დანია VS პორტუგალია - კრიშტიანო რონალდო, დაგვენახე!

AutoSharing Option
ჰოლანდიის დარად, პორტუგალიის ნაკრებიც უაღრესად დაწნეხილია. გერმანიასთან წაგების (0:1) შემდეგ კრიშტიანო რონალდოს და კომპანიას დანიასთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ - წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ ჯგუფში ჩარჩნენ.

ასე რომ, თუ მეოთხედფინალში გასვლა უნდა, პაულუ ბენტუს გუნდმა 13 ივნისს გაცილებით უკეთესი და რაც მთავარია, შედეგიანი ფეხბურთი უნდა აჩვენოს, რაც ძალიან ძნელი იქნება, რადგან დანიის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მებრძოლი და ასე ვთქვათ, შეკრული გუნდია.

ფაქტია, რომ დანიელები გაცილებით უკეთეს სიტუაციაში არიან და შესაბამისად, უფრო თავისუფლადაც ითამაშებენ.

ისევ პოშტიგა?
დანიელთა თავკაც მორტენ ოლსენს საკადრო
პრობლემები არ აწუხებს და ისიც ფაქტია, რომ 62 წლის სპეციალისტი ძირითად შემადგენლობას არ შეცვლის.

გამარჯვების შემთხვევაში დანიას მეოთხედფინალის საგზურის განაღდება შეუძლია, რაც საკმაოდ დიდი სენსაცია იქნებოდა, რადგან ნიკლას ბენდტნერსა და კომპანიას სიკვდილის ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ ოპტიმისტი დანიელი ქომაგები თუ უწინასწარმეტყველებდნენ.

პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში კი ცვლილებები ნამდვილად მოსალოდნელია.

ძირითადიდან ამოვარდნის საფრთხე, პირველ რიგში, ცენტრფორვარდ ელდერ პოშტიგას ემუქრება, რომელმაც გერმანიასთან აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო. შესაძლოა, ოლსენი ამჯერად უგო ალმეიდას ენდოს.

ბოლომდე გამოჯანმრთელდა რიკარდო კვარეშმაც, თუმცა ამ უკანასკნელის ძირითადში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა - ბენტუ არც ნანიზე იტყვის უარს და მით უმეტეს, არც რონალდოზე.

აღსანიშნავია, რომ დანიამ პორტუგალიას ბოლო ცხრა მატჩიდან შვიდი მოუგო - მათ შორის, ბოლო მატჩი ოქტომბერში (2:1). დანიელები ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და სხვათა შორის, 2010 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლშიც პორტუგალიასთან ერთად იყვნენ და ჯგუფში მაშინაც პირველი ადგილი დაიკავეს.

დანიის ნაკრებში ყვითელი ბარათები ვილიამ კვისტს და სიმონ პოულსენს აქვთ მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას მიიღებენ. პორტუგალიის ნაკრებში ასეთი საფრთხე ფაბიო კოენტრაოს და ელდერ პოშტიგას ემუქრებათ.

ევრო 2012. B ჯგუფი. II ტური
13.06. ლვოვი. არენა ლვოვი. 20:00
დანია-პორტუგალია
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ

სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-2-3-1): ს. ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - კვისტი, ზიმლინგი - რომედალი, ერიკსენი, კრონ-დელი - ბენდტნერი.
პორტუგალია (4-1-2-2-1): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო - მიგელ ველოსო - რაულ მეირელეში, ჟოაო მოუტინიო - ნანი, კ. რონალდო - ელდერ პოშტიგა (ან უგო ალმეიდა).
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

ბოლო ხუთი მატჩი
დანია
ჰოლანდია-დანია 0:1
დანია-ავსტრალია 2:0
დანია-ბრაზილია 1:3
დანია-რუსეთი 0:2
დანია-ფინეთი 2:1

პორტუგალია
გერმანია-პორტუგალია 1:0
პორტუგალია-თურქეთი 1:3
პორტუგალია-მაკედონია 0:0
პოლონეთი-პორტუგალია 0:0
პორტუგალია-ბოსნია 6:2

ევრო 2012.
B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 1 1 0 0 1-0 3
2. დანია 1 1 0 0 1-0 3
3. ჰოლანდია 1 0 0 1 0-1 0
4. პორტუგალია 1 0 0 1 0-1 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოლანდია VS გერმანია - ომი თუ მშვიდობა?


განხეთქილება პორტუგალიის ნაკრებში - კრიშტიანო რონალდოს მხარს მხოლოდ პეპე უჭერს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული