მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 1:0 - იქნება ინტრიგა?

AutoSharing Option
24. 11. რუსთავი. "ფოლადი". 200 მაყურებელი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 1:0
1:0 სეთურიძე (22, ჯაფარიძის პასით)

მეტალურგი(4-2-3-1) ვიტ ჯორჯია (4-2-3-1)
ბედიაშვილი რეჭია
მახვილაძე გეთიაშვილი
კვახაძე გოგიაშვილი
კვარაცხელია ადამაძე
ჯაფარიძე ხუჭუა
რაზმაძე გურ. გურეშიძე
ქავთარაძე ვასაძე
სეთურიძე კორიფაძე
მიქაბერიძე გიორ. გურეშიძე
ი. მაისურაძე ზაქრაძე
ტატანაშვილი ჩიმაკაძე
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: რ. სვანაძე

მეტალურგი
46. რაზმაძე - დობროვოლსკი
62. მიქაბერიძე - მოდებაძე
79. სეთურიძე - გეწაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჭედია, გავაშელიშვილი, პავლიაშვილი

ვიტ ჯორჯია

53. კორიფაძე - კასრაძე
75. ზაქრაძე - ღანიაშვილი
87. ხუჭუა - ვაშაკიძე
სათადარიგოები: სვანაძე, კუხალეიშვილი, სიხარულიძე, ხურცილავა
გაფრთხილება: მიქაბერიძე (27), ადამაძე (63), ქავთარაძე (82)
არბიტრი:
ლ. სილაგავა

გუშინდელ მატჩში მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობით "მეტალურგმა" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალში მოსახვედრად;

რა თქმა უნდა, განმეორებით შეხვედრაში ახალგაზრდა "ვეტერინარები" თავისზე ბევრად გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს ბოლომდე შეებრძოლებიან, მაგრამ თუ გუშინდელი მატჩის მსგავსად "შებოჭილად" ითამაშეს, მაშინ, მართლაც უშანსოდ იქნებიან.

ისე, ძნელი სათქმელია, თუ როგორ წარიმართებოდა გუშინდელი შეხვედრა, სტუმრებს ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეასპარეზათ: მანამდე ძირითადის "მყარ" ფეხბურთელებად რომ მიიჩნეოდნენ (დავით ხურცილავა, რევაზ ღანიაშვილი, ლაშა კასრაძე), ამჯერად სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, მეკარე გიორგი ძაძამია და გუნდის კაპიტანი გიორგი ჯანელიძე კი, საერთოდ, განაცხადშიც არ იყვნენ.

"ვეტერინარებს" სხვა დანაკლისიც ჰქონდათ: მატჩის წინა დღეს სამწუხარო ამბავი შეემთხვა "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელს ზურაბ ბერიძეს (ძმა გარდაეცვალა) და "მეტალურგთან" შეხვედრაში სტუმრებს მისი ასისტენტი, ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე მოძღვრავდა. რაც შეეხება მასპინძლებს, წინა მატჩთან შედარებით კობა ჟორჟიკაშვილმა ორი ცვლილება მოახდინა: გიორგი ქავთარაძე და გიორგი სეთურიძე ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდნენ.

მართლაც "არანორმალურად" სუსხიან ამინდში ჩატარებული გუშინდელი მატჩი მთლიანად მასპინძელთა "კარნახით" მიმდინარეობდა; ყოველ შემთხვევაში, წინა შეხვედრასთან ("გაგრასთან") შედარებაც არ შეიძლებოდა, - "მეტალურგის" ფეხბურთელებს გუშინ მონდომება ნამდვილად არ დაეწუნებოდათ და გუნდმაც ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლების თამაშში თვალშისაცემი იყო ბურთის ხანგრძლივი გათამაშებაც და ის ფაქტიც, მეტოქეს კომბინაციური ფეხბურთი რომ დაუპირისპირეს. პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ ასეთ ხანგრძლივ შეტევას მოჰყვა, თუმცა გიორგი მიქაბერიძის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ამის შემდეგ იყო ის ეპიზოდიც, სტუმრები პენალტს რომ ითხოვდნენ; თუმცა როგორც ტრიბუნაზე მყოფმა კომპეტენტურმა პირმა გვითხრა, ის შემთხვევა ყოფილა, რომ "ბურთმა მოძებნა ხელი".

მოკლედ, სტუმართა პროტესტი ამაო გამოდგა და ამ ეპიზოდიდან ათიოდ წუთში შეხვედრის პირველი და, როგორც შემდგომ გაირკვა, უკანასკნელი გოლიც გავიდა; თანაც, გოლიც ეფექტური იყო და, საერთოდ, კომბინაციაც: ირაკლი მაისურაძემ ქუსლით ჩინებული პასით მარცხენა ფლანგზე ლაშა ჯაფარიძე მოძებნა; ამ უკანასკნელის გამჭოლ გადაცემას სტუმართა საჯარიმოში მცირე არეულობა მოჰყვა და საბოლოო დარტყმა კი გიორგი სეთურიძემ მართლაც მოხდენილად შეასრულა.

სხვათა შორის, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც მოეჩვენებოდა ბევრს ის ფაქტი, როცა "მემარჯვენე" სეთურიძემ "ცაციათი" ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" რომ ჩაახვია.

პირველი ტაიმის ბოლომდე მასპინძლები შორი მანძილიდან ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ ირაკლი მაისურაძის დარტყმები მცირეოდენ არაზუსტი იყო, გიორგი მიქაბერიძის "გასროლილი" კი ჯინო რეჭიამ მოიგერია. შესვენების შემდეგ თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნებოდა. ყველაზე რეალური შანსი დენის დობროვოლსკის ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი სტუმართა მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა (სხვათა შორის, ამ ეპიზოდმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - "მეტალურგის" ფეხბურთელები მიიჩნევდნენ, რომ სტუმართა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა).

ამის შემდეგ ირაკლი მოდებაძემ შეუტია რამდენჯერმე სტუმართა კარს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ისე, ერთ ეპიზოდში "ვიტ ჯორჯიასაც" შეეძლო ეხეირა - მასპინძელთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა, მაგრამ გურამ ადამაძემ თავით ზუსტად ვერ დაარტყა.

დაბოლოს, ერთ ფაქტზეც, მასპინძელთა ქომაგებს რომ გაახარებდათ: არცთუ ხანმოკლე პაუზის შემდეგ "მეტალურგს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რევაზ გეწაძე დაუბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული