არიენ რობენს გულზე მოეშვა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრები ამსტერდამში ბულგარეთთან რომ დამარცხდა (1:2), ამაზე გუშინდელ ნომერში დაწვრილებით ვწერდით.

ტესტ-მატჩში წაგებამ საფეხბურთო ჰოლანდია საგონებელში ჩააგდო და ამ მატჩის შემდეგ სახეზე კმაყოფილება მხოლოდ არიენ რობენს ეწერა.

28 მაისს "ნარინჯისფერების" ერთ-ერთმა ლიდერმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა - როგორც იცით, მოედანზე შესვლისას მას მთელი "ამსტერდამ არენა" ფეხზე წამოუდგა.

"ასეთ მხარდაჭერას არ ველოდი და ქომაგებს უდიდეს მადლობას ვუხდი. წინა კვირა ჩემთვის საოცრად მძიმე იყო და ამსტერდამის პუბლიკის ამ ჟესტმა წნეხი შემიმსუბუქა," - უთხრა რობენმა ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში
გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გამო მას "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ტესტ-მატჩში მიუნხენურმა პუბლიკამ სტვენა აუტეხა, რის გამოც 28 წლის გარემარბი ნაწყენი იყო.

არიენი მხოლოდ ევრო 2012-ზე ფიქრობს
ბულგარეთთან მატჩში "ამსტერდამ არენამ" რობენის გვარის სკანდირება 62-ე წუთიდან დაიწყო - შეგახსენებთ, რომ არიენი ძირითად შემადგენლობაში არ გახლდათ გამწესებული და ბერტ ვან მარვიიკმა მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე შეიყვანა.

არიენის ბურთთან თითოეულ კონტაქტს ჰოლანდიის ნაკრების ქომაგები ტაშითა და ოვაციებით ხვდებოდნენ.

"ბაიერნის" ფანებმა რომ მისტვინეს, საგონებელში ჩავვარდი, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა! ახლა მხოლოდ ჰოლანდიის ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული," - თქვა რობენმა.

რობენისგან განსხვავებით, უკმაყოფილოა მწვრთნელი ვან მარვიიკი, რომელმაც თქვა, მას მერე, რაც ჰოლანდიის ნაკრებს ვავარჯიშებ, გუნდს ასე ცუდად არასდროს უთამაშიაო - მან მეორე ტაიმი იგულისხმა, რომელშიც "ნარინჯისფერებმა" 2 გოლი გაუშვეს.

რამდენად სერიოზულია მატიისენის ტრავმა?
გუშინაც ვიუწყებოდით, რომ ბულგარეთთან მატჩში ჰოლანდიას დაცვის ბურჯი იორის მატიისენი დაუშავდა და ვან მარვიიკმა ის უკვე მე-16 წუთზე შეცვალა.

უახლესი ინფორმაციით, მატიისენი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს მოახერხებს, ბოლო ორ ტესტ-მატჩში კი (ოთხშაბათს - სლოვაკეთთან და შაბათს - ჩრდილოეთ ირლანდიასთან) ვერ იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული