გერმანიის ნაკრებს მესუთ იოზილი და სამი ხედირაც შეუერთდნენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფ გერმანიის ნაკრებს 21 მაისს მადრიდის "რეალის" ლეგიონერები, მესუთ იოზილი და სამი ხედირაც შეუერთდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს ახლა მხოლოდ "ბაიერნის" მოთამაშეებიღა აკლია, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს.

"ბაიერნის" წაგებამ გული დამწყვიტა, - უთხრა 21 მაისს იოზილმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, - ფინალში წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს მარცხი ორმაგად სამწუხარო იყო, რადგან "ბაიერნმა" "ჩელსის" თამაშით აჯობა.

მაგრამ ამ წაგებამ "ბაიერნის" ფეხბურთელები შოკში არ უნდა ჩააგდოს. წინ ევროპის ჩემპიონატია და ბუნდესგუნდის წევრ
თითოეულ ბაიერნელს საღი გონება სჭირდება. პირადად მე შვაინშტაიგერისა და კომპანიის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება."

"არა მგონია, რომ "ბაიერნის" წაგებამ გერმანიის ნაკრებზე ცუდად იმოქმედოს. ევროპის ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგაზე ათმაგად მნიშვნელოვანი ტურნირია და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იოახიმ ლიოვს ბაიერნელების მოტივირება არ გაუჭირდება. მჯერა, შვაინშტაიგერი, მიულერი, ნოიერი და სხვები "ჩელსისთან" განცდილ დასანან მარცხს მალე დაივიწყებენ," - ეს კი მატს ჰუმელსის სიტყვებია.

ბაიერნელები გერმანიის ნაკრებს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს შეუერთდებიან. მანამდე ლიოვი 19 ფეხბურთელს ავარჯიშებს. შაბათს ბუნდესგუნდი ბაზელში შვეიცარიის ნაკრებს ბაიერნელების გარეშე შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული