დაშლა-არმოშლა... მაფიოზურად

AutoSharing Option
12 წელიწადია, "ვიტ ჯორჯია" რაც არსებობს და ამ დროის განმავლობაში გუნდის ნებისმიერი წარმატება კლუბის უცვლელი პრეზიდენტის გურამ რუხაძის მიერ გატარებული ჭკვიანურ საკლუბო პოლიტიკას უკავშირდება. ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ბოლო წლების ყველაზე წარმატებული და სტაბილური ქართული გუნდი ერთადერთია საქართველოში, რენტაბელობით თავს რომ მოიწონებს. ანუ, კლუბი წამგებიანი არ არის, მსგავს პრეცედენტს კი ქართულ ფეხბურთში ნამდვილად ვერ ვიხსენებთ, ისევე როგორც იმ ფაქტს, ამ 12 წლის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტს ვინმეზე ან რამეზე უკმაყოფილება საჯარო და ხმაურიანი პროტესტით გამოეხატოს.

ჰო,
აქამდე არ ყოფილა, აი, გუშინ კი პირველად ვნახეთ: მატჩის დასრულებისთანავე, ვიდრე, მსაჯთა ბრიგადა გასახდელს მიაშურებდა, რუხაძე და "ვეტერინართა" კლუბის სხვა ხელმძღვანელები აღშფოთებას არ მალავდნენ არბიტრთა ქმედებების გამო. "მაფიოზები ხართ", "გუნდს ძალით გვიშლით", "აი, ნახეთ თუ არ დაგშალოთ" - აი, ასეთი და სხვა შეძახილებით გააცილეს "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელებმა მსაჯები გასახდელში. არადა, მატჩის თითქმის უმეტესი ნაწილი (კონკრეტულად, იმ დრომდე, ვიდრე მასპინძლები მეორე გოლს გაიტანდნენ), მსაჯობით უკმაყოფილებას... "სპარტაკის" ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ ხელმძღვანელები გამოთქვამდნენ. მოკლედ, გვარიანად ნერვული და ემოციური ფინალი ჰქონდა ამ სათასო დაპირისპირებას; თამაშის შინაარსითაც და სანახაობრივი მხარითაც არაფერი საერთო რომ არ ჰქონდა სულ ახლახანს ამავე გუნდების მონაწილეობით ჩატარებულ ჩემპიონატის კალენდარულ შეხვედრასთან.

მატჩის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, მანამდე კი ჯერ უშუალოდ ამ საინტერესო შეხვედრის პერიპეტიებზე ვისაუბროთ. საწყისი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის დასაწყისშივე "ვიტ ჯორჯიას" გოლის გატანა შეეძლო: ირაკლი კლიმიაშვილის პასის მერე გიგა ბეჭვაია თავით უცვლიდა ბურთს მიმართულებას, მაგრამ "სპარტაკის" გამოცდილმა მეკარემ სოსო გრიშიკაშვილმა ბოლო მომენტში შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა. მალე, ისევ კლიმიაშვილის ფლანგური გადაცემა ვიხილეთ, მაგრამ ბესიკ ჩიმაკაძის თავური დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. "სპარტაკი" კი ერთადერთხელ დაემუქრა მასპინძელთა კარს, როცა შოთა კაშიას გრძელი გადაცემის შემდეგ ახალგაზრდა გიორგი ბაბულაიძემ არაზუსტად დაარტყა. თუმცა, პირველ ტამში გოლი მაინც ვიხილეთ: სტუმართა ცენტრალურ მცველს ბადრი ტეტუნაშვილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და შეხვედრის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, რომელიც გიგა ბეჭვაიამ ზუსტად შეასრულა. ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის ირაკლი კლიმიაშვილის შორეული დარტყმა (ერთობ უცნაური ტრაექტორია რომ ჰქონდა) გრიშიკაშვილმა მოიგერია.

კლიმიაშვილის მსგავსად ამ მატჩს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა, შეხვედრის მიწურულს... ანტიგმირი რომ გახდა: "სპარტაკის" გამთამაშებელმა ვალერი ბოლქვაძემ კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა! პირველ ტაიმში ორჯერ ჩინებული ასისტენტობა გაუწია თანაგუნდელს, მაგრამ მასპინძლები ორივეჯერ გადარჩნენ და ორივეჯერ თეიმურაზ შონიას შეეძლო თავის გამოჩენა: ჯერ გიორგი ძაძამიამ ითამაშა ჩინებულად და მეტად რთული ბურთი მოიგერია, ტაიმის ბოლო წუთზე კი "სპარტაკი" იღბალმა დააღალატა. ასისტენტობის გარდა ბოლქვაძემ ინდივიდუალური ოსტატობაც არაერთხელ გამოავლინა (ერთი-ორ ეპიზოდში, ალბათ, ზედმეტიც მოუვიდა) და მეორე ტაიმის დასაწყისში ეფექტური საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ გიორგი ძაძამიამ ამჯერადაც მშვენიერი რეაქცია გვიჩვენა. "სპარტაკის" გააქტიურებას მასპინძელთა საპასუხო შეტევები მოჰყვა და გრიშიკაშვილმა ჯერ ლაშა კასრაძეს არ დაანება გოლის გატანა, შემდეგ კი - ირაკლი კლიმიაშვილს. თუმცა, სტუმართა გამოცდილი მეკარე ერთ ეპიზოდში გამოსვლაზე შეცდა და "ვიტ ჯორჯიას" ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ დაუცველ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მატჩის დამთავრებამდე 11 წუთიღა რჩებოდა და ძნელად იფიქრებდა ვინმე, ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრები თუ ასე გააქტიურდებოდნენ. "სოლოს" კი, ისევ და ისევ, ვალერი ბოლქვაძე ასრულებდა: მართლაც მშვენიერი სანახავი იყო, თუ როგორი დიდოსტატური პასი გაუკეთა თანაგუნდელს, მაგრამ ტიერი კლოვისმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.

ბოლქვაძემ ამის შემდეგ ბოიომოს გაუწია ასისტენტობა, მაგრამ მასპინძლები ამჯერად ძელმა იხსნა. ბოლოს და ბოლოს, სტუმართა აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მატჩის ბოლო წუთზე პენალტი ამჯერად უკვე მასპინძელთა კარში დაინიშნა, რომელიც ეფექტურად (უფრო ზუსტად მეკარეებისათვის დამამცირებლად - აი, მოკლე გამორბენით, ბურთს თავზე რომ გადაუგდებენ-ხოლმე) ვალერი ბოლქვაძემ შეასრულა. "სპარტაკს" თამაშის გადასარჩენად კიდევ 5 წუთი ჰქონდა (სწორედ ამდენი დაამატა შეხვედრას არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ), მაგრამ ბოლქვაძემ გოლი მეტისმეტად ემოციურად აღნიშნა, რასაც ლამის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. განსაკუთრებით, სათადარიგოთა სკამზე მყოფნი "აქტიურობდნენ", რომლებთაც ორივე გუნდის... 
სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც არ ჩამორჩნენ; ყოველ შემთხვევაში, "სპარტაკის" თავკაცს ბადრი კვარაცხელიასა და "ვიტ ჯორჯიას" მეორე მწვრთნელს ზურაბ ბერიძეს ერთმანეთთან "თბილი და პროფესიული" დიალოგი ნამდვილად არ ჰქონიათ.

ბოლქვაძის და "სპარტაკის" ფეხბურთელთა გაღიზიანება, სავარაუდოდ, მთელი მატჩის განმავლობაში ტრიბუნიდან წამოსული შეძახილი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არავის ესიამოვნება, როცა 90 წუთის მანძილზე ტრიბუნიდან ერთი და იმავე პიროვნებისგან მეტოქისთვის გამამხნევებელი და საკუთარი გუნდისთვის, ალბათ, შეურაცხმყოფელი შეძახილი ისმის. მაგრამ არანაირი გამართლება არა აქვს იმ ფეხბურთელსაც, ტრიბუნაზე მჯდომ მეტოქის უერთგულეს ქომაგს მოედნიდან "საპასუხო ჟესტებით" გაეპასუხოს.

მოკლედ, გვარიანად ნერვული ფინალი ჰქონდა ამ სათასო პაექრობას, მსაჯობის მიმართ პრეტენზია რომ ორივე გუნდს ჰქონდა. თუმცა, უფრო მაინც მასპინძლები იყვნენ აღშფოთებულნი: წითელი ბარათის გამო გიორგი ვასაძე (თან, უკვე შეცვლილი რომ იყო!) პლუს კიდევ ერთი წამყვანი ნახევარმცველი გურამ გურეშიძე მომავალ შეხვედრას გამოტოვებენ (არადა, მომავალი მატჩი "ვიტ ჯორჯიას" თავის უპრინციპულეს მეტოქესთან, თბილისის "დინამოსთან" აქვს). ჰოდა, ამიტომაც გავხდით კიდეც მოწმე მართლაც უცნაური და უჩვეულო სცენისა - "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე მსაჯობით უკმაყოფილებას საჯაროდ რომ გამოხატავდა...


ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 2:1
1.12.რუსთავი. ფოლადი. 100 მაყურებელი.
1:0 ბეჭვაია (33, პენალტით), 2:0 კასრაძე (79), 2:1 ბოლქვაძე (90, პენალტით).

ვიტ ჯორჯია სპარტაკი
4-2-3-1 4-3-3
ძაძამია გრიშიკაშვილი
ხურცილავა აქუბარდია
ადამაძე ბოიომო
კასრაძე ტეტუნაშვილი
ღანიაშვილი ჭაფოძე
გურ. გურეშიძე შ. კაშია
ვასაძე გ. ალავიძე
ბეჭვაია შონია
ლიპარტია ბაბულაიძე
კლიმიაშვილი ვ. ბოლქვაძე
ჩიმაკაძე კლოვისი
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი ბ. კვარაცხელია

ვიტ ჯორჯია
76. ბეჭვაია-ჯანელიძე
76. ვასაძე-მაისაშვილი
82. კლიმიაშვილი-ზაქრაძე
სათადარიგოები: რეჭია, გოგიაშვილი, კორიფაძე, ლომაია

სპარტაკი
76. ალავიძე-ძაგანია
87. ბაბულაიძე-მაისურაძე
90. კლოვისი-ხაჭვანი
სათადარიგოები: დაუშვილი, ჩალაძე, კაკაშვილი, ნარიმანიძე

გაფრთხილება: კლოვისი (23), ტეტუნაშვილი (33), ჭაფოძე (43), კასრაძე (90), ღანიაშვილი (90).
გაძევება: ალავიძე (90), ვასაძე (90).
არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)


გია ტუხაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული