30 მაისს გერმანულ "კიკერში" ესპანელთა მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა - 61 წლის სპეციალისტი მოსამზადებელ შეკრებას აჯამებს, გუნდში შექმნილ სიტუაციას აანალიზებს.
- ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ავსტრიულ ნაწილს სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩით ამთავრებს. როგორ შეაჯამებთ ამ შეკრებას?
- ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს, ვარჯიშებით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. რაც
- ესპანეთის თასის ფინალის გამო "ბარსელონას" ფეხბურთელები აქამდე ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობდნენ. ეს პრობლემაა?
- ერთი მხრივ, მართლაც პრობლემაა, მაგრამ ამ ასპექტსაც პოზიტიურად უნდა შევხედოთ: სამაგიეროდ, სხვა ფეხბურთელებს დავაკვირდი კარგად და ახალი ვარიანტები გამოვცადე.
უცნაური კვირა კი გამოვიდა, მაგრამ ჯამში პოზიტიურად შევაფასებდი. ბიჭები მონდომებულები არიან და კარგად იქცევიან.
გამოცდილმა ფეხბურთელებმა ახლები მეგობრულად მიიღეს და თამამად ვიტყვი, რომ ესპანეთის ნაკრები ერთ მუშტად შეკრული გუნდია.
- კარლეს პუიოლისა და დავიდ ვილიას სახით ევროპის ჩემპიონატზე ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაგაკლდებათ. ამ დანაკლისის კომპენსირება როგორ უნდა მოხდეს?
- ვილიას სახით საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო პუიოლის სახით კი გვაკლია კაცი, რომელიც გუნდისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. პუიოლი ბრწყინვალე კაპიტანი და გუნდის ლიდერია.
შესაბამისად, ამ ორი ფეხბურთელის არყოფნით შესუსტდა როგორც ჩვენი წინა ხაზი, ისე დაცვაც, მაგრამ ამის გამო წუწუნი ვერაფერს გვიშველის. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ვილიას და პუიოლს ისე შეცვლიან, როგორც საჭიროა.
- მაგალითად?
- ჩვენი პუიოლები ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი უნდა იყვნენ. კარლესის არყოფნაში მისი წილი პასუხისმგებლობა სწორედ ამ ორმა მოთამაშემ უნდა გადაინაწილოს.
- დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრების ტოპ-თავდამსხმელია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მისი როლის შესრულებას დავიდ სილვას დაავალებთ...
- თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ვთქვი, ჩვენი მესი სილვაა-მეთქი. მიხარია, რომ დავიდის სახით გუნდში უკვე ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავი მყავს. მის შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება.
- ესპანეთის ნაკრები უმეტესად 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს, თუმცა ბოლო დროს კლასიკურ 4-4-2-საც ხშირად მიმართავთ. შეგიძლიათ, გვითხრათ, ევრო 2012-ზე ორი ნომინალური ცენტრფორვარდით ითამაშებთ თუ ერთით?
- სქემატურად ჩვენი ტაქტიკა უმეტესად მართლაც 4-2-3-1-ია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამ სქემის დროს ჩვენ სამი თავდამსხმელით ვთამაშობთ ხოლმე. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი იქნება ჩვენი სქემა ფურცელზე, არც შეტევაში წასვლას ვუკრძალავ ვინმეს და არც დაცვისთვის მიხმარებას.
- ჩემპიონთა ლიგა "ჩელსიმ" მოიგო - გუნდმა, რომელმაც უკიდურესად დაცვითი ფეხბურთი ითამაშა და ასეთი მიდგომით არა მარტო ფინალში "ბაიერნი" დაამარცხა, არამედ მანამდე "ბარსელონაც" გააგდო. როგორ ფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატზე "ჩელსის" ბევრი გუნდი მიბაძავს?
- ყველას აქვს უფლება, "ჩელსის" მიბაძოს. მე, უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ ევრო 2012-ზე ასეთი ფეხბურთით წარმატებას ვერავინ მიაღწევს. ისე, სხვათა შორის, მირჩევნია, გუნდმა ჩვენს წინააღმდეგ დაცვითი ფეხბურთი ითამაშოს - არ მიყვარს, როცა გვიტევენ და ჩვენს კართან მომენტებს ქმნიან.
ერთი სიტყვით, "ჩელსის" წარმატების გამო ესპანეთის ნაკრები სტილს არ შეიცვლის. ჩვენ ისევ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და შევეცდებით, მოედანზე მიმდინარე მოვლენები პირველიდან ბოლო წუთამდე ვაკონტროლოთ. ბურთი უმეტესად მეტოქის ნახევარზე უნდა იყოს - ჩვენს ტაქტიკაში ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის.
- წელს 3-მცველიანი ტაქტიკაც გამოსცადეთ - მიზანი ის იყო, რომ ნახევარდაცვაში მეტი ფეხბურთელი გყოლოდათ. არის თუ არა ევროპის ჩემპიონატზე სამი მცველით თამაში ერთ-ერთი ვარიანტი?
- სამი მცველით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებთ, თუ ეს უკიდურესად აუცილებელი გახდება - საბაზო ტაქტიკებს შორის 3-4-3 არ განიხილება.
- საყოველთაო აზრით, ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ის უპირველესი ფავორიტია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- არა, ესპანეთი არ არის მთავარი ფავორიტი! ევროპის ჩემპიონობა გერმანიას, ჰოლანდიას, ინგლისს, პორტუგალიას, იტალიას და საფრანგეთსაც სწორედ ჩვენნაირად შეუძლიათ.
- ყველა ის გუნდი ჩამოთვალეთ, რომელთა ჩემპიონობა სენსაციად არ აღიქმება. ნუთუ ესპანეთის ნაკრები ვერცერთ მათგანს ვერ სჯობია?
- ყველა ეს გუნდი ერთ დონეზეა, ყველა ძლიერია.
- 10 ივნისს თქვენი პირველი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება. რას ელით ამ მატჩისგან?
- ეს ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონის დუელია. მძიმე თამაშს ველი - იტალია ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა.
- რატომ არის იტალია ირლანდიაზე ან ხორვატიაზე ძლიერი?
- იმიტომ, რომ იტალია პირველი მეტოქეა და ამ მატჩის შედეგს ბევრ რამეზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ესეც რომ არ იყოს, ესპანეთს და იტალიას ბევრი რამ აქვთ საერთო.
- მაინც?
- გამოცდილი ფეხბურთელები და დაუოკებელი სწრაფვა გამარჯვებისკენ. იტალიას ჰყავს როგორც მებრძოლი, ისე ტექნიკური ფეხბურთელებიც. "სკუადრა აძურა" ძლიერი გუნდია და ვინც ამ გუნდს სათვალავში არ ჩააგდებს, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს.
- ესპანეთის ნაკრებს შეუძლია, ზედიზედ მესამედ მოიგოს დიდი ტიტული, რაც უდიდესი მოტივაციაა. ამავდროულად, ფავორიტობა წნეხსაც ნიშნავს...
- მოტივაციის პრობლემა არ გვაქვს - გუნდი ძალიან მონდომებულია. ზეწოლა, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"