ვინ რას აკეთებს და საერთოდ, რა ხდება რეგიონებში, ამის დასადგენად "ლელო" ორი რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტს ესაუბრა.
მცხეთა-მთიანეთი - რაც შეიძლება მეტი გუნდი!
ვიტალი გრძელიშვილი დიდი ხანია მცხეთა-თიანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტობს და ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ალბათ, ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარ რეგიონში საფეხბურთო კლუბი დააფუძნა - "მცხეთა" და მას საკუთარი სახსრებით ინახავდა, რომელიც შემდეგ
უსახსრობაა სწორედ ის პრობლემა, რომელიც ამ რეგიონში ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის. თუმცა, მიუხედავად გაჭირვებისა, რეგიონული ფედერაცია მწირი ბიუჯეტით ბევრ ტურნირს მაინც ატარებს.
- რა ხდება მცხეთა-მთიანეთში, რა პროექტები ხორციელდება და რა პერსპექტივებია?
- ჯერ იმაზე ვიტყვი, რომ ზვიად სიჭინავას ჩვენი ფედერაცია არ გაუკრიტიკებია, რაც თავადაც გვითხრა. მეორეც - ჩვენთან იმდენი ტურნირი და ღონისძიება ტარდება, ვერავინ იტყვის, უმოქმედო და უფუნქციო ფედერაცია არისო.
- რეგიონული ფედერაციისთვის ჩარიცხული 10 ათასი ლარი რას ხმარდება?
- ხელფასებს რომ არ ხმარდება, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. მე და ჩვენი გენერალური მდივანი ფედერაციიდან თეთრს არ ვიღებთ, პირიქით, ჩვენი კავშირებით ვცდილობთ თანხების მოძიებას, ფედერაციიდან გამოყოფილი თანხები კი პროგრამული დაფინანსების შესაბამისად იხარჯება.
- მცხეთა-მთიანეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად რა კეთდება?
- ბოლო ორი წელია სერიოზული პროექტების განხორციელება დაიწყო. "ვიტ ჯორჯიის" სტადიონის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა და მაისამდე სტადიონი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს. რა თქმა უნდა, ეს სტადიონი ჩვენს რეგიონულ ფედერაციასაც დაეხმარება, რადგან მცხეთაში ბალახისსაფარიანი მოედანი აღარ დარჩა.
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ორი სტადიონი, დარბაზით, გასახდელებით, თანამედროვე კომპლექსით და ისეთი პირობებია, გუნდი კარგად მოემზადება.
- მცხეთის სტადიონი "ვიტ ჯორჯიამ" არ ააშენა?
- გეტყვით, როგორც იყო: როდესაც რეგიონული ფედერაციის საოფისე შენობა აშენდა, ამ პროგრამით ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედანიც მოგვიწყვეს. მეორე ეტაპზე კი სტანდარტული მოედნის აშენება დაიგეგმა, მაგრამ ამ პროექტში შემდეგ "ვიტ ჯორჯია" ჩასვეს და ეს ფედერაციამ პროგრამული დაფინანსებით მოახერხა. რადგან კლუბს კარგი მოედანი არ ჰქონდა, ჩვენი გრანტი მათზე გადამისამართდა და ჩვენთვის მისაღები იყო, რადგან საერთო ძალისხმევით მცხეთაში ლამაზი სტადიონი აშენდა.
- ზვიად სიჭინავამ ყველა ტურნირების ცენტრალიზაცია გადაწყვიტა. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის პლუსი და მინუსი?
- პლუსი ესაა - რომელ რეგიონებსაც გუნდების სიმცირის გამო ჩემპიონატების ჩატარება არ შეუძლიათ, შედარებით მსხვილ რეგიონთან გაერთიანდებიან და ბავშვები არ დაიკარგებიან. მაგალითად, ჩვენ რეგიონულ ტურნირებს ვატარებს, მაგრამ ზოგ ასაკში 4-5 გუნდია, ჩემპიონატს ვერ ჩავატარებთ და თბილისის ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირებში ჩვენები ამიტომ მონაწილეობენ. მოკლედ, პრობლემა გუნდების სიმცირეშია.
ჩვენთან არც მოსახლეობაა და არც გუნდებია ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში, აჭარაში; რადგან რეგიონში სულ სამი მუნიციპალიტეტია გაერთიანებული: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის. თორემ საქმის კეთება რომ არ გვეზარება, ფედერაციაშიც კარგად იციან. ამიტომ ჩვენი უპირველესი ამოცანა რეგიონში გუნდების რაოდენობის გაზრდაა.
- გულახდილად რომ ვთქვათ, მცხეთა-თიანეთი დიდად საფეხბურთო რეგიონი არც არის.
- ეს რაოდენობიდან გამომდინარეა, თორემ მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული სახეობა მაინც ფეხბურთია.
- საფეხბურთო ფესტივალები ტარდება?
- ბავშვების დასაინტერესებლად ძალიან ეფექტური აღმოჩნდა "სახალისო ფეხბურთის" პროგრამა: ყოველწლიურად რეგიონის 200 ბავშვს ვამარაგებთ ფორმებითა და ბურთებით. ჩვენს რეგიონში ამ პროგრამის გაგრძელება ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
- ალბათ, ფეხბურთის განვითარებისთვის კი არა, შენარჩუნებისთვის.
- ფინანსებიდან გამომდინარე ასეა, მაგრამ ახლა უნდა ჩავყაროთ ის საძირკველი, რომელზეც ხვალინდელი თაობები გაზრდებიან. ფეხბურთი დიდი ფინანსების გარეშე ვერ განვითარდება. ამიტომ ვცდილობთ, რაც გვაქვს, იმას გავუფრთხილდეთ, ხვალ და ზეგ უკეთ რომ ვიყოთ.
- ზოგიერთი რეგიონული ფედერაცია არაფერს აკეთებსო. თქვენ რას ატარებთ?
- ძირითადად, ბავშვთა ტურნირებს: სხვადასხვა ასაკის გუნდებს შორის ჩემპიონატებს, მცხეთის თასის გათამაშებას, სკოლების ჩემპიონატს, ვართ "სახალისო ფეხბურთის" პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეები, რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელის ხსოვნის ტურნირის ინიციატორები.
- რეგიონს დიდების გუნდი არ ჰყავს?
- 2004 წელს ფინანსური პრობლემების გამო "მცხეთა" დაიშალა და იმის მერე უმაღლეს და პირველ ლიგებში გუნდი აღარ გვყოლია. დიდი სურვილის მიუხედავად, ეს ასეთი რანგის კლუბის შენახვა შეუძლებელია, რადგან ასეთ გუნდს თანხა სჭირდება, ფულის მოძიება კი დღეს პრობლემაა და ძირითადად, ბავშვების გაზრდაზე ვმუშაობთ. რეგიონულ ლიგაში კი დუშეთისა და თიანეთის გუნდები გამოდიან.
- მცხეთა შემოსავლიანი ქალაქია და პირველი ლიგის გუნდის შენახვა გაჭირდა?
- გუნდის შენახვის სურვილი არსებობს, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებს კერძო კლუბების შენახვა აეკრძალათ და კანონს ვერ დაარღვევენ. კერძო კლუბის შენახვა კი ასე იოლი არ არის.
სტადიონი თუ გარემონტდება, სპონსორიც გამოჩნდება
კახეთს უმაღლეს და პირველ ლიგაში არაერთი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ბოლო წლებში არათუ უმაღლეს ლიგაში, გუნდი პირველშიც არ შერჩა და უზარმაზარი რეგიონის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება. რა გახდა ამის მიზეზი და რა პრობლემებია რეგიონში, ამის თაობაზე კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა როსტომაშვილს გავესაუბრეთ.
- აღმასკომზე ფედერაციის პრეზიდენტმა კახეთის გუნდები ახსენა, თბილისის ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობენო. კახეთში ბავშვთა გუნდების სიმცირეა?
- სამწუხაროდ, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები არ გვყავს, მხოლოდ დაბალ ლიგაში გამოდიან. ბავშვთა ჯგუფებში კი ტურნირები ტარდება და დაახლოებით 600-მდე ბავშვი მონაწილეობს. აღმასკომზე ფესტივალი ახსენეს: ფესტივალს არ ვუწოდებთ, მაგრამ მსგავს ღონისძიებას კახეთშიც ვატარებთ. ყველა მინიციპალიტეტის 1999-2000 წლებში დაბადებული 300-დე ბავშვი ჩვენს ორგანიზებულ რეგიონულ ტურნირში მონაწილეობს. მატჩები ყოველ კვირას ტარდება, ხან თელავში, ხან გურჯაანში და ასე შემდეგ.
- გასაგებია, რომ უმაღლესი ლიგის გუნდის ჩამოყალიბება სერიოზულ თანხას საჭიროებს, მაგრამ კახეთი დიდი რეგიონია და ერთი გუნდი როგორ ვერ ჩამოყალიბდა?
- ჩვენდა სამწუხაროდ, საამისო ფული არ არის. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგებით, გვირჩევნია 100 ათასი ლარი ბავშვებზე დაიხარჯოს, ვიდრე უმაღლესი ლიგის გუნდზე, რადგან თანხას ბავშვებში უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ.
უკვე მესამე წელია, კახეთს უმაღლეს ლიგაში გუნდი აღარ ჰყავს. არადა ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვეზრდება. ბოლო მაგალითი გიორგი მურველაშვილია - უნიჭიერესი ბიჭია, თელავის "კახეთმა" გაზარდა, მაგრამ გუნდი რომ დაიშალა, გასაქანი არ ჰქონდა. კიდევ კარგი, რუსთავის "ოლიმპში" აიყვანეს, თორემ დაიკარგებოდა.
მურველაშვილს კი გაუმართლა, მაგრამ ასე რამდენი ბავშვი დაიკარგა, ვინ იცის. მცდარი აზრია, თითქოს კახეთში ტალანტები არ იზრდებიანო - როგორ არ იზრდებიან. გადახედეთ, ბოლო წლებში რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი წავიდა ჩვენი რეგიონიდან.
- ერთი ვერ გამიგია, გუნდის დაფინანსება სხვა რეგიონებში თუ შეიძლება, გუნდი სვანეთშიც კი ჩამოაყალიბეს, ეს კახეთში რატომ აკრძალეს?
- თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსება მიზანმიმართული და კანონით გათვალისწინებული არ იქნება, კლუბი ჯობია კერძო ბიზნესმა აიყვანოს.
- სად არის ეს კერძო მეპატრონე, თორემ, რად უნდა მტკიცება, რომ სჯობია.
- გამოსავალი სტადიონის რეაბილიტაცია არის. ხელისუფლების პროექტია, გარემონტებული სტადიონი კერძო მეპატრონეს გადასცეს და როგორც აიყვანეს გუნდი ქუთაისში, ასევე მოხდება კახეთშიც. სტადიონს რომ გაარემონტებენ, მერე კერძო სექტორი აუცილებლად დაინტერესდება. ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ წელს უნდა დამტკიცდეს თელავის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი.
ლაპარაკია თელავის სტადიონისა და მიმდებარე სპორტულ კომპლექსში ქალთა ფეხბურთის სანაკრებო ბაზის აშენებაზე. სახელს არ აქვს მნიშვნელობა, გინდა ქალთა ფეხბურთის ბაზა ერქვას და გნებავთ ჭაბუკთა ბაზა, მთავარია საქმე გაკეთდეს. ყველა საჭირო პროექტის დაფინასება ვერ მოხერხდება, მთავარია, გაკეთდეს და ყველა სხვას მოემსახურება, ქალებსაც, ვაჟებსაც, ადგილობრივ გუნდსაც და ნაკრებებსაც.
- ბავშვთა ფეხბურთში როგორი მდგომარეობაა?
- კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს გიორგი ღვინიაშვილს შევხვდი და მან ყველა მინიციპალიტეტს წერილობით სთხოვა, ბავშვთა ფეხბურთს დაფინანსება გაუზარდოს და გუნდები რეგიონულ ტურნირებში ჩართონ.
- ამას წინათ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ენრიკო ჩიტალაძემ გვითხრა, ბავშვები ხუთ ლარსაც ვერ იხდიდნენ და გადასახადი გავაუქმეთო. კახეთში რამდენია საფასური?
- არაფერი, რადგან ბავშვებს ვერაფერს მოვთხოვთ. საფეხბურთო ჯგუფებს კომპლექსური სასპორტო სკოლები და სახელმწიფო აფინანსებენ და ეხმარებიან.
- თბილისის ტურნირებში კახური სკოლები რატომ მონაწილეობენ?
- მხოლოდ რამდენიმე თამაშობს თბილისის ჩემპიონატში, უმრავლესობა კი რეგიონულ ტურნირებშია ჩართული. თბილისურ ტუნრირებსაც იმიტომ ეტანებიან, რომ შედარებით ძლიერ გუნდებთან თამაშობენ და კლასის გაზრდას ასე უფრო ახერხებენ.
- ამ კონტექსტში საინტერესოა, ბოლო აღმასკომს რა ცვლილებები მოჰყვება - ცენტრალიზებული ტურნირები ზონების გადანაწილებასაც გამოიწვევს?
- შესაძლოა, სადაც საკმარისი რაოდენობის გუნდი არ არის, ახლომდებარე რეგიონთან გაერთიანდება და ეს საერთო დონეს გაზრდის.
- აღმასკომის შემდეგ ლიცენზირების ახალი მოთხოვნებსაც გაეცანით, მაგრამ ეს მედიისთვის უცნობი დარჩა.
- მკაცრი მოთხოვნებია: სკოლას უნდა ჰქონდეს სტანდარტული სტადიონი, გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო პერსონალი, ლიცენზირებული მწვრთნელები; იყო სხვა მოთხოვნებიც. მოკლედ, ბავშვები ელემენტარული პირობებით მაინც უზრუნველყონ. სხვათა შორის, ახლა კახეთში "ბ" კატეგორიის მწვრთნელთა ლიცენზირების პროცესი დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც.