ტიფოზებმა შვებით ამოისუნთქეს, იტალია კმაყოფილია!

AutoSharing Option
საფეხბურთო იტალია "სკუადრა აძურასგან" ასეთ თამაშს არ ელოდა. კვირას ჩეზარე პრანდელის სკანდალებით დატანჯულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტ ესპანეთთან ფრე (1:1) ითამაშა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

შესაბამისად, საფეხბურთო იტალიამაც შვებით ამოისუნთქა - გუნდი გუნდს ჰგავს.

მანიპულირებული მატჩების სკანდალმა "აძურას" კიდევ ერთხელ დაასვა დაღი და თანაც, რუსეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩში განადგურებისა (0:3) და ანდრეა ბარცალის დაშავების შემდეგ, რის გამოც პრანდელი იძულებული გახდა, ტაქტიკა სამ მცველზე გადაეწყო და დაცვის ცენტრში ნახევარმცველი დანიელე დე როსი გაემწესებინა, იტალიელებს თავიანთი
ნაკრების აღარ სჯეროდათ.

მაგრამ "აძურამ" ესპანეთთან საკმაოდ კარგად ითამაშა და ქულასთან ერთად, აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

"ბრავო! ჩვენ, იტალიელებს ყოველთვის შეგვიძლია ურთულეს მდგომარეობაშიც კი მაქსიმუმის მიღწევა", - განაცხადა სრულიად იტალიის თავკაცმა ჯორჯო ნაპოლიტანომ მატჩის შემდეგ.

პრანდელის გუნდი ესპანეთთან თამამად უტევდა, არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, დაცვაში ორგანიზებულად ითამაშა და მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან საპატიო 1:1-ს მიაღწია.

"მე სწორედ ასეთ გუნდზე ვოცნებობდი", - თქვა "აძურას" კაპიტანმა ჯიჯი ბუფონმა თამაშის შემდეგ. "სწორედ ეს არის იტალიის ნაკრები!" - დასძინა პრანდელიმ.

"სკუადრა აძურა" იტალიურმა პრესამაც შეაქო. "სი, იტალია - კარგი ხარ!" - წერდა "კორიერე დელო სპორტი". "ბელა იტალია. სწორედ ასე უნდა ითამაშოთ!" - ეს კი "გაძეტა დელო სპორტის" ჰედლაინია.

პრობლემა მხოლოდ ბალოტელია
საფეხბურთო იტალია უკმაყოფილო მხოლოდ მარიო ბალოტელის თამაშით დარჩა. პრობლემატურმა მარიომ ჯერ ყვითელი ბარათი აიკიდა და გაძევებასთან ახლოს იყო, მერე კი ასპროცენტიანი საგოლე მომენტი აბსოლუტურად უაზროდ გააფუჭა.

"ბალოტელი კარგი იყო მანამ, სანამ ჩაეძინებოდა", - ეს დანიელე დე როსის კომენტარია. "არ ვიცი, რა დაემართა იმ მომენტში ბალოტელის", - გაოცებული იყო პრანდელი.

მან გაცუდებული მომენტის შემდეგ მარიო მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ანტონიო დი ნატალე ჩართო, რომელმაც ოთხ წუთში ანგარიში გახსნა და დაამტკიცა, რომ სასტარტო შემადგენლობაში თამაშს ბალოტელიზე გაცილებით მეტად იმსახურებს.

თუმცა იტალიელებს ბალოტელისთვის არ სცხელათ. "ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ იტალიის ნაკრების ჩამოწერა ყოველთვის დიდი შეცდომაა", - ეს ბუფონის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-იტალია 1:1- იტალიამ ქულა და სიმპათიები დაიმსახურა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული