პოლონეთი VS საბერძნეთი - სანტუშმა ომი თქვა, ჟმუდამ - მშვიდობა!

AutoSharing Option
ყველაფერს აქვს დასასრული და როგორც იქნა, ევრო 2012-ის მოლოდინსაც ბოლო მოეღო: კონტინენტის პირველობას 8 ივნისს, თანამასპინძელი პოლონეთისა და ევროპის 2004 წლის ჩემპიონის, საბერძნეთის ნაკრები გუნდების მატჩი გახსნის.

ევრო 2012-ის პირველი შეხვედრა ვარშავაში გაიმართება და ჩვენი დროით 20:00-ზე დაიწყება. მანამდე კი გახსნის ცერემონიალი გველის...

პოლონეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2008 წელს პირველად იასპარეზა, თუმცა მაშინ ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი ქულა მოიპოვა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ცხადია, პოლონელებს ამჯერად გაცილებით მეტის იმედი აქვთ და არ მალავენ, რომ მათი მიზანი, მინიმუმ, მეოთხედფინალში გასვლაა.

პოლონელთა
დამრიგებელი ფრანტიშეკ ჟმუდა პირველ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება - მასპინძლები ბერძნებთან საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებენ.

რაც მთავარია, "თეთრი არწივების" დორტმუნდელი ლიდერები, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, ლუკაშ პიჟჩეკი და გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი ჩინებულ ფორმაში არიან.

ჟმუდა: ბერძნებთან ფრეც გვაწყობს!
7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟმუდამ საბერძნეთის ნაკრებისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და არაერთხელ აღნიშნა, რომ დღევანდელ მეტოქეს უდიდეს პატივს სცემს.

"საბერძნეთის ნაკრების მთავარი პლუსი დაცვის ხაზია - ბერძნები დაცვაში ძალიან ორგანიზებულად თამაშობენ და უკვე წლებია, სწორედ ამით გმოირჩევიან. მეტიც: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთის ნაკრები დაცვაში სამაგალითოდ თამაშობს. შესაბამისად, ჩვენთვის ამ დაცვის გარღვევა უდიდესი გამოწვევაა," - განაცხადა პოლონელთა თავკაცმა.

ჟმუდასთან ერთად, დასკვნით პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ბლაშჩიკოვსკიც წარსდგა: "ვინც ფიქრობს, რომ საბერძნეთის ნაკრების დამარცხება იოლია, სასტიკად ცდება.

დამერწმუნეთ, ამ ჯგუფში ყველაზე რთული სწორედ ბერძნების დამარცხებაა. ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ჩვენი მიზანია, არ წავაგოთ," - აღნიშნა დორტმუნდის "ბორუსიას" გარემარბმა.

"კუბას" მწვრთნელიც დაეთანხმა: "ცხადია, ძალიან გვინდა, რომ მოვიგოთ, მაგრამ ეს ტურნირის გახსნის თამაშია და პრინციპში, ფრეც გვაწყობს. ვიმეორებ, ჩვენს ჯგუფში ყველაზე რთული ბერძნებთან გამარჯვებაა!"

სანტუში: ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე!
პოლონელებისგან განსხვავებით, ბერძნებს მცირე საკადრო პრობლემა აქვთ: ვასილიოს ტოროსიდისი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორსაა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

ზუსტად ისე, როგორც მათთვის სენსაციურად ტრიუმფალურ 2004 წელს, ბერძნები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ამჯერადაც მასპინძელთან პაექრობით იწყებენ. შეგახსენებთ, რომ ევრო 2004 ბერძნებისთვის პორტუგალიასთან მატჩით დაიწყო და პორტუგალიასთან მატჩითვე, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციით, ელადელთა ჩემპიონობით დამთავრდა.

8 ივნისს საბერძნეთში უმძიმესი ფინანსური კრიზისია და შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანას ევროპის ჩემპიონატმა სულზე მოუსწრო - ბერძნები ცოტა ხანს ყურადღებას ფეხბურთზე გადაიტანენ.

"მინდა, ყველა ბერძენმა იცოდეს, რომ წარმატების მისაღწევად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. თითოეული ფეხბურთელი საბერძნეთისთვის მაქსიმუმს გააკეთებს. ფანებს შეუძლიათ, გვენდონ," - ასეთი პირობა დადო 7 ივნისის პრესკონფერენციაზე ბერძენთა დამრიგებელმა ფერნანდუ სანტუშმა.

2004 წლის ტურნირზე პირველი გოლი გიორგიოს კარაგუნისმა გაიტანა, რომელიც დღესაც ნაკრების ლიდერია და რომელიც ასევე დებს პირობას, რომ თავდაუზოგავად იბრძოლებს, რათა საბერძნეთმა თავისი გუნდით იამაყოს.

35 წლის კარაგუნისთან ერთად, 2004 წლის ტრიუმფატორთაგან დღეს გუნდში კიდევ ორი ფეხბურთელია: 32 წლის კონსტანტინოს კაცურანისი და 38 წლის კოსტას ხალკიასი.

ბერძნების პლუსები: ორგანიზებული დაცვა და მაგარი გული
ისევე, როგორც 2004-ში, საბერძნეთის ნაკრების კოზირი დღესაც ძლიერი დაცვაა, რომლის ცენტრს პაპადოპულოსი და პაპასტატოპულოსი ამაგრებენ. აი, წინა ხაზზე კი სანტუშის გუნდს აშკარად უჭირს.

ბურთი თავდამსხმელამდე იშვიათად მიდის ხოლმე, როგორც ცენტრიდან, ისე ფლანგებიდანაც - ბერძნებს შეტევების განხორციელების კონკრეტული კონცეფცია არ გააჩნიათ. სამაგიეროდ, ისინი კვლავ უდიდესი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან.

სანტუში ცენტრფორვარდად, უმეტესად, თეოფანის გეკასს ათამაშებს, რომელიც, როგორც მთლიანად ბერძნების გუნდი, დიდი შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის. თავად განსაჯეთ: ევროპის ჩემპიონატის 16 მონაწილიდან შესარჩევ ციკლში ყველაზე ცოტა (14) გოლი სწორედ ბერძნებმა გაიტანეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არცერთხელ არ დამარცხებულან.

7 ივნისის პრესკონფერენციაზე 57 წლის სანტუშმა ისიც თქვა, ოტო რეჰაგელს რომ მადარებენ, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ მე ჩემი ხედვა და საფეხბურთო ფილოსოფია მაქვსო.

თუმცა, ფაქტია, რომ რეჰაგელის დარად, საბერძნეთი სანტუშის ხელშიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს - წაუგებელ სერიასთან ერთად, შესარჩევი ციკლიდან ისიც აღსანიშნავია, რომ ბერძნებმა მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვეს...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. A ჯგუფი. I ტური
8 ივნისი. ვარშავა. ნაციონალური სტადიონი.
პოლონეთი-საბერძნეთი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ

სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი (4-2-3-1): შჩესნი - პიჟჩეკი, ვასილიევსკი, პერკისი, ბიონიში - მურავსკი, პოლანსკი - ბლაშჩიკოვსკი, ობრანიაკი, რიბუსი - ლევანდოვსკი.

საბერძნეთი (4-3-2-1): ხალკიასი - ტოროსიდისი, სოკრატისი, პაპადოპულოსი, ჰოლებასი - მანიატისი, კაცურანისი, კარაგუნისი - ნინისი, სამარასი - გეკასი.

არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ბოლო ხუთი მატჩი
პოლონეთი
პოლონეთი-ანდორა 4:0, პოლონეთი-სლოვაკეთი 1:0, პოლონეთი-ლატვია 1:0, პოლონეთი-პორტუგალია 0:0, პოლონეთი-ბოსნია 1:0.

საბერძნეთი
საბერძნეთი-სომხეთი 1:0, საბერძნეთი-სლოვენია 1:1, საბერძნეთი-ბელგია 1:1, საბერძნეთი-რუმინეთი 1:3, საბერძნეთი-რუსეთი 1:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
Time Line: ჩვენც გვინდა ევროპა!

რუსეთი VS ჩეხეთი - ჩეხები ფავორიტებად რუსებს მიიჩნევენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული