ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღით ადრე პორტუგალიის ნაკრებს საკადრო პრობლემები შეექმნა: ნახევარმცველებს, ჟოაო მოუტინიოს და ნანის, ასევე მცველ ფაბიო კოენტრაოს მცირე ტრავმები აწუხებთ - გუშინდელმა ვარჯიშმა ამ სამეულის გარეშე ჩაიარა.
ჩვენი პორტუგალიელი კოლეგების ცნობით, მოუტინიო, ნანი და კოენტრაო თურქეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩში (1:3) დაშავდნენ. თუმცა პორტუგალიური პრესა იმასაც წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და გუშინ მხოლოდ იმიტომ არ ივარჯიშეს, რომ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ რისკზე წასვლა არ ისურვა.
5 ივნისს პორტუგალიის
ნაკრები პოლონურ ოპალენიცაში დაბინავდება. შეგახსენებთ, რომ შაბათს პორტუგალია გერმანიის ნაკრებს ხვდება. კრიშტიანო რონალდოსა და კომპანიას, გერმანელებთან ერთად, დანიასა და ჰოლანდიასთან ბრძოლები მოუწევთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"