დინამო-დილა 2:2
1:0 ჯიღაური (9, ჩისკოს პასით), 1:1 ჯოჯუა (14), 1:2 დ. ჩაგელიშვილი (78, ლ. ჩაგელიშვილის პასით), 2:2 კახელიშვილი (84, ჩისკოს პასით)
დინამო (4-3-3) დილა (4-3-3)
ზარქუა შეყრილაძე
შ. კაშია ლომიძე
ჰომოლა ქარქუზაშვილი
თომაშვილი მაჭავარიანი
რეხვიაშვილი ო. გველესიანი
ფირცხალავა ჯოჯუა
კოშკაძე ნემსაძე
ჯიღაური პ. ხორგუაშვილი
ჩისკო რაჟამაშვილი
იაგუე გ. თოდუა
კახელიშვილი დ. ჩაგელიშვილი
მწვრთნელი: ალექს გარსია მწვრთნელი გია ცეცაძე
დინამო
39. ფირცხალავა-კვეკვესკირი
60. კაშია-ოდიკაძე
71. კოშკაძე-ლექვთაძე
სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, ფანცხავა, კოტო, თექთურმანიძე
46. პ. ხორგუაშვილი-ვ. ხორგუაშვილი
73. ლომიძე-ლ. ჩაგელიშვილი
85. ნემსაძე-ნ. ნოზაძე
სათადარიგოები: მერლანი, ი. ბერაია, ბაქრაძე, სადაღაშვილი
გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (57), კვეკვესკირი (76), ნემსაძე (76), ჩისკო (86), ლ. ჩაგელიშვილი (89)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
სათასო დაპირისპირებების ხიბლი სწორედაც იმაშია, რომ თითქმის ნებისმიერ სტადიაზე რომელიმე გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება ძნელი საქმეა.
ეს "ტენდენცია" გუშინაც გაგრძელდა და ვინც ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩატარებული მატჩს დაესწრო, ნამდვილად არ უნანია: "დინამომ" და "დილამ" გულშემატკივრებს თვალსასეირო ფეხბურთი შესთავაზეს და წყვილში გამარჯვებულის გამოვლენა საპასუხო შეხვედრისათვის "გადადეს".
რა თქმა უნდა, უხვ გოლიანი თამაში (პლუს, ორივე გუნდის კართან შექმნილი აურაცხელი მომენტები) სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ისიც თვალშისაცემი იყო მთელი მატჩის განმავლობაში თუ როგორ უპატიებელ შეცდომებს უშვებდნენ "დინამოს" ფეხბურთელები. ეგ კი არა, მასპინძლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, თამაში მეტ-ნაკლებად მისაღები ანგარიშით რომ დაემთავრებინათ და ამაში, მნიშვნელოვანწილად, ჩისკოს საშემსრულებლო ოსტატობას უნდა უმადლოდნენ. ჰო, როგორც იქნა, გამოცდილმა ესპანელმა შემტევმა ის ფეხბურთი უჩვენა (განსაკუთრებით, მეორე ტაიმში), "დინამოს" ფანები რომ ელიან "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელისგან. აი, რაც შეეხება "დილას", უკვე მერამდენედ გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ ეს გუნდი ამ სეზონის მართლაც აღმოჩენაა და უფრო მეტიც: დღესდღეობით თუ ვინმე თამაშობს ყველაზე საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს, სწორედ გორელები არიან.
ბარაქალა ახალგაზრდა მწვრთნელს გია ცეცაძეს, ვისი შეგირდებიც ყველა მატჩში ძირითად აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებენ. ეგ კი არა, სეზონის დაწყებიდან თითქმის ორი თვეა გასული და ყველაზე უკეთესი შეტევითი პოტენციალი სწორედ "დილას" აქვს, - მნიშვნელობა არა აქვს, შინ თამაშობს თუ გარეთ, ან რომელ მეტოქესთან, ყველა შეხვედრაში ამ გუნდის სათამაშო კრედო მხოლოდ და მხოლოდ შეტევაა! ახლაც, ასეთ სოლიდურ მეტოქესთან მატჩში "დილამ" იმდენი სახიფათო მომენტი შექმნა, სხვები ალბათ, ამ ორი თვის განმავლობაში ვერც რომ იოცნებებდნენ. თუმცა, ისე არავინ გაიგოს, თითქოს გუშინ "ცალკარას" ვუყურებდით და მთელი შეხვედრა "დილას" საგრძნობი უპირატესობა ჰქონოდეს: "დინამოს" ფეხბურთელებმაც არაერთი ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს და ამ მართლაც თვალსასეირო მატჩში ერთ-ერთ გუნდს რომ მოეგო, არც ეს იქნებოდა მოულოდნელი!
ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წინა მატჩთან შედარებით თავისი გუნდის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა: დინამოელთა შორის 7 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, სტუმართა რიგებში კი - 4. ეს ამბავი ერთის მხრივ, გასაკვირვი არც უნდა ყოფილიყო: ჩემპიონატისა და თასის თამაშები ერთმანეთს "მიეწყო" და ალექს გარსიამ და მისმა ქართველმა კოლეგამ შემადგენლობის როტაცია, ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტეს.
...პირველ ტაიმში ორივე გუნდმა "გახსნილი" ფეხბურთი ითამაშა და ამიტომაც იყო, რომ მომენტი-მომენტს ცვლიდა. პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებისა იყო, როცა დავით რაჟამაშვილის ჩინებული პასის მერე პავლე ხორგუაშვილი შორეულ კუთხეში უმიზნებდა, მაგრამ ბურთი დინამოელთა კარს მცირე მანძილით აცდა. მასპინძელთა "პასუხმაც" არ დააყოვნა: ჩისკოს ჯარიმას იაგუეს თავური მოჰყვა, მაგრამ "დინამოს" ცენტრფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. თუმცა, დინამოელთა მომდევნო შეტევა შედეგიანიც იყო და ეფექტურიც: გიორგი კახელიშვილმა მარცხენა ფლანგზე გარღვევაზე ჩისკო გაიყვანა, ამ უკანასკნელის ზუსტი გამჭოლი გადაცემის შემდეგ კი ჯაბა ჯიღაურმა ბურთი სტუმართა კარში ზუსტად გადაგზავნა.
გაშვებული გოლის შემდეგ "დილამ" უფრო მედგრად შეუტია და რაჟამაშვილის მორიგი ჩინებული პასის მერე დავით ჩაგელიშვილს თუ ცოტა დააკლდა ანგარიშის გასათანაბრებლად, სამაგიეროდ ვლადიმერ ჯოჯუა კარგად გაერკვა მომდევნო შეტევაში და ზუსტადაც დაარტყა. მერე, ისევ ჩაგელიშვილი ურტყამდა შორი მანძილიდან სახიფათოდ - "დინამოს" ახალგაზრდა მეკარემ თორნიკე ზარქუამ სულ ბოლო მომენტში შეძლო ბურთის მოგერიება; იგივე განმეორდა იმ ეპიზოდშიც, როცა ამჯერად გია თოდუა ცდილობდა შორეული დარტყმით გოლის გატანას. ამ ყველაფერს უკვე დინამოელთა "გამოფხიზლება" მოჰყვა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ იღბალი ამჯერად სტუმართა მხარეს იყო: გიორგი რეხვიაშვილის ჩინებული რეიდის მერე ჯიღაურის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ჩისკოს "ერთი შეხებით" შესრულებული კი - ხარიხას!
ტაიმის ბოლო წუთებზე კვლავაც აქეთ-იქით შეიქმნა ერთი-მეორეზე სახიფათო მომენტები: სტუმართა ეფექტურ კომბინაციას დავით ჩაგელიშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი დინამოელთა კარის ძელს მოხვდა; შემდეგ კი ნიკა კვეკვესკირის ასაკთან შეუფერებელი დიდოსტატური პასიც ვნახეთ, როცა ჩისკო უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ბექა შეყრილაძეს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმი, პეირველთან შედარებით, "მშვიდი" გამოდგა, თუმცა 1-15 წუთი მოედანზე სტუმრები დომინირებდნენ: ჯერ ვაჟა ნემსაძემ, შემდეგ კი გია თოდუამ შორეული დარტყმებით სცადეს გოლის გატანა. დინამოელთა ესპანელმა თავკაცმა შეცვლებით სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის გამოსწორება, ზოგიერთ ფეხბურთელს ადგილიც შეუცვალა და ამან, მეტ-ნაკლები შედეგი გამოიღო. ყოველ შემთხვევაში, ჩისკოს ცენტრში "შემოწევის" შემდეგ, როგორც იქნა, ამ ესპანელი ფეხბურთელის შემტევი პოტენციალი ვიხილეთ. განსაკუთრებით კი ზუსტი პასები გვინდა აღვნიშნოთ, ჩისკოს თანაგუნდელები რომ გაჰყავდა დასარტყამ პოზიციაზე, მაგრამ ვერც იაგუემ და ვერც ჯიღაურმა ამ შანსით ვერ ისარგებლეს.
სამაგიეროდ, ჩინებულად გაისარჯა კახელიშვილი, რომელმაც ჩისკოს მორიგ დიდებულ პასს არანაკლებ ეფექტური გაგრძელება მოუძებნა და... ანგარიშიც გაათანაბრა. უფრო ზუსტად, "დინამო" წაგებისგან იხსნა: მანამდე ხომ დინამოს უკანახაზელთა მორიგი პოზიციური შეცდომით ენერგიულმა დავით ჩაგელიშვილმა ისარგებლა (სხვათა შორის, საგოლე პასი ტყუპისცალისგან, ლევან ჩაგელიშვილისგან მიიღო) და "ბასაზე" მართლაც ხმაურიანი სენსაციის სუნიც დატრიალდა.
"დინამომ" რომ ანგარიში გაათანაბრა, ძირითადი დროის დამთავრებამდე 6 წუთი რჩებობა და მასპინძლებმა ერთი-ორჯერ შეუტიეს კიდეც. სტუმართა სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ ანგარიშის თავისთვის საპატიო და სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე მისაღები ანგარიშის შენარჩუნება კი არ უცდიათ, პირიქით, ორი უმწვავესი შეტევაც განახორციელეს! თანაც, ყველაფერი მსაჯის მიერ დამატებულ 3 წუთში მოხდა, როცა ჯერ გია თოდუა 35 მეტრიდან ცდილობდა მეკარისაგან დაუცველ კარში ბურთის გადაგზავნას, სულ ბოლოს კი, მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის დავით რაჟამაშვილის მორიგი ჩინებული პასის მერე ნოდარ ნოზაძე მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ დინამოელები სენსაციურ მარცხს თორნიკე ზარქუამ გადაარჩინა.
გუშინდელი მატჩის შინაარსიდან გამომდინარე, "დილას" გამარჯვება სენსაცია სულაც არ იქნებოდა. "დინამოს" თამაშში კი, ტურიდან ტურამდე, უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"