ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი მას ყოველთვის ენდობა - მაშინაც კი, როცა პოლდი კლუბში ცუდად თამაშობს ხოლმე.
მართალია, "კიოლნი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, მაგრამ ეს პოდოლსკის ბრალი ყველაზე ნაკლებად იყო. რამდენიმე დღის წინ იოგიმ თქვა, პოლდის ასპროცენტიან ნდობას ვუცხადებო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლუკასი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება.
24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პოდოლსკიმ განაცხა
ხვალ გერმანიის ნაკრები ბაზელში შვეიცარიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს და ეს შეხვედრა პოდოლსკისთვის ბუნდესგუნდში რიგით 96-ე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ეროვნული გუნდის განაცხადში მყოფი ფეხბურთელებიდან, მიროსლავ კლოზეს (114 თამაში) შემდეგ ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული, ცოტა ხანში კი ასიანთა კლუბშიც შეაბიჯებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით მის ასაკში ეს ჯერ არცერთ მოთამაშეს არ მოუხერხებია. პოდოლსკი ამბობს, რომ ეს მისი აზრით არა მარტო განსაკუთრებული მოვლენა, არამედ უდიდესი სენსაციაცაა.
"ვფიქრობ, რომ შვეიცარიასთან პირველ ტაიმში ვითამაშებ, ან მეორე ტაიმში, ანაც, საერთოდ არ ვითამაშებ," - ასეთი ხუმრობით დაიწყო პოდოლსკიმ პრესკონფერენცია და ყველა დაარწმუნა, რომ მართლაც კარგ ხასიათზეა. არადა, გერმანელები შიშობდნენ, "კიოლნის" გავარდნა ლუკასზე ცუდად იმოქმედებსო.
თუმცა პოდოლსკი "თხებს" მეორე ბუნდესლიგაში არ მიჰყვება - ის უკვე ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელია.
"ამ ლოგიკით "ბაიერნის" ფეხბურთელებიც ცუდ ხასიათზე უნდა იყვნენ, მათ ხომ ჩემპიონთა იგის ფინალი წააგეს. მართალია, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგებაზე გაცილებით დრამატული მოვლენაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბაიერნისთვის" "ჩელსისთან" მარცხი არანაკლებ სამწუხაროა, ვიდრე "კიოლნისთვის" ელიტიდან გავარდნა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ "კიოლნთან" ერთად გადატანილ ტრაგედიაზე აღარ ვფიქრობ," - განაცხადა პოდოლსკიმ.
პორტუგალია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ!
მისთვის მთავარი ახლა ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც მიზნად მხოლოდ ჩემპიონობას ისახავს, რადგან დარწმუნებულია, რომ ბუნდესგუნდს ტიტულის მოგება შეუძლია. ლუკასს ოდნავადაც არ აწუხებს ის ფაქტი, რომ გერმანიის ნაკრებისგან ამჯერად ყველა მხოლოდ ფინალში გასვლას და მის მოგებას ითხოვს.
პოდოლსკი: "მთავარია, ტურნირი მოგებით დავიწყოთ. პორტუგალია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ! სიკვდილის ჯგუფში ვართ და პირველი თამაშის მოგება ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი."
გერმანია მეოთხედფინალში შეიძლება პოლონეთს შეხვდეს, პოლონეთი კი, მოგეხსენებათ, პოდოლსკის სამშობლოა.
ლუკასის კომენტარი: "ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებამ პოლონეთში ბევრი რამ შეცვალა. წარმომიდგენია, როგორი განწყობა იქნება მთელს ქვეყანაში. პოლონეთის ნაკრებს, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ.
ძალიან მინდა, რომ ფრანტიშეკ ჟმუდას გუნდი მინიმუმ მეოთხედფინალში გავიდეს, მაგრამ თუ ჩვენ შეგვხვდებიან, შანსს არ დავუტოვებთ," - ასე დაასრულა ლუკასმა პრესკონფერენცია.
25 მაისი
შვეიცარია-გერმანია 20:00
სავარაუდო შემადგენლობები
შვეიცარია (4-2-3-1): ბენალიო - ლიხტშტაინერი, სენდეროსი, ჯურუ, ციგლერი - ინლერი, ძემაილი - შაჩირი, ჯაკა, მეჰმედი - დერდიოკი.
გერმანია (4-2-3-1): ვიზე - ჰიოვედესი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, შმელცერი - ხედირა, გიუნდოგანი - როისი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
არბიტრი: ანტონი გაუტიერი (საფრანგეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"