მაგრამ ლუკასი არ არის ბუნდესგუნდის გამოკვეთილი ლიდერი და მთავარი შემოქმედი, რადგან იოახიმ ლიოვის გუნდს ახლა არა ერთი ან ორი, არამედ რამდენიმე ლიდერი ჰყავს და პრინციპში, შეგვიძლია, რომ პოდოლსკიც მათთან ერთად მოვიაზროთ.
პოლდის ნაკრები ძალიან უყვარს, რადგან ბუნდესგუნდის ფორმაში თავს ყოველთვის იდეალურად გრძნობს - რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს საკლუბო დონეზე, ნაკრებში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. 27 წლის ასაკში მას ეროვნულ გუნდში უკვე 98
პოდოლსკის და კომპანიას 9 ივნისს პორტუგალიელებთან, ანუ, კრიშტიანო რონალდოსთან და კომპანიასთან ექნებათ საქმე. ამ უკანასკნელის ზნე-ჩვეულებებსა და ხასიათზე ბევრი დაწერილა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდოს გერმანიის ნაკრებიდან ხასიათით ყველაზე მეტად სწორედ პოდოლსკი ჰგავს. არ გჯერათ? წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა...
- ჰერ პოდოლსკი, გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას პორტუგალიასთან მატჩით იწყებს. როგორი სათაურის წაკითხვა გსურთ მეორე დღეს "ბილდში"?
- Deutschland siegt 2:0 - ist das Portugeil! (გერმანიამ 2:0 მოიგო - ეს არის "პორტუგაილ"! "გაილ" გერმანული სლენგია და ითარგმნება, როგორც "მაგარია" - ავტ)
- ეს თქვენს სანაკრებო კარიერაში 98-ე მატჩი იქნება. ამ ტურნირზე აქტივს რამდენი უნდა შემატოთ?
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში 103 მატჩი უნდა მქონდეს ჩატარებული. ზუსტად 103!
- ამისათვის გერმანია ფინალში უნდა გავიდეს...
- ვიცი!
- კრიშტიანო რონალდო ამბობს, წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდეო. ხომ არ არის ეს მისი მხრიდან გარკვეული პროვოკაცია გერმანიასთან მატჩის წინ?
- პორტუგალია უნდა დავამარცხოთ, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რას ამბობს ან რას ფიქრობს რონალდო, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
- კრიშტიანოსი არ გეშინიათ?
- ორი აზრი არ არსებობს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ოღონდ ერთ-ერთი! მისი შეჩერება უნდა შევძლოთ, რადგან პორტუგალიის ნაკრებიდან მთავარი ხიფათი მისგან მოდის. პორტუგალიასთან ბოლო მატჩებში ეს შევძელით და ვფიქრობ, რონალდოს გაუვნებელყოფა არც ამჯერად გაგვიჭირდება.
- როგორ უნდა გაანეიტრალოთ კრიშტიანო?
- ზომიერი აგრესიით და მძიმე ორთაბრძოლებით! თუ გინდა, რომ კრიშტიანო რონალდომ ფეხბურთის თამაშის სურვილი დაკარგოს, ხისტი ორთაბრძოლები უნდა გაუმართო.
თუმცა მასზე ზედმეტად ბევრს რომ არ ვსაუბრობთ? ჩვენ თვითონ გვყავს უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები.
- შვეიცარიასთან (3:5) და ისრაელთან (2:0) გამართულ ტესტ-მატჩებში გუნდიმა ცუდი, შეუთამაშებელი და უმოტივაციო შთაბეჭდილება დატოვა. რა შეიცვალა ამ დღეებში და რამდენად მზადაა გერმანია ევრო 2012-ისთვის?
- არ ვიცი, რა დაგვემართა შვეიცარიასთან და რატომ ვჩანდით ისრაელთან ასე გამოფიტულები, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაში სულ სხვა მუხტი, მოტივაცია და გამოწვევაა.
თუ პირველ თამაშს მოვიგებთ, ეს მთელს ტურნირზე აისახება. საკმარისია, წავაგოთ, რომ უმძიმესი წნეხის ქვეშ მოვექცევით, ეს კი ყოველთვის ძალიან ცუდია.
- რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის ისეთი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა და ფორმაში არაა?
- გერმანიის ნაკრებისთვის საშინელ ფორმაში მყოფი შვაინშტაიგერიც უმნიშვნელოვანესი ფოგურაა. სამწუხაროდ, ბასტიანი მთელი სეზონის განმავლობაში პატარ-პატარა ტრავმებით დაიტანჯა. იმედია, პორტუგალიასთან ძირითად შემადგენლობაში იქნება და რონალდოს დამარცხებას ერთად ვიზეიმებთ.
- დიდი შანსია, რომ გერმანიის ნაკრები მეოთხედფინალში პოლონეთს შეხვდეს. ეს პირადად თქვენთვის, როგორც წარმოშობით პოლონელისთვის, ალბათ ჯოჯოხეთი იქნება...
- თუ ასე მოხდება, მე ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ პოლონელები დავამარცხოთ. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მეოთხედფინალში აგვცდნენ, თორემ პოლონეთისთვის დიდი ზეიმი სწორედ გერმანიასთან მატჩით დამთავრდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
გერმანია VS პორტუგალია - სიკვდილის ჯგუფის პირველი სუპერჯახი