ევრო 2012. ესპანეთის ნაკრები. სესკ ფაბრეგასმა ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა 5 ივნისს, დილით, სამშობლოში ბოლო ვარჯიში გამართა: ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა მადრიდში ერთი საათი ივარჯიშეს, რის შემდეგაც "ფურია როხამ" პოლონეთისკენ აიღო გეზი. ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები პოლონეთში, გდანსკთან ახლოს დაბანაკდნენ.

25 წლის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მადრიდში გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი უკვე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და კვირას, იტალიის ნაკრებთან პირველ მატჩში მოედანზე გასვლა შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ სესკი კვირანახევრის წინ, ესპანეთის თასის ფინალში დაშავდა. როგორც ხედავთ, ექიმების პროგნოზი გამართლდა - ფაბრეგასი ზუსტად
ათ დღეში გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ესპანეთის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ხესუს ნავასსაც მწვანე შუქი აუნთო. 26 წლის ფეხბურთელი სამშაბათს ვარჯიშზე დაშავდა და მარჯვენა ხელი სტკიოდა. ნავასი კლინიკაში შეამოწმეს და დასკვნა ასეთია: მისი ტრავმა სერიოზული არ არის.

მარკას გამოკითხვის შედეგები
ამასობაში ნომერმა პირველმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა "მარკამ" დიდი გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე თავიანთი გუნდის უმთავრეს და, ფაქტობრივად, ერთადერთ კონკურენტად გერმანიის ნაკრებს მიიჩნევენ.

გამოკითხულთა 23.3 პროცენტი ფიქრობს, რომ "ფურია როხას" გარდა, ევროპის ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი გერმანიაა. ბუნდესგუნდს დიდად ჩამორჩება ჰოლანდიის ნაკრები (9.2 პროცენტი).

აღსანიშნავია ესპანელთა მხრიდან საკუთარი გუნდის ნდობის ფაქტორის დაქვეითებაც, რაც, შესაძლოა, კარლეს პუიოლისა და დავიდ ვილიას ტრავმების ბრალი იყოს.

თვითონ განსაჯეთ: ყოველი მეორე ესპანელიც კი არ ფიქრობს, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ტიტულს შეინარჩუნებს - კითხვაზე, გახდება თუ არა ესპანეთი ევროპის ჩემპიონი, დადებითი პასუხი მხოლოდ 47.3 პროცენტმა გასცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული