სპარტაკი-საპოვნელა 3:0 - ცალი ფეხით

AutoSharing Option
კახა კაჭარავას გაწვრთნილი "სპარტაკი" ეროვნულ ჩემპიონატში კარგად თამაშობს, მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების რეალური კანდიდატია. 17 ნოემბერს კი ცხინვალელები თასზე შეხვდნენ "საპოვნელას", რომელიც პირველი ლიგის B ჯგუფში მეორე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ცდილობს.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მირიან გეწაძის გაწვრთნილი "საპოვნელა" ხელწამოსაკრავ გუნდს ნამდვილად არ ჰგავდა და "სპარტაკს" სტუმრები კარგა ხანს უწევდნენ მედგარ წინააღმდეგობას.

ანგარიში მე-16 წუთზე ლაშა შინდაგორიძემ გახსნა. ის ნიკა კაჭ
არავამ მეკარესთან პირისპირ დატოვა და ფლანგის ახალგაზრდა თავდამსხმელმა შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

სტუმრები არ დანებდნენ და შეტევების ორგანიზებას ცდილობდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში "სპარტაკის" მეკარე გიორგი ნადირაძეს დროული რეაქცია რომ არ გამოევლინა, შეტევაში ჩართული თერჯოლელთა მცველის, თორნიკე ჯიმშელეიშვილის შორეული დარტყმა მიზანს მიაღწევდა.

"სპარტაკის" უპირატესობა მაინც იგრძნობოდა და კაჭარავას გაწვრთნილებმა მეორე ნახევარში სასურველ შედეგს მიაღწიეს. თუმცა, მათ ხელი იმანაც შეუწყო, რომ სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ.

თამაში ახალი განახლებული იყო, როდესაც მეკარესთან პირისპირ ნიკა კაჭარავა გადიოდა და თერჯოლელთა მცველმა დავით ბერუაშვილმა საჯარიმოს სიახლოვეს მოცელა. არბიტრმა ხვიჩა გაგნიძემ "ბოლო იმედის" ჯარიმა დააფიქსირა, "საპოვნელას" მცველს კი წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

ამის მიუხედავად, სტუმარი მაინც არ გაჩერებულა. ნადირაძემ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისიანები. ამჯერად მის კარს შორეული დარტყმით "საპოვნელას" ნახევარმცველი თემურ ფურთუხია დაემუქრა - "სპარტაკის" მეკარემ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"სპარტაკმა" საგოლე მომენტები შექმნა და მატჩის მიწურულს ორი შანსით ისარგებლეს კიდეც. სტუმართა საჯარიმოში გიორგი ივანიშვილი შეიჭრა, ორი მცველი ჩამოიშორა და დაბალ კუთხეში გაიტანა - 2:0.

მატჩის მიწურულს ივანიშვილმა საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში - საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და კაჭარავა მოძებნა, რომელმაც წერტილი დასვა - 3:0.

საპასუხო შეხვედრა 26 ნოემბერს თერჯოლაში გაიმართება. "სპარტაკმა" პირველივე შეხვედრაში ისეთი ანგარიშით მოიგო, ფაქტობრივად, ცალი ფეხით მეოთხედფინალშია.

საქართველოს თასი. 1/8 ფინალი. I მატჩი
17.11. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო)
სპარტაკი-საპოვნელა 3:0
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (16. კაჭარავას პასით), 2:0 ივანიშვილი (71), 3:0 კაჭარავა (87. ივანიშვილის პასით)
სპარტაკი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, იოსელიანი, გიგაური, მახარობლიძე (80. ქოჩლაძე), ივანიშვილი, თექთურმანიძე (85. მაქაცარია), შინდაგორიძე (74. ლექვთაძე), კაჭარავა.
სათადარიგოები: ნანიევი, მაისაშვილი, ბურძენაძე, სეფიაშვილი.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
საპოვნელა: ა. გიორგაძე, ბერუაშვილი, ჩხიკვაძე, იობაშვილი, ჯიმშელეიშვილი, ფურთუხია, ცქიფურიშვილი (50. შუღლაძე), მურადაშვილი (67. სულაბერიძე), კენჭოშვილი, ტყეშელაშვილი, ლაბაძე (87. დარსაველიძე).
სათადარიგოები: კახათელიძე, არეშიძე, ხუჯაძე, აბულაძე.
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილებები: მურადაშვილი (24), იოსელიანი (32), კენჭოშვილი (57), ქოჩლაძე (81), ტყეშელაშვილი (90)
გაძევება: ბერუაშვილი (52)
არბიტრი: ხ. გაგნიძე

სხვა მატჩები:
მერანი-ტორპედო 0:3 - ერთი ნაბიჯით წინ! [VIDEO]
ჩიხურა-ზესტაფონი 0:0 - საპასუხო მატჩში გაირკვევა
დილა-კოლხეთი 0:0 - მშრალი კარი და ცარიელი ტრიბუნები

ვიტ ჯორჯია- სიონი 1:0
გოლი: 1:0 კახაბრიშვილი (58)

ზუგდიდი-მეტალურგი 0:2
გოლი: 0:1 ქავთარაძე (9), 0:2 დ. გელაშვილი (22)

დინამო (ბთ)-სამტრედია 4 :1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 დათუნაიშვილი (8), 2:1 ბერიაშვილი (58), 3:1 შონია (39), 4:1 ტატანაშვილი (64)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"