[ოთხშაბათის საკითხავი] რას მოგვიტანს მამლის წელი?

AutoSharing Option
მოდის ახალი, 2017 წელი - მამლის წელიწადი. მამალი განახლების, იმედის სიმბოლოა. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ახალი წელი ქართული ფეხბურთისთვის სწორედაც განახლების ხანა იქნება. ასეთი იმედები გვაქვს სულ, როცა ძველ წელს ვაცილებთ და ერთხელაც ეს იმედები უნდა გამართლდეს... თუმცა მხოლოდ ბედისწერის ანაბარა ყოფნა არაფერს გვარგებს და ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ.

მაინც, რას ველით ახალი წლისგან? სანტას დიდი ხურჯინი აქვს და ის ხურჯინი ყველა სათხოვარს თუ სურვილს იტევს. თოვლის ბაბუას ძალიანაც ნუ შევაწუხებთ. ვთხოვოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა, რომ გვერგოს...

სუფთა თამაში
ძალიან გვინდა, რომ ახალ წელს ფეხბურთი მხოლოდ ბურთით თამაში იყოს საქართველოში და არა - იატაკქვეშა სათამაშო ბიზნესი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ კუთხით ძალუმ ნაბიჯებს დგამს და ჩვენი, მედიის ფუნქცია ისაა, რომ ამ დიდ და საპასუხისმგებლო ბრძოლაში იქ უნდა ვიყოთ, სადაც ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავალი იმზირება.

სუფთა თამაში - ესაა ჩვენი მთავარი ნატვრა, რადგან მის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება და, მათ შორის, ეკარგება ფეხბურთსაც... სადაც ტყუილია, იქ მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილ თამაშს, მის უდიდებულესობა ფეხბურთს არც არაფერი ესაქმება.

სანტაც ხომ არ იტყუება?..

საქართველოს ნაკრები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საპასუხისმგებლო მატჩები ელის. ვისურვოთ კარგი შედეგი, ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ნაკლები ტრავმა და მეტი გოლი მოწინააღმდეგის კარში. ვისურვოთ, რომ ჩვენი ნაკრები თამაშობდეს სტაბილურად, რადგან თუ არ მოვა სტაბილურობა, არც წარმატება დაგვენახება.

ჩვენ აღარ ვართ ისე პესიმისტურად განწყობილები, როგორც ადრე ვიყავით. ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც ახლა შედის ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში და რომელმაც უკვე ბევრი გამოიარა, თუნდაც საქართველოს ნაკრებში.

მათ უკვე იციან, რომ როცა საქმე ნაკრებს ეხება, უნდა დაუჯერო მწვრთნელს, თუნდაც არ მოგწონდეს. უნდა მოითმინო რაღაც თუნდაც იმისთვის, რომ შენ საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვის პატივი გერგო.

ფეხბურთის თამაში კი, ასე თუ ისე, ვიცით. ჯერ შედეგი არ არის, მაგრამ ხარისხს არა უშავს. ეგაა, პირველ ნომრად თამაში დაგვავიწყდა იმ ავადსახსენებელი წლების გამო და ტრადიციულად, ჯერ ვერც უეჭველ მოსაგებს ვიგებთ.

საქართველოს ჩემპიონატი
ბევრი მიიჩნევს, რომ ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი არ ნიშნავს ძლიერ ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ მე სხვანაირად მგონია: სანამ ნაკრების ნახევარი თუ არა, მეოთხედი მაინც საქართველოს ჩემპიონატიდან არ იქნება, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი.

რთულია, რადგან მხოლოდ ლეგიონერების იმედად მყოფი საქართველოს ნაკრები პირადად მე უფესვო ხეს მომაგონებს, რომელსაც რაც უნდა წყალი ასხა, არ გაიხარებს, რადგან მშობლიურ, ნოყიერ მიწაში აქვს ფესვები გადგმული.

ახლა კი ასეა: ბოშათა ბანაკის არ იყოს, ისეთი მონდომებით გარბიან საქართველოდან ფეხბურთელები, რომ პირდაპირ გაგიკვირდება კაცს...

ვარსკვლავები
რამდენი ხანია, ქართული ფეხბურთი ნაღდი ვარსკვლავის გამოჩენის მოლოდინშია. ვარსკვლავს მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია დღევანდელ ქართულ ფეხბურთში - უკეთესობისკენ შეცვლა და იმ უიმედო ფონის გაფანტვა, რომელიც დღეს დგას.

საქართველოს ნაკრები ჯერაც ვერაა ვარსკვლავური გაქანების გუნდი, მაგრამ იმის იმედი კი გვაქვს, რომ მომავალი წელი თუნდაც ერთ ვარსკვლავს მაინც გვაჩუქებს. თუ თორნიკე ოქრიაშვილი ხშირად გაიტანს ისეთ გოლებს, როგორიც ადრე გაჰქონდა, თუ ჯანო ანანიძე ისევე ითამაშებს ყველა თამაშს, როგორც გამორჩეულ თამაშებში ირჯებოდა, მაშინ ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავები გვეყოლება.

ძალიან, ძალიან გვჭირდება ასეთი ვარსკვლავები. თუნდაც იმიტომ გვჭირდება, რომ ხალხი სტადიონზე ნაღდი სანახაობისთვის მივიდეს და წვალებას არ უყუროს.

დღეს ტომები იწერება იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ფეხბურთი კიდევ უფრო კოლექტიური თამაში და ჩვენ რა უფლება გვაქვს, ეს ტენდენცია უგულებელვყოთ. ეს ალბათ მართლაც ასეა, მაგრამ თუ გავამარტივებთ და ფეხბურთს შევხედავთ,  როგორც უბრალოდ თამაშს, ერთხელაც მივხვდებით: ფეხბურთი გემრიელი მაშინ გამოდის, როცა მინდორზე ინდივიდები ბრწყინავენ. საქართველოში მაყურებელი ყოველთვის ვარსკვლავებს მიჰყავდა სტადიონზე. ქომაგი არც ახლა აკლია ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა.

ქართული ფეხბურთის ბოლო, ჭეშმარიტი სახალხო ვარსკვლავები, ჩემი აზრით, გიორგი ქინქალაძე, შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია იყვნენ. მალხაზ ასათიანი მე ძალიან დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, მაგრამ, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო, ის ამ "დაუწერელ წოდებას" ვერ შესწვდა - ალბათ, თავისი უზომოდ მორიდებული ბუნების და იმის გამოც, რომ მთელი კარიერის განმავლობაში გაურბოდა ჟურნალისტებს.

პროფესიონალიზმი
თუ რამ გვჭირდება, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს. სპორტის სხვა სახეობებს არ გადავწვდები და, ქართულ ფეხბურთში პროფესიონალიზმის აშკარა დეფიციტია. დეფიციტია ხშირად იმდენად, რომ შენ, ვისაც ხშირად ასევე გაკლია ეს აუცილებელი ნიჭი, გრცხვენია.

არც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ. ჩვენ არ გვქონდა იმის ილუზია, რომ დადგებოდა თუ არა ახალი საფეხბურთო რეალობა საქართველოში, მეძავი იქცეოდა პატიოსნად და ჩვენს ფეხბურთში მოტრიალე ხალხი იმაზე გაცილებით პატიოსანი და სუფთა იქნებოდა, ვიდრე მანამ იყო.

ჯერჯერობით, დიდწილად აღლუმი მაინც იმ ხალხს მიჰყავს, აქამდე რომ მიჰყავდა და რატომღაც ისეთი ხალხიც მოგვიმრავლდა, ერთბაშად რამდენიმე საქმის ერთნაირად კარგად კეთება რომ ხელეწიფებათ...

განათლება
მწვრთნელი იქნება, ფეხბურთელი თუ ფეხბურთში მოღვაწე პიროვნება, მას ერთნაირად სჭირდება განათლება. ჩვენში ძალიან ბევრი მწვრთნელია, უცხო ენის სწავლა, გრანდების თამაშის ყურება და თუნდაც საქართველოს ნაკრების თამაშის ძირისძირამდე ჩაკირკიტება საკუთარ მოვალეობად რომ არ მიაჩნია.

მწვრთნელმა უცხო ენა რომ არ იცის, ცხოვრებაში თუნდაც ინგლისურად დაწერილი კონსპექტები რომ არ წაუკითხავს, როგორ მისცემს ის ფეხბურთელს, ვთქვათ, მატჩისწინა მითითებას?

"დავაი, ბიჭებო, თქვენი იმედი მაქ. ჯიგრით მივაწვეთ და სისხლი დამანახეთ მინდორზე" - აი, სულ ეს არის ბევრი ქართველი მწვრთნელის წინასამატჩო "უსტანოვკა". რა მეტოქის შესწავლა, რის ანალიზი - მთავარი ჯიგარია და ეს ჯიგარი მოგვაგებინებს. საქართველოში კმარა ეს ჯიგარი, ხშირად - კმარა. და საქართველოს გარეთ?

ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომლის განათლების დონეც, თუნდაც საფეხბურთო ამბავში, უკეთესის სურვილს ტოვებს. ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხი კი... ყველაზე არ ვიტყვი და, ზოგიერთის ზოგადი განათლება სადღაც "წითელქუდასთან" რომ მთავრდება, ფაქტია.

დაბალია ჩვენი ბევრი ფეხბურთელის სუფთა საფეხბურთო ინტელექტიც.

შეიძლება, ეს ვინმეს ნაკლებად მნიშვნელოვნად მოეჩვენოს, მაგრამ მე ასე მგონია: მაღალი ინტელექტის მქონე ფეხბურთელი მინდორზე ერთიორად სახიფათოა. მეორეც: მან იცის, როგორ დაგეგმოს საკუთარი კარიერა სწორად და არ დაუჯეროს იმ "კეთილის მსურველთა" ზღაპრებს, ასე რომ მომრავლდნენ ქართულ ფეხბურთში.

ინვესტორები
ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება ფულიანი ხალხი, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი. კარგია სახელმწიფოს მილიონები, მაგრამ ეს მილიონები გაუთავებლად ვერ დაიხარჯება და სახელმწიფოს დახმარებასაც მხოლოდ ერთი აზრი და მიზანი უნდა ჰქონდეს: უნდა ჩამოყალიბდეს კერძო ინვესტორთა ჯგუფი ქართული კლუბებისთვის, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი გუნდები მაღალ მიზნებს დაისახავენ.

ძალიან, ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს ასეთი ხალხი. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ფეხბურთის მომავალს გვარიანი კითხვის ნიშანი უზის. ბევრი უკვე გაიქცა და ბევრიც გაქცევაზეა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დროში ვერ დაემთხვნენ ერთმანეთს.

ამ პრიზმაში შეგვიძლია განვიხილოთ "ზესტაფონის" საკითხი. თემა ძალიან რთულია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ რაღაც უნდა გადაწყვიტოს ამ ამბავში. ათ მილიონამდე ბიუჯეტი და ძალიან კარგი ადგილობრივი თუ უცხოელი კადრები - ეს არის ის, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქართულ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. იმასაც ამბობენ, "ზესტაფონის" დაბრუნების შემთხვევაში გუნდში შეიძლება ისეთი ფეხბურთელებიც გამოერიონ, სხვადასხვა დროს უკრაინის ნაკრებსა და ევროტურნირებზე წარმატებით რომ უთამაშიათო...

მამლის ყივილი
მამლის ყივილი ხალხს აფხიზლებს. სწორედ ასეთი კაცის დეფიციტია ქართულ ფეხბურთში.

წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ იმ რეალობას, რომელიც არის. არადა, ეს დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და თუ გაგრძელდა, ქართულ ფეხბურთს დიდი დღე არ უწერია.

როგორ გვჭირდება ახლა ისეთი კაცი, რომელიც იყივლებს დროულად და მძლავრად, რათა გაფანტოს ის წყვდიადი, რომელიც ჩამოწოლილია ქართული ფეხბურთის ცარგვალზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რას მოგვიტანს და ბუს კვეცხებს!სხვას რას ელოდება ვინმე???
oto777
18:34 28-12-2016
0
ჯერჯერობით, დიდწილად აღლუმი მაინც იმ ხალხს მიჰყავს, აქამდე რომ მიჰყავდა და რატომღაც ისეთი ხალხიც მოგვიმრავლდა, ერთბაშად რამდენიმე საქმის ერთნაირად კარგად კეთება რომ ხელეწიფებათ...მალადეც ავტორ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული