გერმანია-პორტუგალია 1:0 - სადაა ის ტემპი, იოახიმ?

AutoSharing Option
ვიდეო
გერმანიის ნაკრებისგან უფრო სწრაფ ტემპს და თავბრუდამხვევ კომბინაციებს ველოდით - ცხადია, იმიტომ, რომ კარგად გვახსოვს, როგორ თამაშობდა ბუნდესგუნდი 2010 წლის მუნდიალზე.

მეტს ველოდით პორტუგალიის ნაკრებისგან და კონკრეტულად კრიშტიანო რონალდოსგანაც.

საბოლოოდ კი ვნახეთ დაძაბული თამაში და გერმანელთა გამარჯვება გვიანი გოლით.

პორტუგალიელებსაც ჰქონდათ მომენტები და უფრო მეტიც: ბურთი ორჯერ მოარტყეს მანუელ ნოიერის კარის ძელს.

რეაქციები
იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი):

"საერთო ჯამში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ და რაც მთავარია, სიკვდილის ჯგუფში პირველივე შეხვედრა მოვიგეთ.

კლოზეს
მოედანზე გამოყვანას უფრო ადრეც ვაპირებდი, მაგრამ მერე მოცდა გადავწყვიტე და როგორც ხედავთ, ინტუიციამ არ მიმტყუნა: გომესმა გაიტანა".


პაულუ ბენტუ (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი):
"მატჩის მიწურულს უდიდეს უპირატესობას ვფლობდით. გერმანელებმა მხოლოდ რამდენჯერმე ჩააწოდეს ჩვენს საჯარიმოში - ეს იყო და ეს, მეტი შანსი არ ჰქონიათ! შესაბამისად, შედეგი აბსოლუტურად ალოგიკურია.

დამაგვირგვინებელ ფაზაში სასტიკად არ გვიმართლებს! გოლის მომენტშიც არ გაგვიმართლა, რადგან ბურთმა ზუსტად გომესისკენ შეიცვალა მიმართულება".


ტაქტიკა/სტრატეგია
გერმანელი ექსპერტ-მიმომხილველები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ იოახიმ ლიოვი ძირითად შემადგენლობაში პერ მერტეზაკერს და მიროსლავ კლოზეს ათამაშებდა, მაგრამ შეცდნენ: ბუნდესგუნდის დაცვაში, ბადშტუბერის გვერდით ჰუმელსი ვიხილეთ, წინა ხაზზე კი - გომესი.

პორტუგალიელთა თავკაც პაულუ ბენტუს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია: როგორც მოსალოდნელი იყო, თავდასხმის ცენტრში ელდერ პოშტიგა ათამაშა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
მატს ჰუმელსი (გერმანია)

თუკი აქამდე საფეხბურთო გერმანიაში ბევრს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" დაცვის ბურჯი გერმანიის ნაკრებშიც სასტარტოში თამაშს იმსახურებს, ეს მატჩი ყველას დაარწმუნებდა, რომ ჰუმელსი მერტეზაკერს სჯობია - მატსი ბრწყინვალე იყო!

მეწყვილე ბადშტუბერს იდეალურად უგებდა და თუ პირველ წუთებში ერთი-ორ ანერვიულებას დავივიწყებთ, მთელი 90 წუთის მანძილზე უშეცდომო გახლდათ.

ჰუმელსმა თავისი საჯარიმოდან ყველა ბურთი შესაშურად გამოიტანა და ბოლო წუთებშიც, როცა პორტუგალია უკანმოუხედავ იერიშებზე გადავიდა, მოწოდების სიმაღლეზე იდგა. სხვათა შორის, ძალიან კარგი იყო სამი ხედირაც.

მატჩის უსუსტესი ფეხბურთელი
ელდერ პოშტიგა (პორტუგალია)

ბენტუს იმედი ჰქონდა, რომ ბეჯითი და ვერცხლისწყალივით მოძრავი პოშტიგა რონალდოსთან და ნანისთან ერთად გერმანიის ნაკრების დაცვას პრობლემებს შეუქმნიდა, მაგრამ "სარაგოსას" თავდამსხმელი დაკარგული იყო.

ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბუნდესგუნდის ცენტრალური მცველების, ჰუმელსის და ბადშტუბერის დამსახურებაა.

მსაჯი
ფრანგი არბიტრი სტეფან ლანუა 25-ე წუთზევე შეცდა, როცა პეპეზე ჯარიმა დააფიქსირა, არადა იმ შეტევას გერმანელთა გოლი მოჰყვა. 45-ე წუთზე პორტუგალიელები გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, მაგრამ პეპეს დარტყმის შემდეგ ბურთს ნოიერის კარის ხაზი არ გადაუკვეთია და შესაბამისად, ლანუამ სიტუაცია სწორად შეაფასა.

თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როცა ფრანგმა ისეთი ჯარიმები დააფიქსირა, ბევრი მსაჯი ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელებს ნებას რომ დართავდა. სამაგიეროდ, ყვითელი ბარათების ჩამორიგებისას არ შემცდარა.

მწვრთნელების დუელი
ლიოვი გამოცდილებაზე მეტად აქტუალურ ფორმას ენდო, როცა კლოზე და მერტეზაკერი სკამზე დასვა, ძირითად შემადგენლობაში კი გომესი და ჰუმელსი გაამწესა.

ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან მერტეზაკერს და კლოზეს გასული სეზონის მეორე წრეში სათამაშო პრაქტიკა აკლდათ.

ამ ლოგიკით, საუკეთესო ფორმაში არც შვაინშტაიერია, მაგრამ იოგისთვის ის შეუცვლელი ფიგურაა. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად უამრავი ალტერნატივისა, ლიოვმა პირველი ცვლილება მხოლოდ მე-80 წუთზე გააკეთა.

ბენტუმ უგო ალმეიდა ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო, რაც ამ თავდამსხმელის ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ლოგიკური გადაწყვეტილებაა. სამაგიეროდ, "სამუდამო ტალანტ" პოშტიგას ენდო და არც ამ ნაბიჯმა გაუმართლა - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პორტუგალიას ცენტრფორვარდი არ ჰყავს.

ცვლილებების განხორციელება არც პორტუგალიელთა თავკაცს უჩქარია, მაგრამ, ლიოვისგან განსხვავებით, მას ამის მიზეზი არც ჰქონია, მერე კი თამაშში მოძრავი ოლივეირა ჩართო. რომ არა გომესი და მისი გოლი, ბენტუს კონცეფცია შედეგს მოიტანდა.

ანალიზი
კრიშტიანო რონალდო ხშირად ინაცვლებდა თავდასხმის ცენტრში, ელდერ პოშტიგას კი მარცხენა ფლანგზე აგზავნიდა - როგორც ხედავთ, ბენტუმ ჟოზე მოურინიოს მიბაძა, რომელიც "რეალში" რონალდოს და ბენზემას უცვლის ხოლმე პოზიციებს.

პორტუგალიელები შეტევებს თავიდან უმეტესად მცველების, ბრუნო ალვეშის ან პეპეს გრძელი და მაღალი პასებით იწყებდნენ, რასაც არც შედეგი მოჰყოლია და კრიშტიანოც ვერ დაიტვირთა ისე, როგორც უნდა დატვირთულიყო.

საწყის წუთებში გერმანიას ბურთის ფლობის 65-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ ეს პირველ რიგში იმის დამსახურება იყო, რომ ბუნდესგუნდის ფეხბურთელები თავიანთ ნახევარზე ბევრ მოკლე პასს აკეთებდნენ, პორტუგალიელთა ნახევარზე კომბინირება კი უჭირდათ, რადგან მეირელეში, მოუტინიო და ველოსო კომპაქტურად იდგნენ და ცენტრს ამაგრებდნენ.

ბუნდესგუნდის ნახევარმცველთაგან ყველაზე უკეთ ხედირა გამოიყურებოდა, რომელიც ყველა ბურთზე თავდაუზოგავად იბრძოდა და კარგი პასებიც არიგა. შვაინშტაიგერი კი შედარებით მოკრძალებული გახლდათ. ვერ იფრინა იოზილმაც, რადგან ველოსო ხშირად პერსონალურ დაცვას ეთამაშებოდა.

მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა გერმანელთა ნახევარზე მეტი გაბედეს, რადგან მოუტინიო შეტევებში უფრო აქტიურად ერთვებოდა და მარცხენა ფლანგზე გაცილებით გააქტიურდა კოენტრაოც.

გომესის გოლამდე არაერთხელ ვიფიქრეთ, რომ გერმანელები ტემპს მოუმატებდნენ, მაგრამ არაფერიც: მაინც უჩვეულოდ ზანდატ უტევდნენ. პოდოლსკი და მიულერი უმეტესად თავისთვის თამაშობდნენ და იოზილს ვერაფერში დაეხმარნენ.

დასკვნა
მთელ თამაშს თუ შევაჯამებთ, უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი შედეგი ლოგიკური იქნებოდა. გერმანიის ნაკრებმა 9 ივნისს მხოლოდ ის დაამტკიცა, რომ ქომაგებს თავიანთი გუნდის მცველების არ უნდა ეშინოდეთ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. I ტური
9.06. ლვოვის სტადიონი
გერმანია-პორტუგალია 1:0
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მიულერი (94. ლ. ბენდერი), იოზილი (87. კროოსი), პოდოლსკი - გომესი (80. კლოზე).
პორტუგალია (4-3-2-1): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, კოენტრაო - მიგელ ველოსო, რაულ მეირელეში (80. ვარელა), ჟოაო მოუტინიო - ნანი, კ. რონალდო - ელდერ პოშტიგა (70. ნელსონ ოლივეირა).

გოლი: 1:0 გომესი (72)

გაფრთხილება: ბადშტუბერი, ბოატენგი - ელდერ პოშტიგა, კოენტრაო

კუთხური: 2-11; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12(4)-11(7); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 32 990

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ჰოლანდია-დანია 0:1 - კრონ-დელის ხომ მიქაელი ჰქვია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული