ვიღას ვუქომაგოთ - ბერძნებს თუ ხორვატებს?..

AutoSharing Option
საქართველო-ლატვიის მატჩამდეც ვწერდით, რომ პლეი ოფში მოსახვედრად, შესაძლოა, სამივე დარჩენილი მატჩის მოგება არ გვყოფნოდა - ჯგუფის სხვა შეხვედრებიც ჩვენთვის "მისაღები" და სასურველი შედეგით უნდა დამთავრებულიყო. ასეთ მატჩთაგან ერთ-ერთი კი ისრაელი-საბერძნეთის დაპირისპირება იყო, სადაც ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელ შედეგს, ფრეს ვნატრობდით.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: პორტუგალიელი სპეციალისტის, ფერნანდუ სანტუშის დამოძღვრილმა საბერძნეთის ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, სულ მცირე, პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბერძნები კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობენ და დარჩენილ სამ შეხვედრაში
(ლატვიასთან, ხორვატიასთან, საქართველოსთან) იმასაც შეეცდებიან, რომ ჯგუფში მეწინავეობაც შეინარჩუნონ და "ევრო-2012"-ის საგზურიც ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე მოიპოვონ. ამისათვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საბერძნეთის ნაკრებმა ისრაელთან სტუმრად უპრინციპულესი მატჩის მოგებით გადადგა;

არადა, გამარჯვების შემთხვევაში ლუის ფერნანდესის გუნდსაც მშვენიერი შანსი უჩნდებოდა პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ ამ ნერვულ მატჩში ბერძნებს უფრო მეტად გაუმართლათ და ტელ-ავივიდან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა წამოიღეს.

მატჩის დასაწყისში მასპინძლები აქტიურობდნენ და ერთ ეპიზოდში ისრაელის ნაკრებისა და ბელგიური "ბრიუგეს" 25 წლის ნახევარმცველმა ლიორ რაფაელოვმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთს სტუმართა მცველები გადაეღობნენ. რაფაელოვი ამ მატჩში ბევრს აქტიურობდა, რასაც ვერ ვიტყოდით მასპინძელთა საუკეთესო ფეხბურთელსა და კაპიტანზე, ლონდონის "არსენალის" 31 წლის ახალწვეულ იოსი ბენაიუნზე. ბერძნებმა მალე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და ისრაელის ნაკრების გამოცდილ მეკარეს, 33 წლის დუდუ ავატეს რამდენჯერმე მოუხდა საკუთარი ოსტატობის გამოვლენა - სტუმართაგან გოლის გატანის შანსი ჰქონდათ 30 წლის დიმიტრის სალპინგიდისს და "სელტიკის" 26 წლის გარემარბს, გეორგიოს სამარასს.

ამის შემდეგ მატჩი ორმხრივი იერიშებით წარიმართა და ყველაფერი კი შეხვედრის მე-60 წუთზე საბერძნეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" 21 წლის ნახევარმცველის, სოტირის ნინისის ფლანგურმა გარღვევამ და ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა! აღსანიშნავია, რომ მატჩის შოტლანდიელმა არბიტრმა კრეიგ ტომსონმა (შოტლანდია) ორივე გუნდის ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა! აქვე, იმასაც დავამატებთ, რომ საბერძნეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა 25 წლის იანის ზარადუკასმა.

02. 09. ტელ-ავივი. "ბლუმფილდი"
ისრაელი-საბერძნეთი 0:1
0:1 ნინისი (60)
ისრაელი: ავატი, შპუნგინი, ბენ-ჰაიმი I, ბენ ჰარუში, გერშონი, კაიალი, რაფაელოვი, ა. კოენი (61. ნათხო), ზახავი (55. ხემადი), ბენაიუნი, შეხტერი (55. დამარი)
სათადარიგოები: ხაიმოვი, ბარ-ბუცაგლო, გოლასა, ტ. კოენი
მწვრთნელი: ლ. ფერნანდესი
საბერძნეთი: სიფაკისი, ზარადუკასი, ა. პაპადოპულოსი, კ. პაპადოპულოსი, ტოროსიდისი, კაცურანისი, კაფესი (42. მაკოსი), კარაგუნისი, ნინისი (77. ფეტფაციდისი), სამარასი, სალპინგიდისი (84. მანიატისი)
მწვრთნელი: ფ. სანტუში
გაფრთხილება: ზახავი (4), კაფესი (35), ა. კოენი (38), კაიალი (44), კაცურანისი (54), ბენ-ჰარუში (61), ნათხო (75), სალპინგიდისი (75), ტოროსიდისი (75), მანიატისი (90)
არბიტრი: კ. ტომსონი (შოტლანდია)

* * *
ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ხორვატიის ნაკრებმა "დაგეგმილი" 3 ქულა უპრობლემოდ მოიპოვა; დიდი ალბათობით, ჯგუფში პირველი ადგილის ბედი 7 ოქტომბერს პირეოსში დანიშნულ საბერძნეთისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩში გადაწყდება. მანამდე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სლავენ ბილიჩის გუნდმა ჩვენი ჯგუფის უპირობო აუტსაიდერ მალტასთან ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბილიჩმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კარში ადგილი ანდო რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე 32 წლის სტიპე პლეტიკოშას; მეორე გამოცდილი ფეხბურთელის, 31 წლის ივან კლასნიჩის ("ბოლტონი") ძირითადში გამოჩენაც გარკვეული სიურპრიზი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ორ დებიუტანტზე - 19 წლის შიმე ვრსალკოსა და 22 წლის მილან ბადელიზე. ეს უკანასკნელი სულაც სადებიუტო გოლითაც გამოირჩა, თუმცა მანამდე ხორვატები კიევის "დინამოს" 27 წლის ნახევარმცველმა ოგნიენ ვუკოევიჩმა დააწინაურა, რომელმაც ასევე უკრაინაში მოასპარეზე, "დნიპროს" მარცხენა მცველის, 25 წლის ივან შტრინიჩის ზუსტი პასი შეიშნო.

ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მასპინძლებმა რამდენჯერმე შეუტიეს ფავორიტი მეტოქის კარს და 31 წლის ჯონ ჰათჩისონის დარტყმა თუ არაზუსტი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მალტელთა საუკეთესო ფეხბურთელმა, 30 წლის მაიკლ მიფსუდმა შესვენებამდე ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ხორვატები სრულ უპირატესობას დაეუფლენ, მაგრამ 23 წლის ნიკოლა კალინიჩმა და 25 წლის მარიო მანჯუკიჩმა გუნდის კაპიტნის, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველის, 29 წლის დარიო სრნას ორი ჩინებული გადაცემა გოლად ვერ აქციეს. ის რაც ხორვატების ფორვარდებმა ვერ მოახერხეს, ამპლუით მცველმა შეძლო: "ლიონის" 22 წლის უკანახაზელმა დეიან ლოვრენმა ზუსტი თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

02. 09. ლა-ვალეტა. "ტაქალი".
მალტა-ხორვატია 1:3
0:1 ვუკოევიჩი (11), 0:2 ბადელი (32), 1:2 მიფსუდი (38), 1:3 ლოვრენი (68)
მალტა: ჰოგი, მუსკატი, შიბერასი, აგიუსი, რ. ფენეკი (88. მამო), ფაილა, მიფსუდი (82. ვუდსი), ბრიფა (74. პეისი), კოენი, ჰათჩისონი, შემბრი
სათადარიგოები: გაუჩი, ბორგი, პ. ფენეკი, ჩილია
მწვრთნელი: ჯ. ბუტიგეგი
ხორვატია: პლეტიკოშა, სრნა, ლოვრენი, ჩორლუკა, შტრინიჩი, ვრსალკო, ვუკოევიჩი, პერიშიჩი (68. დუიმოვიჩი), ბადელი (82. ედუარდო), კლასნიჩი (46. კალინიჩი), მანჯუკიჩი
სათადარიგოები: სუბაშიჩი, შიმუნიჩი, იელავიჩი, მოდრიჩი
მწვრთნელი: ს. ბილიჩი
გაფრთხილება: რ. ფენეკი (25), მანჯუჩიკი (35), ჩორლუკა (51), ფაილა (66).
არბიტრი: ტ. შაპრონი (საფრანგეთი)
გია ტუხაშვილი


სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 7 5 2 0 9-3 17
2. ხორვატია 7 5 1 1 13-4 16
3. ისრაელი 8 4 1 3 10-8 13
4. საქართველო 8 2 3 3 5-6 9
5. ლატვია 7 2 1 4 6-9 7
6. მალტა 7 0 0 7 3-16 0

დარჩენილი მატჩები
6 სექტემბერი:
ხორვატია-ისრაელი
ლატვია-საბერძნეთი
მალტა-საქართველო

7 ოქტომბერი:
ლატვია-მალტა
საბერძნეთი-ხორვატია

11 ოქტომბერი
ხორვატია-ლატვია
საქართველო-საბერძნეთი
მალტა-ისრაელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული