ზესტაფონი VS დილა - საქართველოს თასის ფინალის წინათქმა

AutoSharing Option
26 მაისს, 19:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2011/12 წლების სეზონის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ჩემპიონი "ზესტაფონი" და გორის "დილა" წარსდგებიან.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.

დილა

როგორც არ უნდა დასრულდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი მატჩი, გორის "დილასთვის" ეს სეზონი ყველაზე წარმატებული იქნება კლუბის ისტორიაში: ჩემპიონატში V ადგილი და თასის ფინალში გასვლა გუნდისთვის საუკეთესო შედეგია!

არადა, აქამდე მხოლოდ ორჯერ (1998, 2004) იყო, "დილამ" ნახევარფინალამდე რომ მიაღწია და აი, კლუბის ისტორიაში პირველ ტიტულამდე
ერთადერთი მატჩიღაა დარჩენილი!

...ძნელი სათქმელია, თუ რა შედეგს უჩვენებდა "დილა", უშუალოდ სეზონის მსვლელობაში კლუბს "სერიოზული პატრონი" რომ არ გამოსჩენოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღესდღეობით "დილაში" ისეთმა კვალიფიციურმა ფეხბურთელება მოიყარეს თავი, ამ გუნდისგან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას უნდა ველოდოთ.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ფინალამდე "დილა" სხვადასხვა მწვრთნელებმა მოიყვანეს. 1/16-ფინალში გუნდს გია ცეცაძე მოძღვრავდა და პირველი ლიგის "აეტთან" "დილას" პრობლემა არ შექმნია. აი, მერვედფინალში კი თასის ამ გათამაშების ყველაზე "ხმაურიანი" სენსაცია მოხდა: "დილამ" ორი მატჩის ჯამში თბილისის "დინამო" გამოთიშა ასპარეზობას!

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩატარებულ პირველ მერვედფინალურ მატჩში "დილას" გია ცეცაძე ხელმძღვანელობდა, საპასუხო შეხვედრაში კი (ყოვლად შეუფერებელ "ქართლის" სტადიონზე რომ გაიმართა) გორელთა გუნდი მოედანზე რამაზ სოღოლაშვილმა გამოიყვანა.

თუმცა, სამწვრთნელო როტაცია ამით არ დამთავრებულა: მეოთხედფინალში "დილას" მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე გახლდათ, ნახევარფინალში კი (ისე როგორც - დღეს) - თემურ შალამბერიძე!

"დილა" თავის არსებობაში პირველად არის თასის ფინალში გასული, მაგრამ გუნდში ისეთი ფეხბურთელებიც ირიცხებიან, ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება რომ გააჩნიათ. უპირველესად, შოთა კაშია უნდა აღვნიშნოთ: 27 წლის უნივერსალს ორჯერ აქვს თასი მოპოვებული, ერთხელაც ფინალში დამარცხდა;

სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში თასის ფინალში თითო-თითოჯერ გაუმარჯვიათ: ლაშა სალუქვაძეს, გიორგი კახელიშვილსა და გიგა ბეჭვაიას. აი, მათე ვაწაძე კი მეორე ცდაზე შეეცდება თასის მოგებას...

დილას გზა ფინალამდე
1/16 ფინალი
აეტი-დილა 0:2
გოლები: გ. თოდუა, ლ. ჩაგელიშვილი

დილა-აეტი 3:0
გოლები: ნ. ნოზაძე, ვ. ნემსაძე, ი. ბერაია

1/8 ფინალი
დინამო-დილა 2:2
გოლები: ვ. ჯოჯუა, დ. ჩაგელიშვილი

დილა-დინამო 0:0

1/4 ფინალი
ბაია-დილა 2:2
გოლები: რ. გოგინაშვილი, ვ. ხორგუაშვილი

დილა-ბაია 5:2
გოლები: დ. რაჟამაშვილი, დ. ჩაგელიშვილი, რ. ახალკაცი (2), პ. ხორგუაშვილი

1/2 ფინალი
გაგრა-დილა 1:2
გოლები: ვაწაძე (2)

დილა-გაგრა 0:1

ზესტაფონი
1990 წლიდან მოყოლებული, ჩვენთან "მარადიული ფავორიტის" სტატუსი ერთადერთ გუნდს, თბილისის "დინამოს" ჰქონდა; თუმცა, ამ ბოლო დროს (ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც) "ესტაფეტა" სხვა გუნდმა გადაიბარა და სწორედ "ზესტაფონია" ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართული კლუბი.

არადა, გუნდი მხოლოდ 8 წელიწადია, რაც არსებობს და კლუბის უცვლელი პრეზიდენტის ილია კოკაიას დამსახურებით "ზესტაფონმა" ასეთ პროგრესს მიაღწია. შედეგიც სახეზეა: ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტული და "დუბლის" შესრულების მშვენიერი შანსი!

სხვათა შორის, 2003 წლის მერე ჩვენთან "დუბლი" არც ერთ გუნდს აღარ შეუსრულებია - ივო შუშაკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" იმდროინდელი წარმატების გამეორების მშვენიერი შესაძლებლობა კი ახალგაზრდა მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს ექნება.
თუმცა, 26 მაისს გასამართი თასის ფინალი როგორც არ უნდა დამთავრდეს, დებიუტანტი მწვრთნელის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს.

საჩემპიონო ტიტულის (ანუ, სასურველი შედეგის) გარდა, ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონს" თამაშის სტილი არ შეუცვლია და ერთგულ ქომაგებს კვლავაც შემტევი ფეხბურთით ანებივრებს. ანუ, "ზესტაფონის" ახალმა და ახალგაზრდა მწვრთნელებმა (ჭიაბრიშვილისა და გიორგი ყიფიანის "ტანდემმა") ის კურსი გააგრძელეს, ბოლო წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა სპეციალისტმა გია გეგუჩაძემ რაც დაიწყო.

ისე, წლევანდელი თასის გათამაშების კულმინაცია, რაღა თქმა უნდა, ფინალური მატჩია, მაგრამ ბევრი დაგვეთანხმება, რომ ყველაზე გამორჩეული მეოთხედფინალში "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება იყო.

ქუთაისური მატჩიც მშვენიერი სანახავი იყო (გეხსომებათ, ალბათ, თუ როგორ შთამბეჭდავად ითამაშა "ტორპედოს" მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა), მაგრამ საპასუხო შეხვედრა ბევრად უფრო საინტერესო და დრამატული გამოდგა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონმა" ორივე გოლი ხომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაიტანა!

...2008 წელს ზედიზედ სამი (!) წაგებული ფინალის შემდეგ "ზესტაფონმა" შეძლო და საქართველოს თასი მოიპოვა; იმ შემადგენლობიდან გუნდში როინ კვასხვაძე, ედიკ საჯაია და გიორგი ხიდეშელი არიან დარჩენილნი; თუმცა ამათ გარდა, "ზესტაფონში" ისეთი ფეხბურთელებიც არიან, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში რომ უზეიმიათ თასის მოპოვება: გიორგი ონიანი ("ლოკომოტივი"), შოთა გრიგალაშვილი ("დინამო"), რატი წინამძღვრიშვილი ("ამერი"), ლევან შარიქაძე, აბაიომი ოვონიკოკო (ორივე - "გაგრა").

დაბოლოს, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეც: დავით მუჯირი საქართველოს თასის ფინალში 14-წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს!

ზესტაფონი გზა ფინალამდე
1/8 ფინალი
ზესტაფონი-კოლხეთი 2:1
გოლები: ჯ. დვალი (2)

კოლხეთი-ზესტაფონი 0:0

1/4 ფინალი
ტორპედო-ზესტაფონი 1:1
გოლი: ჯ. დვალი

ზესტაფონი-ტორპედო 2:1
გოლები თ. გორგიაშვილი, ა. ბენაშვილი

1/2 ფინალი
ზესტაფონი-მეტალურგი 1:1
გოლი: ჯ. დვალი

მეტალურგი-ზესტაფონი 0:1
გოლი: თ. გორგიაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

გიორგი ჭიაბრიშვილი: ფინალის ბედს გუნდური თამაში გადაწყვეტს
თემურ შალამბერიძე: ძნელი მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა
გიორგი ონიანი: დუბლის შესრულების შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ
თორნიკე გორგიაშვილი: თასის ფინალში ღია და სანახაობრივ ფეხბურთს ველოდები
ზურაბ არზიანი: ელოდეთ სანახაობას
მათე ვაწაძე: "ზესტაფონის" დაცვა საქართველოში საუკეთესოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული