ევრო 2012. პირველი ტურის შეჯამება: იტალიელი დირიჟორი და გერმანული ბეტონი

AutoSharing Option
დროა, ჯგუფური ეტაპის პირველი ტური შევაჯამოთ: გერმანიამ პორტუგალიასთან ვერ იფრინა, მაგრამ ბუნდესგუნდის დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. სამაგიეროდ, იფრინა რუსეთმა - დიკ ადვოკაატის ბიჭებმა მაღალი ტემპით და ეფექტური გოლებით გაგვაოცეს. პირველი ტურის საუკეთესო მატჩი უდავოდ იტალია-ესპანეთი იყო, ანდრე პირლო კი - ტურის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს ყველაფერი ტურის სიმბოლურ ნაკრებზეც ("ლელოს" ვერსია) აისახა:

1. მანუელ ნოიერი (გერმანია): ვერ ვიტყვით, რომ ბუნდესგუნდის მეკარეს პორტუგალიასთან მატჩში ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ აბსოლუტურად უშეცდომოდ ითამაშა, ძალიან თავდაჯერებული იყო და გერმანელები ორჯერ გადაარჩინა. განსაკუთრებით რთული დარტყმა ვარელას
აუღო.

2. ჯერომ ბოატენგი (გერმანია): კრიშტიანო რონალდომ გერმანიასთან უხეიროდ რომ ითამაშა, ეს, პირველ რიგში, ბუნდესნაკრების მარჯვენა მცველის, ჯერომ ბოატენგის დამსახურებაა.

3. სიმონ პოულსენი (დანია): ძალიან კარგი იყო დანიელთა განაპირა მცველიც და თანაც, არც მას ჰყავდა იოლად გასაჩერებელი ვიზავი: პოულსენმა არიენ რობენს, ფაქტობრივად, არაფერი გააბედვინა და შეტევებშიც ეფექტურად ერთვებოდა.

4. დანიელე დე როსი (იტალია): ჩეზარე პრანდელიმ საყრდენი ნახევარმცველი დე როსი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშა და რომაელმაც იმედები არ გაუცრია. დე როსიმ განმუხტა ყველაფერი, რისი განმუხტვაც შეეძლო და როგორც პოზიციურად, ისე ორთაბრძოლებში, უშეცდომო იყო.

5. მატს ჰუმელსი (გერმანია): ჰუმელსმა პორტუგალიასთან კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - დაცვაში ხომ უნაკლო იყო და შეტევებშიც რამდენჯერმე ძალიან ეფექტურად ჩაერთო.

6. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი): ესპანელთა მხრიდან ყველაზე კარგად ინიესტამ ითამაშა. ტაქტიკურად დისციპლინირებული იტალიელების წინააღმდეგ ანდრესი "ფურია როხას" ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი გახლდათ. იტალია-ესპანეთი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო მატჩი გახლდათ, რომელშიც ინიესტაზე უკეთ მხოლოდ ანდრეა პირლომ იასპარეზა.

7. ალან ძაგოევი (რუსეთი): რუსეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არა ალან ძაგოევს, არამედ მარატ იზმაილოვს მოიაზრებდნენ. ადვოკაატი კი ახალგაზრდა ნახევარმცველს ენდო და მანაც იდეალურად ითამაშა. ძაგოევმა ჩეხებს ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაუტანა და რუსეთის ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვება დიდწილად სწორედ მან განაპირობა.

8. რომან შიროკოვი (რუსეთი): შიროკოვი ზირიანოვსა და დენისოვთან ერთად რუსეთის ნაკრების ხერხემლის მთავარი დასაყრდენი იყო - თანაგუნდელები მას ყოველთვის იოლად პოულობდნენ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მშვენიერი გოლიც გაიტანა.

9. მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია): ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ირლანდიას დუბლი შეუსრულა. გარდა ამისა, მანჯუკიჩი ბევრს მოძრაობდა და ევერტონელ იელავიჩთან ერთად ირლანდიელი მცველები არ ამოასუნთქა.

10. ანდრეა პირლო (იტალია): იტალიის ნაკრების დირიჟორმა თავისი გენიალური პასებით და მოედნის უნიკალური ხედვით კიდევ ერთხელ გაგვაოცა და ანტონიო დი ნატალემაც გოლი, რასაკვირველია, მისი გემრიელი პასით გაიტანა. პირლო "აძურასთვის" შეუცვლელი, ფასდაუდებელი ფიგურაა.

11. ანდრეი შევჩენკო (უკრაინა): ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი ამბობდა, შევჩენკო უკვე ჩამოწერილია და ევრო 2012-ის განაცხადში მხოლოდ იმიტომ შეიყვანეს, რომ უკრაინული ფეხბურთის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვსო.

შვედეთთან მატჩის შემდეგ შევას კრიტიკოსები აუცილებლად დადუმდებოდნენ: მართალია, პირველიდან ბოლო წუთამდე საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ორჯერ დაამტკიცა, რომ საგოლე ალღო და შესრულების ტექნიკა დღემდე არ ღალატობს და უკრაინას ბრწყინვალე დუბლით უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ნოიერი ტო? ბუფონმა და კასილასმა რეებიც აკეთეს მაგის ნახევარი დამსაურებაც არ ქონია მანუს მაგ თამაშში..........

უფრო ალბათ მაინც კასილასი მაგ ორში, რადგან იტალიელთა მომენტები უფრო მწვავე იყო(იმ კუთხით რო ტორესმა და სხვა ესპანელებმა ეგ მომენტები რაც ქონდათ ბოლომდე ვერ მიიყვანეს და მოტას დარტყმა გოლი იყო პრაქტიკულად იკერა რო არა)
იბრა
13:35 13-06-2012
0
ეს ვინც შეადგინა მან ფებურთი მართლა არ იცის, ან გერმანიის გულშემატკივარი, რა ნოიერი ღადაოოობთ ? ვაიმე როგორ მეცოდებით... თქვენი ჟურნალისტობა ****** მეე.. აზრზე არ ხართ რაა.. ნოიერიიი :)))) ან ბოატენგს იქ რა უნდააა? კარგით რა...
shalva
17:34 13-06-2012
0

სიახლეები პოპულარული