისთვის ფიქსირებული კვოტა დაეწესებინა. თავის მხრივ, კლუბების გაერთიანება ერთიანი ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბებას აპირებს, სადაც სხვა ქვეყნების კლუბები ვერ მოხვდებიან. ერთიც და მეორეც უეფასა და ტოპკლუბებს შორის ომს გამოიწვევს. ასე რომ, მათზე ლაპარაკიც გამორიცხულია".

რატომ ემხრობიან სლოვენიელს ქართველები?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი, უეფას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგვისტოში შეხვდნენ, გაეცნენ მათ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, სამოქმედო სტრატეგიას.

საბოლოოდ, მათ მხარდაჭერა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, სლოვენიელ კანდიდატს გამოუცხადეს და კონგრესზეც კობიაშვილმა ხმა ჩეფერინს მისცა.

სფფ-ის თავკაცმა არჩევნების შედეგებით კმაყოფილება არ დამალა და თქვა, რომ ახალი პრეზიდენტის სამოქმედო სტრატეგია და ხედვა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

- "ჩეფერინის ხედვა ძალიან სასარგებლოა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის"

ამას ჩეფერინის ეს სიტყვებიც ადასტურებს:

"ახლა ფეხბურთის გარშემო მრავალი პრობლემაა და მე არ მინდა, რომ სათავეში ჩავუდგე შიშის იმპერიას. მინდა, ვაჩვენო ის კარგი, რაც უეფასა და ფიფას გაუკეთებიათ.

ჩვენ ამ ვითარებაში ყოფნით დავიღალეთ და ცვლილებები გვსურს, რათა წინა პლანზე ფეხბურთი და მეგობრობა გამოჩნდეს. მე მზად ვარ, ფეხბურთის ისტორიაში ახალი თავი დავწერო. ახლა დადგა ცვლილებისა და გამჭვირვალობის დრო. დადგა ის ეპოქა, როცა არავის ექნება პრივილეგიები, რაც წარსულში ჰქონდა".

ცხადია, პრივილეგიები საქართველოსა და სლოვენიას არ ჰქონიათ და ამ სიტყვების ადრესატიც გარკვეულია. სხვათა შორის, ჩეფერინს არც ის მოსწონს, კოეფიციენტების დათვლისას კლუბების ისტორიულ მიღწევებსაც რომ ითვალისწინებენ და მიიჩნევს, რომ ამით გრანდებს სხვებთან სხვაობას ხელოვნურად უზრდიან. საქართველოსა და მისნაირი ქვეყნების გადასახედიდან ეს პოზიცია აბსოლუტურად მისაღებია.

მაგრამ აქ იბადება კიდევ ერთი კითხვა - თუ ჩეფერინი ამ ყველაფერს გულწრფელად ამბობს, მაშ, რატომ დაუჭირეს მას მხარი ბობოლა ქვეყნების ასოციაციებმა?

მოკლედ, არის უპასუხო კითხვები და იმედია, ამ ყველაფერს ახლო მომავალში მოეფინება ნათელი. ერთია ლაპარაკი, ხოლო მეორე - კონკრეტული ნაბიჯები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ