თუმცა ჯერ სადა ვართ, - მოვლენები ისეთი კალეიდოსკოპური ტემპით ვითარდება, რომ მალე, შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბების საფეხბურთო სკანდალის მომსწრენიც გავხდეთ; თუმცა, მოდი ამ თემაზე და საერთოდაც,
ზესტაფონი-ტორპედო
2003 წელს თბილისის "დინამომ" საქართველოს თასიც მოიპოვა და ჩემპიონატშიც ოქროს მედლებს დაეუფლა; იმის შემდეგ რვა წელიწადი გავიდა და "დუბლის" შესრულება ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ამის შანსი "ზესტაფონს" აქვს: თუ რაიმე მართლაც სასწაული არ მოხდა, გია გეგუჩაძის გუნდს ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება (დარჩენილ ოთხ შეხვედრაში ორი მოგებაც ყოფნის); ამას გარდა, "ზესტაფონს" თასის ფინალში გასვლის იმდენივე შანსი აქვს, რამდენიც დღევანდელ მეტოქე "ტორპედოს" და, აქედან გამომდინარე, "დუბლის" შესრულებაც სავსებით რეალურად ხელეწიფება ამ სეზონის, უდავოდ, საუკეთესო გუნდს. მით უფრო, რომ ბევრი სხვა გუნდებისგან განსხვავებით, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩემპიონატსა თუ თასის მატჩებზე ძირითად შემადგენლობაში უმტკივნეულო როტაცია მოახდინოს.
თუმცა, ვეჭვობთ, რომ გია გეგუჩაძის საჩემპიონოდ "მომართული" გუნდი დღევანდელ უპრინციპულეს დაპირისპირებას შედარებით ნაკლებად მოტივირებულად შეხვდეს: ბოლოს და ბოლოს, "იმერული დერბია"; და, ესეც რომ არ იყოს, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" საამსეზონო დაპირისპირებაში, ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ხომ უნდა გამოვლინდეს? შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მატჩამდე "ზესტაფონი" და "ტორპედო" ჩემპიონატში ოთხჯერ შეხვდნენ, ერთხელაც თასზე ითამაშეს. ამ ხუთი პაექრობიდან ორი ზესტაფონმა მოიგო, ორი - "ტორპედომ", ერთი შეხვედრაც ფრედ დამთავრდა (ბურთების სხვაობაც იდენტურია - 3:3).
მოკლედ, მართლაც საინტერესო პაექრობა გველოდება, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით უნდა გავიდეს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც: როგორც თვითმხილველები ყვებიან, "ზესტაფონს" არცთუ სტუმართმოყვარე დახვედრა ჰქონია პირველ სათასო მატჩში. არადა, იმასაც შეგახსენებეთ, რომ ქუთაისში ჩატარებულ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 15000 მაყურებელი დაესწრო!
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი სიხარული სუფევდა 19 აპრილს ქუთაისის სტადიონზე, როცა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული გიორგი მეგრელაძის ერთადერთი გოლით "ტორპედომ" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. თანაც, უმაღლეს ლიგაში სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული "ტორპედო" ახლა საერთაშორისო ასპარეზზეც ფიქრობს დაბრუნებას; ოღონდ, გია გიგატაძის გუნდს ამისათვის, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა რჩება: თასის აღება! ანუ, "ტორპედომ": ჯერ ნახევარფინალის ბარიერი უნდა დაძლიოს, მერე კი ფინალშიც გაიმარჯვოს.
თუმცა, თეორიულად სხვა ვარიანტიც არსებობს: იმისათვის, რომ "ტორპედომ" ევროპის ლიგაზე იასპარეზოს, ჩემპიონატი IV ადგილზე უნდა დაასრულოს, ოღონდ "ზესტაფონი" ჩემპიონი ... ვერ უნდა გახდეს, მაგრამ, თასის ფინალში გაიმარჯვოს; ანუ, მოვლენების ასეთი განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ტორპედო" თასის გათამაშებას გამოეთიშება. თუმცა, ამდენ ვარაუდს, სჯობს დღევანდელ შეხვედრას დაველოდოთ, ორივე გუნდისთვის უპრინციპულესი რომ უნდა იყოს.
ვიტ ჯორჯია-გაგრა
საქართველოს თასის 21-წლიან ისტორიაში შარშან პირველად მოხდა, პირველი ლიგის გუნდმა (მარტვილის "მერანი") ნახევარფინალამდე რომ მიაღწია. და აი, წელს იმავე წარმატებას "გაგრამ" მიაღწია: უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილმა გუნდმა უკვე ორი სენსაცია მოახდინა და მესამე და მთავარ სენსაციამდეც ბევრი აღარაფერი უკლია.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში "გაგრამ" თითქმის შეუძლებელი შეძლო და პირველი მატჩის წაგების მიუხედავად, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "გაგრამ" თასის იმ ეტაპზე თბილისის "დინამოს" აჯობა! თუმცა, პირველი ლიგის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი და უმაღლესში აღზევების რეალური კანდიდატი მხოლოდ ამას არ დასჯერდა და პირველ ნახევარფინალურ მატჩში თასის მოქმედი მფლობელი "ვიტ ჯორჯია" მართლაც რომ სოლიდური ანგარიშით, 3:0 დაამარცხა ("დუბლი" აბაიომი ოვონიკოკომ შეასრულა, ერთი გოლიც შალვა კვანტალიანმა გაიტანა). თანაც, "გაგრას" დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი, უკრაინელი ლეგიონერები მიკოლა ნაკონეჩნი და ვლადიმირ ორდინსკი აკლდა, დღეს რომ უკვე გუნდს დაეხმარებიან.
მოკლედ, განმეორებითი მატჩის წინ "გაგრას" მართლაც სოლიდური ჰანდიკაპი აქვს - სამბურთიანი უპირატესობა პატარა ამბავი ნამდვილად არ არის. თუმცა, "ვიტ ჯორჯიას" მსგავსი სხვაობა ადრეც აღმოუფხვრია: შარშან, პირველი მეოთხედინალური მატჩი "ვეტერინარებმა" 0:3 წააგეს "ზესტაფონთან", თუმცა განმეორებითი შეხვედრის ძირითად დროში ძლიერი მეტოქის კარში ასევე სამი გოლი გაიტანეს, ერთიც დამატებითში მიაყოლეს და ჯერ ნახევარფინალში გავიდნენ, შემდეგ კი, კლუბის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ საქართველოს თასს.
ისე, "ვიტ ჯორჯიას" თამაშში ამ ბოლო დროს აშკარად პროგრესი იმჩნევა და, ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, გუნდის ძველ-ახალი მწვრთნელის, ზურაბ ბერიძის დამსახურებაა. საერთოდაც, "ვეტერინართა" ბოლოდროინდელ თამაშზე, ალბათ, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ გუნდის ირგვლივ განვითარებულმა ბოლოდროინდელმა ამბებმა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი უკანა პლანზე გადაწია. ისე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორ განწყობაზე იქნებიან დღევანდელ შეხვედრაში "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები...