პერ ოლსონი: გეფლე სტუმრად უკეთ თამაშობს

AutoSharing Option
შინ "დინამოსთან" 1:2 წაგების შემდეგ, შვედური "გეფლე" გუშინ გვეწვია. სასტუმრო "რადისონში" დაბინავებულმა ჩრდილოელებმა, გუშინ ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. "გეფლეს" თავკაცმა პერ ოლსონმა საქართველოში 18 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. შვედებს არც თუ მცირე დანაკლისი აქვთ: გუნდის მთავარი მეგოლე ალექსანდრ გერნდტი "ჰელსინგბორგში" გაასხვისეს. ომარ ჯავო და "დინამოს" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ჰანს ბერგრენი ტრავმირებულები არიან.

გუშინ საღამოს შვედებმა ეროვნულ სტადიონზე, საათზე ოდნავ მეტხანს ივარჯიშეს. ოლსონმა ჩვეულებრივი, მსუბუქი წვრთნა ჩაატარა, რომელიც კარში დარტყმებით დაასრულა. აშკარად ჩანდა, რომ "გეფლეს" ფეხბურთელები კარში ძლიერად ურტყამენ, უმეტეს
შემთხვევაში სიზუსტეც არ ღალატობთ და ამ მხრივ, "დინამოს" კონტრზომების მიღება მოუწევს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ "გეფლეს" თავკაც პერ ოლსონს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- "დინამოსთან" საპასუხო მატჩს რა განწყობით ხვდებით?
- სამწუხაროდ, ტრავმირებულები გვყავს და კარგ სიტუაციაში არ ვიმყოფებით. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ჩვენი წილი შანსი გვაქვს და მისი გამოყენებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- მეტოქეს როგორ დაახასითებდით?
- ძნელია მხოლოდ ერთი თამაშით რომელიმე გუნდის რეალური პოტენციალი შეაფასო. ვფიქრობ, ახალგაზრდული მოძრავი გუნდია, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. "დინამოს" თავისი პლუს-მინუსები აქვს. ყველანაირად შევეცდებით, მეტოქეს პლუსები არ გამოვაყენებინოთ, ჩვენ კი მისი მინუსებით ვიხეიროთ.

- პირველ მატჩში "დინამომ" რით დაგამახსოვრათ თავი?
- შინ რთული თამაში გვქონდა, "დინამომ" ბევრი იმოძრავა, ბოლომდე იბრძოლა და შედეგსაც მიაღწია. მეტოქეს ყველა რგოლში ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ თამაშის წარმართვა და საბოლოო შედეგზე ზეგავლენის მოხდენა. ვფიქრობ, "დინამომ" შინ ბოლომდე ბრძოლითა და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით მოგვიგო.

- მოწინააღმდეგე გუნდიდან რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
- უპირველესად მათეს (ვაწაძე), კახელიშვილს, თექთურმანიძეს...

- მეორე რაუნდის წინ "დინამო" 2:1-ს უგებს და შინ თამაშობს, შანსებს როგორ გაანაწილებდით?
- ვფიქრობ, 60% "დინამოსია", დანარჩენი კი ჩვენი. თუმცა 40% ცოტა ნამდვილად არ არის... აი, შინ გოლი რომ ვერ გაგვეტანა, მაშინ ჩვენი შანსი მიზერული იქნებოდა.

- შინ დამარცხდით, ტრავმების გამო დანაკლისი გაქვთ, თბილისში 18 ფეხბურთელით ჩამოხვედით, "დინამოსთან" საპასუხო მატჩამდე გუნდის მთავარი მეგოლე "ჰელსინგბორგს" დაუთმეთ... მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ხელი ხომ არ აგიღიათ?
- არა, რატომ? ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა. რაც შეეხება ტრანსფერს, ვითარების მიხედვით, სხვა გამოსავალი არ გვქონდა... ნურავინ იფიქრებს, რომ პესიმიზმი შემოგვეპარა. ჩვენს გუნდში სრული ოპტიმიზმი სუფევს და საბრძოლო განწყობაა.

- თქვენი ოპტიმიზმი რით არის განპირობებული?
- ჩვენი კოზირები გვაქვს. სხვა თუ არაფერი, "გეფლე" სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე შინ. ეს სპეციალისტების შეფასებაა და ნაციონალურ პირველობაზე ნაჩვენები შედეგებიც ამაზე მეტყველებს. სტუმრად უფრო მეტი ქულა გვაქვს მოპოვებული...

- თბილისურ კლიმატზე რას იტყოდით?
- აქ გაცილებით მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე ჩვენთან შვედეთში. კლიმატი და აქაური გარემო, მეტოქის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ამ წყვილში მოგებული მეტოქე "შტურმის" თავკაცი ფრანკო ფოდა თბილისში დაზვერავს მოწინააღმდეგეს. ავსტრიელები მეტოქედ "დნამოს" ელიან...
- პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ფავორიტი "დინამოა", მაგრამ ვიმედოვნებ ჩვენ მოგვიწევს "შტურმთან" თამაში.

- როგორც გავიგე თბილისში 4-4-2 სქემით აპირებთ თამაშს?
- ჩვენ სულ ამ სქემით ვთამაშობთ და ამჯერადაც არ შეცვლით ტაქტიკას.

- ბუნებრივია, ორი ფორვარდი სწრაფ გოლზე იქნება აქცენტირებული. ასეა?
- ჩვენ მინიმუმ ორი გოლის გატანა გვინდა. შესაბამისად, გვინდა რაც შეიძლება მალე გავიტანოთ ორი ბურთი.

- მეტოქესგან შემტევ ფეხბურთს ელით, თუ დაცვიდან თამაშს?
- "დინამო" შინ თამაშობს და ვიქრობ შემტევ სტილში ითამაშებს.

- თბილისურ მატჩში რა ფაქტორი იქნება გადამწყვეტი?
- ჩემი აზრით პირველი გოლის ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა რომელ კარშიც არ უნდა გავიდეს პირველი გოლი, ჩემი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული