ჰოლანდია VS გერმანია - ომი თუ მშვიდობა?

AutoSharing Option
გერმანია-ჰოლანდია ფეხბურთის კლასიკაა და ამ ორი გუნდის დაპირისპირებას ყოველთვის თან ახლავს უდიდესი ვნებათაღელვა.

პირველ ტურში ჰოლანდიელები დანიელებთან დამარცხდნენ, რაც მათ გერმანიასთან დუელის წინ უმძიმესი წნეხის ქვეშ აქცევს.

სხვათა შორის, ნარინჯისფერებმა დიდ ტურნირზე პირველი თამაში ბოლოს 1988 წელს წააგეს და ბოლოს ევროპის ჩემპიონები გახდნენ. გერმანიას კი პირველი თამაში მოგებული აქვს და მეორე გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურის განაღდება შეუძლია.

ჰოლანდია და გერმანია დიდ ტურნირზე ერთმანეთს ბოლოს ევროპის რვაწლისწინანდელ ჩემპიონატზე შეხვდნენ და ის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა - გოლები ტორსტენ ფრინგსმა და რუუდ
ვან ნისტელროიმ გაიტანეს.

ჰოლანდიელები წნეხს გრძნობენ
"ეს თამაში უნდა მოვიგოთ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ! ამ შესანიშნავ თაობას ტიტულის მოგების უკანასკნელი შანსი აქვს და გერმანელებთან ბრძოლისას ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს," - აცხადებს ჰოლანდიელთა კაპიტანი მარკ ვან ბომელი და ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნარინჯისფერები გრძნობენ, თუ რაოდენ მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან მოქცეულები.

"მე ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრების დამარცხებას შევძლებთ," - ოპტიმისტურადაა განწყობილი გამთამაშებელი ვესლი სნეიდერი, რომელმაც გუშინდელ პრესკონფერენციაზე ბუნდესგუნდთან გამარჯვების სტრატეგიაზეც ისაუბრა: "მთავარია, დანიასთან დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ, გერმანელებს სივრცეები შევუზღუდოთ, თამამად შევუტიოთ და ჩვენი შანსები გამოვიყენოთ," - თქვა 28 წლის ფლეიმეიქერმა.

ვან ბომელის საბრძოლო განწყობა და სნეიდერის ოპტიმიზმი კი კარგია, მაგრამ ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები ამ დღეებში წერდნენ, ბერტ ვან მარვიიკის გუნდში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობა და ცუდი ატმოსფეროაო.

კლაას-იან ჰუნტელაარისა და რობინ ვან პერსის დაპირისპირებაზე ჰოლანდიურ პრესაში აღარაფერი დაწერილა. სამაგიეროდ, გამოცემა "დე ტელეგრააფი" გუშინდელ ნომერში იტყობინებოდა, რომ ახლა ერთმანეთს ნახევარმცველები ნაიჯელ დე იონგი და რაფაელ ვან დერ ვაარტი წაეკიდნენო.

დე იონგი უკმაყოფილოა იმით, რომ ვან მარვიიკმა დანიასთან მატჩში მოედნიდან გაიყვანა, ვან დერ ვაარტს კი მიაჩნია, რომ მოედანზე გვიან შეუშვეს. რაფაელი არც ამ დღეებში მალავდა თავის უკმაყოფილებას და ვან მარვიიკი საჯაროდ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა - მას თავისი ამოჩემებული ფეხბურთელები ჰყავს და არა მგონია, რომ ძირითად შემადგენლობაში მათამაშოსო.

მტრობა ჰო, ომი - არა!
გერმანელები ჰოლანდიელებთან უპრინციპულეს და ისტორიულად დრამატულ ბრძოლას შედარებით მშვიდად უდგებიან.

ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო დაპირისპირებები ყოველთვის უმძაფრესი იყო და დერბის სახე ჯერ კიდევ 70-იან წლებში მიიღო, მაგრამ გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს სიტყვა "ომის" გაგონება არ სურს.

"ასეთი სიტყვების ხსენებით ვერც ჩვენ და ვერც ჰოლანდიელები შორს ვერ წავალთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს, პირველ რიგში, ფეხბურთია," - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე 52 წლის ბუნდესმწვრთნელმა და იქვე დასძინა, უმჯობესია, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება ყოველთვის ულამაზესი ფეხბურთის გარანტიაა, განსაკუთრებით კი, დიდ ტურნირებზე იქცა საფეხბურთო კლასიკადო.

შესაბამისად, ლიოვი, როგორც თავისი, ასევე მეტოქე გუნდის შესრულებით 13 ივნისსაც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ელის.

გარდა ამისა, ლიოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს, რადგან ის არ ემხრობა დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელმა გამარჯვების შემდეგ გუნდის ძირითადი შემადგენლობა არ უნდა შეცვალოს. ბუნდესმწვრთნელმა არ დააკონკრეტა, რომელ პოზიციაზეა მოსალოდნელი ცვლილება და მხოლოდ ის თქვა, რომ სასტარტო შემადგენლობაზე საბოლოოდ მხოლოდ დღეს ჩამოყალიბდება.

შვაინშტაიგერი: მძიმე მატჩი გველის
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ლიოვს ნოემბერში გამართული ამხანაგური შეხვედრა გაახსენეს, რომელშიც გერმანიამ ჰოლანდია 3:0 გაანადგურა, თუმცა გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა აღნიშნა, რომ გასული წლის მიწურულს და თანაც, ამხანაგურ მატჩში დაფიქსირებულ შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისივე თქმით, ნოემბერში ჰოლანდიის ნაკრებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა.

"რაკი პირველ ტურში დანიასთან წააგეს, ცხადია, რომ ჰოლანდიელები ჩვენთან გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ. ვფიქრობ, ჰოლანდიის ნაკრები პირველ მატჩში წაგებას არ იმსახურებდა. ძალიან ბევრი მომენტი შექმნეს და დარწმუნებული ვარ, რომ დანიის ნაკრებს სხვა დროს ათიდან ათ მატჩს მოუგებდნენ, ახლა კი, უბრალოდ, არ გაუმართლათ," - განაცხადა ლიოვმა.

მასთან ერთად, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ბასტიან შვაინშტაიგერიც წარსდგა, რომელიც მართალია, სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ საუკეთესო ფორმაში ჯერ არ არის. "რაც მთავარია, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თუმცა ისიც ვიცი, რომ ამაზე უკეთაც შემიძლია თამაში და ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, - აღნიშნა 27 წლის შვაინიმ, - დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირის მსვლელობისას ფორმასაც ბოლომდე აღვიდგენ".

შვაინშტაიგერი ჰოლანდიასთან მძიმე, მაგრამ სამართლიან და წესიერ ფეხბურთს ელის. წარსულის ისტორიებს მნიშვნელობას არც ბასტიანი ანიჭებს.

მატეისენი ითამაშებს! რას შეცვლის ლიოვი?
რაც შეეხება საკადრო საკითხებს: ჰოლანდიელებს დაცვის ბურჯი იორის მატეისენი სრულად გამოუჯანმრთელდათ და მთელი საფეხბურთო ჰოლანდიის აზრით, 13 ივნისს ეს უკანასკნელი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები ფიქრობენ, რომ ვან მარვიიკი მატეისენს ვლაარის ნაცვლად ათამაშებს.

გერმანელებსაც ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ. რაკი ლიოვი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცვლილება, პირველ რიგში, შეიძლება წინა ხაზს შეეხოს და იოგიმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე არა მარიო გომესი, არამედ მიროსლავ კლოზე ათამაშოს.

თუმცა გომესმა პორტუგალიასთან ბუნდესგუნდს სამი ქულა მოუტანა და წინა მატჩის გმირის შეცვლა ადვილი არ არის. შესაძლოა, ლიოვმა თომას მიულერი ან სულაც ლუკას პოდოლსკი შეცვალოს, რომლებმაც პორტუგალიასთან მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშეს.

სხვა ფეხბურთელები კი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის საფრთხე აშკარად არ ემუქრებათ.

ევრო 2012.
B ჯგუფი. II ტური
13.06. ხარკოვი. მეტალისტი. 22:45
ჰოლანდია-გერმანია
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ

სავარაუდო შემადგენლობები
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატეისენი, ვილემსი - ვან ბომელი, ნ. დე იონგი - რობენი, სნეიდერი, აფელაი - ვან პერსი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა, კროოსი - თ. მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - გომესი (ან კლოზე).
არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ბოლო ხუთი მატჩი
ჰოლანდია
ჰოლანდია-დანია 0:1
ჰოლანდია-ჩრდ. ირლანდია 6:0
ჰოლანდია-სლოვაკეთი 2:0
ჰოლანდია-ბულგარეთი 1:2
ინგლისი-ჰოლანდია 2:3

გერმანია
გერმანია-პორტუგალია 1:0
გერმანია-ისრაელი 2:0
შვეიცარია-გერმანია 5:3
გერმანია-საფრანგეთი 1:2
გერმანია-ჰოლანდია 3:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანია VS პორტუგალია - კრიშტიანო რონალდო, დაგვენახე!

მატს ჰუმელი: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება გვინდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული