ჰოლანდიელებისთვის კარგი მხოლოდ ის იყო, რომ 18 წლის მარცხენა მცველი იეტრო ვილემსი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - მან ბელგიელი ენცო შიფოს რეკორდი დაამხო.
რეაქციები
ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი):
"ყველაფერი ვცადეთ, ბევრი შანსიც გვქონდა და მატჩის მიწურულს აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს. დანიასთან წაგება სასტიკად არ გვაწყობდა. ახლა გერმანიის ნაკრების დამარცხება გვმართებს".
მორტენ
"ამაყი და ბედნიერი ვარ. ჩემმა ბიჭებმა ფანტასტიკურად იბრძოლეს! მართალია, ჰოლანდიელებს არაერთი მომენტი შეექმნათ, მაგრამ შანსები ჩვენც უხვად გვქონდა".
არიენ რობენი (ჰოლანდია):
"დარწმუნებული ვარ, რომ როცა დანიელები დასაძინებლად დაწვებიან, საკუთარ თავს ასეთ კითხვას დაუსვამენ: "ეს როგორ მოვახერხეთ?"
ტაქტიკა/სტრატეგია
ჰოლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოლოდინისამებრ არ იყო ტრავმირებული იორის მატეისენი და მის ნაცვლად, დაცვის ცენტრში, ჰეიტინგას გვერდით არა ბოუმა, როგორც ამას ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები ვარაუდობდნენ, არამედ ვლაარი ვიხილეთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვან მარვიიკმა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კუიტს აფელაი ამჯობინა.
დანიელთა თავკაც მორტენ ოლსენს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია: სკანდინავიელთა ტაქტიკური სქემა, ტრადიციული, 4-2-3-1 იყო - ბენდტნერი კი ერთადერთი ცენტრფორვარდი.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
მიქაელ კრონ-დელი (დანია)
დანიელთა მარცხენა გარემარბი შეტევების დროს ყველაზე აქტიური იყო და ჰოლანდიელი მცველები ყველაზე მეტად სწორედ მან ანერვიულა.
ოლსენის შეგირდებს ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ და რაც შექმნეს, უმეტესობა სწორედ კრონ-დელის დამსახურება გახლდათ.
მე-9 ნომერმა ჰოლანდიის ნაკრების მარჯვენა მცველი ვან დერ ვილი აშკარად დაჯაბნა და თანაც, გამარჯვების გოლიც მის ანგარიშზეა.
მატჩის უსუსტესი ფეხბურთელი
რობინ ვან პერსი (ჰოლანდია)
ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ვან მარვიიკი ცდება, ჰუნტელაარს ვან პერსის რომ ამჯობინებს, მაგრამ ფაქტია, რომ რობინს დანიასთან აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა.
აფელაი, სნეიდერი და რობენი "არსენალის" თავდამსხმელს პასებით უხვად ამარაგებდნენ, მაგრამ ვან პერსი ვერაფერს ახერხებდა.
რობინი თანაგუნდელებს ვერ უგებდა, ტექნიკური შეცდომები დაუშვა და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც ვერაფრით გამოირჩა.
მსაჯი
სლოვენიელმა დამირ სკომინამ თითქმის უშეცდომოდ იმსაჯა და მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ აღელვებულა. სკომინა მხოლოდ ერთ ეპიზოდში შეცდა, როდესაც ვან პერსის აგერისკენ უშნოდ მოქნეული ხელი ვერ დაინახა.
მატჩის მიწურულს დანიელთა კარში პენალტის დანიშვნა კი შეეძლო (იაკობსენს ბურთი ხელზე მოხვდა), მაგრამ რომ არ დანიშნა, ამაზე სერიოზულად ვერ მოვედავებით. ფეხბურთში ბოლო დროს ასეთი ეპიზოდებისთვის თერთმეტმეტრიანები იშვიათად ინიშნება.
მწვრთნელების დუელი
ვან მარვიიკის გადაწყვეტილება, კუიტის ნაცვლად სასტარტოში აფელაი გაემწესებინა, გამართლებული იყო იმ მხრივ, რომ ასე ჰოლანდიელთა წინა ხაზი უფრო კრეატიული გამოვიდა და თანაც, ვან პერსის თამაშის სტილს აფელაი უფრო ესადაგება.
პრობლემა იყო ის, რომ ამდენი კრეატიული შემტევის (აფელაი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი) გამწესებით, ნარინჯისფრების წინა ხაზი არაორგანიზებული გახდა. ჰოლანდიელებს შეტევებისას კონკრეტული სტრუქტურა აკლდათ და თუკი ვან მარვიიკის გუნდმა მეტოქეს მთელ რიგ მომენტებში მაინც აჯობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი შემტევების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ხდებოდა.
გარდა ამისა, ვან მარვიიკმა ვან დერ ვაარტისა და ჰუნტელაარის თამაშში ჩართვა აშკარად დააგვიანა.
ოლსენს სიახლეები არ შემოუთავაზებია: ამ შემადგენლობიდან ექვსნი 2010 წლის მუნდიალზეც დანიის ნაკრების ძირითადში თამაშობდნენ. თუმცა დანიის ნაკრები ორი წლის წინანდელთან შედარებით, უფრო თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს - თვით დენის რომედალმაც კი ისწავლა უკანახაზელებისთვის მიხმარება.
მეორე ტაიმში ოლსენმა სქემა შეცვალა და დანიელებმა თამაში 4-6-0-ით განაგრძეს - თვით ბენდტნერმაც კი უკან დაიხია და გამთამაშებლად გვევლინებოდა. შეცვლების მიზანი დაცვის გაძლიერება გახლდათ და როგორც ხედავთ, ამ კონცეფციამ გაამართლა.
ანალიზი
ჰოლანდიელებმა თამაში ადრეული პრესინგით დაიწყეს - თვით საყრდენმა ნახევარმცველებმა, დე იონგმა და ვან ბომელმაც კი არაერთხელ მოიპოვეს ბურთი მეტოქის ნახევარზე. ეს სარისკო სტრატეგია იყო, მაგრამ ჰოლანდია არ დაისაჯა, რადგან დანიელებს ბურთი თავისი ნახევრიდან მეტოქის ნახევარზე სწრაფად ვერ გადაჰქონდათ.
გოლი ჰოლანდიელი მცველების პოზიციური შეცდომისა და დანიელების უდიდესი მონდომების დამსახურება იყო: პოულსენმა და განსაკუთრებით კრონ-დელიმ ბოლომდე იბრძოლეს და ფაქტობრივად უშედეგობისთვის განწირული შეტევა ამ უკანასკნელმა გოლით დააგვირგვინა.
მართალია, ვან ბომელი დროულად იხევდა უკან, მაგრამ კრონ-დელის ვერც მან და ვერც ჰეიტინგამ ხეირიანად ვერ მიხედეს.
გოლის შემდეგ ჰოლანდიელთა პრესინგი დაიკარგა, რადგან ზიმლინგმა უფრო უკან დაიხია და მცველებთან ერთად, თავის საჯარიმოს მისადგომებთან დანიის ნაკრების რიცხვობრივი უპირატესობა შექმნა.
მეორე ტაიმი ჰოლანდიელებმა უკეთ დაიწყეს, რადგან ვან ბომელმა შეტევებში აქტიურად ჩართვა გადაწყვიტა და ამით საქმე სნეიდერსაც გაუადვილა - პრობლემა კი კვლავ ვან პერსი იყო. რობინმა მომენტები ვერ გამოიყენა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო თავდაუჯერებელი ხდებოდა. თანაც, კვისტი და ზიმლინგი საყრდენი ნახევარმცველის მოვალეობებს თავს კარგად ართმევდნენ.
ვან მარვიიკს ვან დერ ვაარტი და ჰუნტელაარი მოედანზე ცოტა ადრე რომ შეეყვანა, ჰოლანდიელებს შეიძლება მოეხერხებინათ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ შეიძლება, მეორე გოლიც გაეშვათ, რადგან დე იონგის თამაშიდან მოხსნით, მოედანზე ერთადერთი ჩამშლელი ნახევარმცველი (ისიც, უკვე გაყვითლებული ვან ბომელი) დარჩათ.
დასკვნა
დანიელებს გაუმართლათ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ გამარჯვება არ დაიმსახურეს, რადგან გოლის შემდეგ დისციპლინირებული ფეხბურთი ითამაშეს.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. I ტური
9.06 ხარკოვი. "მეტალისტი"
ჰოლანდია-დანია 0:1
ჰოლანდია (4-2-1-2-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი (85. კუიტი), ჰეიტინგა, ვლაარი, ვილემსი - ვან ბომელი, ნ. დე იონგი (71. ვან დერ ვაარტი) - სნეიდერი - რობენი, აფელაი (71. ჰუნტელაარი) - ვან პერსი.
დანია (4-2-3-1): ს. ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - კვისტი, ზიმლინგი - რომედალი (84. მიკელსენი), ერიკსენი (74. შიონე), კრონ-დელი - ბენდტნერი.
გოლი: 0:1 კრონ-დელი (24)
გაფრთხილება: ვან ბომელი - ს. პოულსენი, კვისტი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 28(5)-8(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 35 923
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
გერმანია-პორტუგალია 1:0 - სადაა ის ტემპი, იოახიმ?