მატს ჰუმელი: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება გვინდა!

AutoSharing Option
მატს ჰუმელსს უნიჭიერეს და უკვე ჩამოყალიბებულ, მაღალი დონის მცველად აქამდე მხოლოდ დორტმუნდში აღიარებდნენ.

თავის დროზე მიუნხენის "ბაიერნმა" ჰუმელსი ისე გაუშვა, ხელმძღვანელებს ერთხელაც არ წამოსცდენიათ, ეს რა მცველს ვკარგავთო და ჰუმელსი "დორტმუნდში" მაშინვე შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა.

მიუხედავად ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებისა, მატსი გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებოდა და ბევრს გაუკვირდა, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პორტუგალიასთან სასტარტოში რომ გაამწესა, მაგრამ ჰუმელსმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დაკვირვებულ მკითხველს ეხსომება, რომ მატსი გერმანია-პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად
დავასახელეთ.

ჰუმელსი თავის მეწყვილე ბადშტუბერს იდეალურად უგებდა და თუ პირველ წუთებში ერთი-ორ ანერვიულებას არ ჩავთვლით, მთელი 90 წუთის მანძილზე უშეცდომო გახლდათ. დღეს ჰოლანდია-გერმანიაა და ფაქტია, რომ იოგი ჰუმელსს ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდებს. ჰოლანდიელებთან თამაშის წინ მატსს "ბილდი" გაესაუბრა.

- ჰერ ჰუმელს, შვეიცარიასთან ამხანაგურ მატჩში გერმანიამ ხუთი გოლი გაუშვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავწერეთ, რომ თქვენ სასტარტოში უნდა გეთამაშათ. როგორც ჩანს, ლიოვიც ასე ფიქრობდა და პორტუგალიასთან ძირითად შემადგენლობაში გაგამწესათ, პერ მერტეზაკერი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. თქვენ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეთ! არადა, საყოველთაო აზრით, სასტარტოში მერტეზაკერი მოიაზრებოდა...
- სიმართლე გითხრათ, მეც არ ველოდი, რომ პორტუგალიასთან ვითამაშებდი და ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ უნდა მეთამაშა. თუმცა ეს ჯერ კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ მე უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრი ვარ. ასეთი სტატუსის მოსაპოვებლად ნაკრებში წლების მანძილზე მაღალ დონეზე თამაშია საჭირო. ახლა რომ ვთამაშობ, ეს მხოლოდ ახლა შექმნილი სიტუაციის დამსახურებაა.

- ვითომ?
- პორტუგალიასთან რომ არ მეთამაშა, ვიფიქრებდი, რომ არც ჰოლანდიასთან ვითამაშებდი. ახლა კი, რახან ვგრძნობ, რომ ოთხშაბათსაც ძირითად შემადგენლობაში ვიქნები, ცხადია, ძალიან მინდა, რომ ყველა შეხვედრაში ვიასპარეზო, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ შეიძლება მეც მომიხდეს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა.

- როგორი რეაქცია ჰქონდა მერტეზაკერს, როცა გაირკვა, რომ ძირითადში თქვენ უნდა გეთამაშათ?
- პერთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაქვს და მექნება. თამაშის წინ არაფერი უთქვამს, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ჩემთან მოვიდა და კარგი თამაში მომილოცა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მერტეზაკერი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია.

- ჰოლანდიელებმა დანიასთან წააგეს და ფაქტია, რომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით იბრძოლებენ. რას ფიქრობთ ამ თამაშზე?
- ჩვენი მიზანი ჰოლანდიის ნაკრების დამარცხებაა, რამაც შესაძლოა, მეოთხედფინალში თამაში გაგვინაღდოს. ყოველ შემთხვევაში, ამ თამაშის მოგებით პლეი ოფისკენ, მინიმუმ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება გვინდა, ფრე არ დაგვაკმაყოფილებს.

- პირადად თქვენ რობინ ვან პერსის განეიტრალება დაგევალებათ. მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშეთ და ვან პერსიმ დორტმუნდის
"ბორუსიას" ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა...
- გამოდის, რომ პირად დუელში აშკარად მიგებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვან პერსიმ გერმანიის ნაკრებთან ვერ იხეიროს.

კარგად ვიცი, როგორი ფეხბურთელია და როგორ მოძრაობს საჯარიმოში თუ მის მიღმა. რობინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მასთან ბრძოლა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული