საქართველოს თასი - სიურპრიზების მოლოდინი

AutoSharing Option
კვირა-დღეს ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის მატჩები ჩატარდა, დღეს სათასო დაპირისპირებებია, სამ დღეში მომდევნო ტურის შეხვედრებია, - ვერაფერს ვიტყვით, მართლაც "დაძაბულზე-დაძაბული და გადამღლელი" გრაფიკი აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს.

თუმცა, ეგ არაფერი - რვა დღის განმავლობაში სამ-სამი მატჩის ჩატარება ევროპაშიც აღარავის უკვირს და თანაც, ასეთი გრაფიკი ჩვენთან არცთუ ხშირად არის ხოლმე. ასეა თუ ისე, დღეს საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური მატჩები უნდა ჩატარდეს: უმაღლესი ლიგის ყველა (12-ვე) გუნდი და პირველი ლიგის 4 წარმომადგენელი მეოთხედფინალის საგზურებს გაითამაშებენ.

წინა წლის მსგავსად, მერვედფინალამდე უმაღლესი ლიგის გუნდებმა "სრული
შემადგენლობით" მოაღწიეს; ოღონდ, იმასაც შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ჩვენი ოთხივე გუნდი ("ზესტაფონი", "დინამო", "მეტალურგი", "გაგრა") საქართველოს თასის 1/16-ფინალისგან განთავისუფლებული იყო.

ახლა კი, მერვედფინალებიდან სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ და რაღა შორს მივდივართ, საქართველოს თასის წინა ორი გათამაშება გავიხსენოთ, როცა პირველი ლიგის გუნდები ნახევარფინალამდე (მარტვილის "მერანი") და ფინალამდეც ("გაგრა") კი აღწევდნენ. ეგ კი არა, წლეულს მართლაც განსაკუთრებული ფაქტი მოხდა: პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს თასის მფლობელი პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდი ("გაგრა") გახდა!

ისე, სიურპრიზები ვახსენეთ და ჩვენი ვარაუდით, შარშანდელისგან განსხვავებით, თასის ამ ეტაპზე ნაკლებ სენსაციებს უნდა ველოდოთ. საქმე იმაშია, რომ წლეულს მერვედფინალები ორმატჩიანია, მაშინ როცა შარშან ერთშეხვედრიანი დაპირისპირებები იყო. ანუ, პირველ სათასო პაექრობაში წაფორხილების შემთხვევაში ნებისმიერ გუნდს იმის შანსი რჩება, რომ განმეორებით მატჩში თავისთვის სასურველ შედეგს მიაღწიოს.

რაც მთავარია, მერვედფინალები ისეთ დროს ტარდება, რომ არა გვგონია, რომელიმე გუნდი არჩევანის წინაშე დადგეს; საამისოდ ჯერ მართლაც ძალიან ადრეა, აი, მერე კი (მეოთხედფინალებსა თუ, განსაკუთრებით ნახევარფინალებში), იცოცხლეთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, თასსა და ჩემპიონატს შორის პრიორიტეტების არჩევა რომ მომხდარა. იმედია, თასის ამ გათამაშებაში მსგავს ფაქტებს აღარ ვნახავთ და თამაშებიც სპორტული პრინციპების დაცვით ჩაივლის...

28.09.2011

"ბათუმი"-"ტორპედო" (ბათუმი, "ადელი") 16:00
"დინამო"-"დილა" (ბასა, ნაკრების ტექნიკური ცენტრი) 16:00
"ჭიათურა"-"ვიტ ჯორჯია" (ჭიათურა, ცენტრალური) 16:00
"ზესტაფონი"-"კოლხეთი" (ზესტაფონი, დ.აბაშიძე) 18:00
"ბაია"-"სიონი" (ზუგდიდი, გ. თუთბერიძე) 16:00
"ჩიხურა"-"მეტალურგი" (საჩხერე, ცენტრალური) 16:00
"მერანი"-"სპარტაკი" (მარტვილი, ცენტრალური) 16:00
"სულორი"-"გაგრა" (ვანი, ცენტრალური) 16:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული