ევრო 2012: ჰოლანდიელები ტიტულზე საუბრობენ

AutoSharing Option
კრაკოვში ჰოლანდიის ნაკრების პირველ ღია ვარჯიშს 25 000 გულშემატკივარი დაესწრო, წვრთნის შემდეგ კი ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.

"ყველანი თავდაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ ევროპის ჩემპიონობა შეგვიძლია. ჩვენთან ერთად, ტურნირის მთავარი ფავორიტები ესპანეთისა და გერმანიის ნაკრები გუნდები არიან, თუმცა არც სხვა გრანდები უნდა დაგვავიწყდეს. ზოგადად, ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდები არ თამაშობენ," - განაცხადა რაფაელ ვან დერ ვაარტმა.

"ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობაა, - ეს კი არიენ რობენის სიტყვებია, რომელმაც გასულ სეზონში გაცუდებული უმნიშვნელოვანესი პენალტები გაიხსენა, - დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ჩელსისთან"
გაფუჭებული პენალტები ძალიან დიდხანს მემახსოვრება."


გუშინდელი ინფორმაციით, ჰოლანდიის ნაკრებში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა დაცვის ბურჯის, იორის მატეისენის თამაში.

ამ უკანასკნელმა გუშინ ისევ ვერ ივარჯიშა და ნარინჯისფერების მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მარვიიკი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ 9 ივნისს, დანიასთან მატჩში მატეისენს ვერ გამოიყენებს.

კრუიფი ორ თავდამსხმელს ემხრობა
ამასობაში ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი რობინ ვან პერსისა და კლაას-იან ჰუნტელაარის გარშემო ატეხილ დისკუსიას გამოეხმაურა და როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა.

როგორც იცით, ვან მარვიიკმა გადაწყვიტა, ერთი ცენტრფორვარდით ითამაშოს და არჩევანი ვან პერსიზე შეაჩერა, ჰუნტელაარი კი ევროპის ჩემპიონატზე ჯოკრის როლში იქნება, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია.

"მე რომ მკითხოთ, ჰოლანდიის ნაკრებმა ორი ცენტრფორვარდით უნდა ითამაშოს და ვან პერსიც და ჰუნტელაარიც სასტარტო შემადგენლობაში უნდა თამაშობდნენ.

მართალია, ვან მარვიიკმა სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ჰუნტელაარს ვურჩევ, ცხვირი არ ჩამოუშვას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შანსი მასაც მიეცემა,"
- განაცხადა 65 წლის კრუიფმა და იქვე დასძინა, ნახევარფინალში გასვლითაც კმაყოფილი დავრჩებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული