მართალია, იტალიას ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად ისედაც არავინ მიიჩნევდა, მაგრამ აპენინებზე "აძურის" თავკაცისგან მაინც არ ელოდნენ იმას, რაც პრანდელიმ ხაზგასმით თქვა: ფავორიტები არ ვართ და ევროპის ჩემპიონატს, ალბათ, ვერ მოვიგებთ, 2010 წლის მუნდიალის შემდეგ გუნდში დიდი რეორგანიზაცია დაიწყო და ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ მიზნად ასეთი რანგის ტურნირის მოგება დავისახოთო.
"ევროპის ჩემპიონატს, სავარაუდოდ, ვერ მოვიგებთ, რადგან ფაქტია, რომ ჩემი გუნდი ჯერ არ დგას სათანადო სიმაღლეზე,
მაშინ იტალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე და გუნდში დიდი რეორგანიზაცია დავიწყე. მინდა, ევროპის ჩემპიონატზე ყველას დავუმტკიცოთ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ."
თუმცა "აძურის" თავკაცმა იქვე დასძინა: "არ მინდა, ფანებს იმედი ბოლომდე გადავუწურო და საამისოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაზე კარგად სწორედ იტალიელებმა ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ სენსაცია."
პრანდელი ხვდება, რომ გამორიცხული არაა, იტალიას ჯგუფური ეტაპის გადალახვა ამჯერადაც გაუჭირდეს, რადგან ჯგუფში ისეთ მეტოქეებთან მოუწევს ბრძოლა, როგორებიც ესპანეთის, ირლანდიისა და ხორვატიის ნაკრები გუნდებია.
გუშინვე კოვერჩანოში, სადაც "აძური" ევრო 2012-ისთვის ემზადება, იტალიის ნაკრები პასტორმა დონ მასიმილიანო გაბრიჩიმ დალოცა. "პრანდელისა და მისი რამდენიმე შეგირდის ახლო მეგობარი ვარ. ის ფეხბურთელებიც დავლოცე, რომლებიც კათოლიკეები არ არიან," - განაცხადა პასტორმა გაბრიჩიმ, რომელიც ადრე საფეხბურთო კლუბ "კათოლიკა ვირტუსის" მენეჯერი გახლდათ - კლუბისა, სადაც ლეგენდარული პაოლო როსიც თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ გაბრიჩი "ფიორენტინას" გულშემატკივარია, მაგრამ ფლორენციული კლუბის მოსისხლე მტრის, "იუვენტუსის" მცველ ჯორჯო კიელინისთანაც მეგობრობს...
ბალოტელი: იტალიას ჩემი იმედი ჰქონდეს!
იტალიელი ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი გაოცებას ვერ მალავდა, როცა პრანდელიმ გაფართოებულ სიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთელი მარიო ბალოტელი შეიყვანა.
მის ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი უკიდურესად აღვირახსნილი ტიპია, რომელსაც მუდამ თან სდევს სკანდალები.
იტალიელები შიშობენ, რომ ბალოტელი ევროპის ჩემპიონატზეც ჩვეულად "აიჭრება", მაგრამ თავად ფეხბურთელი ირწმუნება (ვინ მოთვლის, მერამდენედ), დავჭკვიანდი და იტალიას თამამად უნდა ჰქონდეს ჩემი იმედიო.
"ევროპის ჩემპიონატზე პრობლემას არავის შევუქმნი. აი, ნახავთ, ევრო 2012-ზე სულ სხვა ბალოტელი ვიქნები, - აცხადებს მარიო "კორიერე დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მადლობა ჯერ რობერტო მანჩინის, რომელიც მიუხედავად არაერთი სკანდალისა, მაინც მენდობა და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი პრანდელისაც, რომელმაც ამ ყველაფრის ფონზე ევროპის ჩემპიონატზე თამაშის იმედი მომცა. პირობას ვდებ, რომ საკუთარ თავს კონტროლს გავუწევ."
ძირითადში კასანოსთან ერთად?
ხსენებულ ინტერვიუში 21 წლის ბალოტელიმ ისაუბრა ანტონიო კასანოზეც, რომელიც ადრე მარიოზე არანაკლებ სკანდალური ტიპი იყო, ბოლო დროს კი აშკარად დაჭკვიანდა.
"ანტონიო და მე მეგობრები ვართ. ხშირად ვხუმრობთ ხოლმე და ერთმანეთს როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა ძალიან კარგად ვუგებთ. თუ პრანდელი ნდობას გამომიცხადებს და ძირითად შემადგენლობაში კასანოსთან ერთად მათამაშებს, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ კასანოსთან ერთად იდეალურ ტანდემს შევქმნი," - ამბობს მარიო.
მისი აზრით, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში უძლიერესი გუნდია, მაგრამ "ფურია როხას" დამარცხებაც შეიძლება. პრანდელისგან განსხვავებით, ბალოტელი ფიქრობს, რომ იტალიას ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"