ახალი
გაგრა-დინამო
ბოლო წლების ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და მეოთხედფინალში პირველი ლიგის გუნდმა კვლავაც გააღწია (თუმცა, შარშან მარტვილის "მერანი" სულაც ნახევარფინალამდეც მივიდა). "გაგრასა" და "დინამოს" დაპირისპირება ამ მეოთხედფინალებიდან ერთერთი ყველაზე საინტერესო უნდა გამოდგეს: მიუხედავად სხვადასხვა დონეზე ასპარეზობისა, ორივე გუნდს საკმარისზე მეტი ამბიცია გააჩნია. აღარაფერს ვამბობთ მოტივაციაზე: ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი განწყობით ითამაშებენ "გაგრას" ფეხბურთელები ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წინააღმდეგ.
"გაგრა" საქართველოში ერთერთი ყველაზე ახალი გუნდია და მხოლოდ მეხუთედ მონაწილეობს თასის გათამაშებაში. აქამდე საუკეთესო შედეგი 2008 წელს ჰქონდა, როცა მერვედფინალამდე გააღწია, ახლა კი კლუბის ხანმოკლე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს. თასის წლევანდელ გათამაშებაში "გაგრამ" ჯერ "ნორჩი დინამოელი" გამოთიშა ასპარეზობას, მერვედფინალში კი ოვონიკოკოს ერთადერთი გოლით ფოთის "კოლხეთს" აჯობა. ოვონიკოკოს გარდა "გაგრაში" კიდევ ორი ლეგიონერია: უკრაინელები მიკოლა ნაკონეჩნი და ვლადიმირ ორდინსკი. ეს უკანასკნელი გუნდს ამ სეზონში შეუერთდა და აქვე, ბარემ კლუბის კიდევ ერთი ლეგიონერიც უნდა ვახსენოთ - მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი. გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი "გაგრაში" წინა სეზონის მიწურულს მივიდა. მანამდე კი მეტ-ნაკლები წარმატებით რუსთავის "ოლიმპს" წვრთნიდა. სხვათა შორის, 2008 წლის 23 თებერვალს სწორედ პისკოვეცის ხელმძღვანელობით შესძლო "ოლიმპმა" სტუმრად "დინამოს" დამარცხება; არადა, რუსთავის გუნდები "დინამოს" სტუმრად დამარცხებას 18... წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. უმაღლეს ლიგაში "გაგრა" და "დინამო" ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული შეხვედრებში ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მხარეს არის: 5 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.
"გაგრასთვის" მეოთხედფინალში გასვლა თუ უდიდესი მიღწევაა, "დინამოს" წინაშე (თასი იქნება თუ ჩემპიონატი) მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მიზნები დგას. არც ის უნდა უკვირდეს ვინმეს, "დინამო" ამჯერადაც თასის მოსაპოვებლად რომ იქნება შემართული; გასაგებია, გუნდის (გნებავთ, კლუბის) ირგვლივ ერთობ არასასიამოვნო აჟიოტაჟია ატეხილი (დღემდღე გაურკვეველია, ვინ იქნება "დინამოს" მეპატრონე), მაგრამ ამ სიტუაციაშიც მიზანი უცვლელი რჩება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს თასის 20-წლიან ისტორიაში მხოლოდ ხუთი შემთხვევა იყო, "დინამომ" ნახევარფინალის საგზური რომ ვერ მოიპოვა.
წლევანდელ გათამაშებაში "დინამო" მერვედფინალიდან ჩაერთო და სტუმრად დიდი ანგარიშით (4:0) საჩხერის "ჩიხურა" დამარცხა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი მატჩი, "დინამომ" ახალი მწვრთნელის თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით რომ ჩაატარა.
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
"ვიტ ჯორჯია" ქართულ ფეხბურთში 12 წლის წინათ "შემოიჭრა" (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ კლუბადაც ჩამოყალიბდა. ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, საპრიზო ადგილებზეც არაერთხელ გასულა, მაგრამ აი, თასის გათამაშებაში საბოლოო წარმატების მისაღწევად მუდამ მცირედი აკლდებოდა - ხუთჯერ მოხდა, როცა გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა. და აი, წინა გათამაშებაში, როგორც იქნა, ნავსი გატყდა: "ვიტ ჯორჯიამ" პირველად მოიპოვა საქართველოს თასი (თან, ფინალში ბოლო წლების ერთ-ერთი უპრინციპულესი მეტოქე თბილისის "დინამო" დაამარცხა)...
თასის მოქმედი მფლობელი, ალბათ, ახალ გათამაშებაშიც შეეცდება წარმატების გამეორებას; მართალია, ფინალურ მატჩში მოასპარეზე ფეხბურთელთა უმრავლესობა ამჯერად სხვა გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ვინც დარჩნენ პლუს დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებული ახალგაზრდები არანაკლები მოტივირებულები იქნებიან. მერაბ კოჭლაშვილის გუნდი თასის ამ გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო და უმძიმესი ბრძოლა გადახდა პირველი ლიგის "სქურთან" (წალენჯიხა). შეგახსენებთ, რომ "ვეტერინარებმა" მხოლოდ დამატებით დროში შესძლეს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა (თავი ბექა ზაქრაძემ გამოიჩინა). აი, "სპარტაკს" კი უფრო მეტი ეტაპის გავლა დასჭირდა: მეთექვსმეტედფინალში სტუმრად ხაშურის "ივერიას" მოუგო (1:0), მერვედფინალში კი შინ ასევე მინიმალური ანგარიშით "სამტრედიას" აჯობა (გოლი თეიმურაზ შონიამ გაიტანა). სხვათა შორის, მეტად "უცნაური" მატჩი იყო: სტუმართა მეკარემ კახა ჯინჭარაძემ ორი პენალტი მოიგერია!
"სპარტაკი" თასის გათამაშებაში მეოთხედ მონაწილეობს და საუკეთესო შედეგი ნახევარფინალში გასვლა იყო: ამ გაზაფხულზე ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ორრაუნდიან დაპირისპირებაში თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა.
"სპარტაკისა" და "ვიტ ჯორჯიას" საჩემპიონო დაპირისპირებებში აშკარა უპირატესობას "ვეტერინარები" ფლობენ; ეგ კი არა, ამა წლის 21 ნოემბრამდე ჩატარებულ შეხვედრამდე "ვიტ ჯორჯიას" მეტოქისათვის 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფრედ. და აი, სულ ახლახანს, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ბადრი კვარაცხელიას დამოძღვრილმა "სპარტაკმა" პირველად შესძლო "ვეტერინართან" დამარცხება (თან, სტუმრად). უნდა ვაღიაროთ, რომ მატჩის ერთადერთი გოლიც კურიოზული გავიდა და საერთოდაც, იმ შედეგმა, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ეჭვები გააჩინა. აი, წერილის დასაწყისში რომ ვსაუბრობდით... "პრიორეტეტების არჩევაზე", დაახლოებით ამდაგვარი სიტუაცია იყო. არც იმას დავმალავთ, რომ ძალიან გვინდა ყოველივე ამაში ვცდებოდეთ...
სიონი-ტორპედო
"ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკის" მსგავსად, "სიონმა" და "ტორპედომაც" წინა ტურში ითამაშეს ერთმანეთთან, ოღონდ ამ შემთხვევაში "დასაეჭვებელი" არც არაფერი იყო - მეტოქეები ერთმანეთს უგოლო ფრით დაშორდნენ (ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ქუთაისური მატჩიც, პირველ წრეში რომ ჩატარდა). თუმცა, ამ აშკარად თანაბარ წყვილზე "სათასო კუთხით" უნდა ვისაუბროთ; მით უფრო, რომ ორივე გუნდი საქართველოს თასის გათამაშების სტაჟიანი მონაწილეებიც არიან, და, რაც მთავარია, გარკვეული წარმატებებითაც თავს მოიწონებენ. ეს, უპირველესად, "ტორპედოზე" ითქმის, - ორჯერ თასი რომ მოიპოვა და სამჯერ კი ფინალისტობას დასჯერდა. ქუთათურთა პირველი სათასო ტრიუმფი 11 წლის წინათ იყო, როდესაც ფინალში მეზობლებს, წყალტუბოს "სამგურალს" პენალტების სერიაში აჯობეს. ამის მერე "ტორპედოს" მართლაც "ოქროს ხანა" დაუდგა: გუნდი სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ოთხჯერ თასის ფინალში გავიდა. 1999-2004 წლებზეა საუბარი და ერთადერთი შემთხვევა, "ტორპედო" ფინალში რომ ვერ გავიდა, 2003 წელს იყო, როდესაც ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ნახევარფინალში... "სიონს" ვერ აჯობა! სწორედ მაშინ შედგა "ტორპედოსა" და "სიონის" პირველი სათასო დაპირისპირება, ბოლნისელებს ფინალის საგზური რომ მოუტანა.
სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში "ტორპედომ" შეძლო რევანშის აღება და ოთარ გაბელიას დამოძღვრილმა გუნდმა საბოლოოდ ფინალამდეც მიაღწია. სამწუხაროდ, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში "ტორპედო" ვერც ჩემპიონატში და ვერც თასზე ღირებულს ვერაფერს უჩვენებდა. ამ გათამაშებაში ქუთათურებმა ჯერ ოზურგეთის "მერცხალს" მოუგეს (4:0), მერვედფინალში კი გია გიგატაძის გუნდმა მხოლოდ დამატებით დროში შეძლო "ბაიას" ძლევა. რაც შეეხება "სიონს", პირველ ეტაპზე "ზოოვეტთან" პრობლემა თუ არ ჰქონია, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მერვედფინალში მარტვილის "მერანთან" დაპირისპირებაზე: დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის შეგირდებმა მხოლოდ პენალტების სერიაში აჯობეს პირველი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.
"ტორპედოს" მსგავსად, "სიონი" საქართველოს თასზე პირველ გათამაშებიდან მონაწილეობს. მისი მიუხედავად, რომ გუნდი იმ დროს უმაღლეს ლიგაში არ ასპარეზობდა, თასზე გარკვეულ წარმატებებს აღწევდა და რამდენჯერმე მეოთხედფინალშიც გააღწია. საუკეთესო შედეგი კი 2003 წელს ჰქონდა: თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ფინალში გავიდა და იქ ივო შუშაკის "დინამოსთან" დამარცხდა. ამის მერე ზედიზედ ორჯერ (2006, 2007 წლებში) "სიონი" ნახევარფინალამდე აღწევდა, მაგრამ ორივეჯერ თბილისის "ამერთან" მარცხდებოდა...
ზესტაფონი-ოლიმპი
ზემოთ აღვნიშნეთ, მეოთხედფინალებში "ფავორიტისა" და "აუტსაიდერის" სტატუსს ვერც ერთ გუნდს მივანიჭებთ-თქო და უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ამ წყვილს ვგულისხმობდით. უფრო მეტიც: მეოთხედფინალების ყველაზე მთავარი ინტრიგა სწორედ "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" შეხვედრა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ორი მართლაც გამორჩეული გუნდის დაპირისპირება უფრო გვიან სტადიაზე (ვთქვათ, ფინალში) რომ გვეხილა, ალბათ, ბევრად უკეთესი იქნებოდა. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ორივე ეს ამბიციური გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და ესეც დამატებით ინტრიგას მატებს "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" დაპირისპირებას. სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა ქართველ გულშემატკივარს "პირველი არხის" საშუალებით ექნება. არადა, მართლაც ვერ გაგვიხსენებია, თუ როდის იყო ბოლოს მეოთხედფინალური მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი...
დღევანდელი მეტოქეები თასის ამ გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაებნენ, თუმცა "ოლიმპს" თუ არ გასჭირვებია "ლოკომოტივის" დამარცხება, აი, "ზესტაფონს" კი ნამდვილად მძიმე მატჩი ჰქონდა ერთ დროს ჭეშმარიტად "სათასო გუნდად" მიჩნეულ ბათუმის "დინამოსთან". სწორედ ის პერიოდია, გია გეგუჩაძის გუნდს გარკვეული კრიზისი რომ დაეწყო: ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში "ზესტაფონმა" მხოლოდ 1 ქულა მოაგროვა; თუმცა ჯაბა დვალის გადამწყვეტმა გოლმა მეოთხედფინალის საგზური "ზესტაფონს" მოუტანა და გუნდიც ამ სტადიაზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა. აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ასევე ზედიზედ სამი წელიწადი "ზესტაფონი" ფინალში მარცხდებოდა და მხოლოდ მეოთხე ცდაზე, 2004 წელს შეძლო საპატიო ტიტულის მოპოვება.
"ოლიმპი" თავის ხანმოკლე ისტორიაში მეხუთედ ასპარეზობს საქართველოს თასის გათამაშებაში და საუკეთესო შედეგი 2009 წელს ფინალში გასვლა იყო. თუმცა, რუსთაველ ქომაგებს იმ მატჩის გახსენება, ალბათ, არასდროს ესიამოვნებათ: პენალტების სერიაში "ოლიმპის" ფეხბურთელებმა ვერც ერთი თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ დაარტყეს. თუმცა, უარესი იმედგაცრუება შარშან იყო, როცა "ოლიმპი" მერვედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას - სტუმრად პირველი ლიგის "ჩიხურასთან" დამარცხდა. "ოლიმპი" და "ზესტაფონი" ამ სეზონში (ჩემპიონატის მატჩებს ვგულისხმობთ) უკვე ოჯერ შეხვდნენ და მეტოქეებმა ერთნაირი ანგარიშით (1:0) გაიმარჯვეს. რაც შეეხება სათასო დაპირისპირებებს, ასეთი მხოლოდ ერთხელ იყო: 2007-08 Oწლების სეზონში "ზესტაფონმა" ორივე ნახევარფინალური მატჩი მოუგო "ოლიმპს"...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"