არა, არ გვეშლება: მართალია, 27 წლის მეგავარსკვლავმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ პორტუგალიელ ფანებს იმედები ისევ გაუცრუა.
რონიმ ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა: 50-ე წუთზე ბურთი პირდაპირ დანიელთა მეკარე ანდერსენს დაურტყა, 78-ეზე კი, ასევე თავისუფალ პოზიციაში მყოფმა, კარს ააცილა.
გასულ სეზონში 61 გოლის (!) ავტორი ყოველი იმედგაცრუების შემდეგ ხელს საგანგებოდ და სათუთად დავარცხნილ თმაზე ფრთხილად ისვამდა.
რონალდომ ვერც თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმები შეასრულა ხეირიანად: პირველი ტრიბუნებისკენ გაუშვა, მეორე კი (18 მეტრიდან) ცოცხალ
რონალდოზე ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ? არ დაგვავიწყდეს, რომ მას ამ ტურნირზე ყველაზე მეტი მოეთხოვება - იმიტომ, რომ ლიონელ მესი ევროპის ჩემპიონატზე არ თამაშობს!
პორტუგალიის ნაკრებისთვის კარგი ის იყო, რომ სხვებმა მოახერხეს საგოლე გადაცემების გაკეთებაც და გოლების გატანაც. პორტუგალიამ ასე საჭირო სამი ქულა აიღო და მეოთხედფინალში გასვლის რეალური შანსი შეინარჩუნა.
რეაქციები
მორტენ ოლსენი (დანიის ნაკრების მწვრთნელი):
"კარგად ვიბრძოლეთ, ორი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. თუმცა ეს შეხვედრა უკვე წარსულია. ახლა გერმანიასთან წლის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. მთელი კონცენტრაცია ამ თამაშისკენ უნდა მივმართოთ".
პაულუ ბენტუ (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"მე არ ვიტყოდი, რომ გაგვიმართლა, რადგან მიმაჩნია, რომ თუ რომელიმე გუნდი ამ თამაშის მოგებას იმსახურებდა, ეს, პირველ რიგში, პორტუგალიაზე ითქმის. კრიშტიანო რონალდოს ცუდად არ უთამაშია - უბრალოდ, გოლი ვერ გაიტანა. მთავარია, რომ მოვიგეთ!"
ტაქტიკა/სტრატეგია
ტაქტიკა, სტრატეგია და ძირითადი შემადგენლობა არცერთ მწვრთნელს შეუცვლია: მორტენ ოლსენის სქემა კვლავ 4-2-3-1 გახლდათ, დანიელთა ერთადერთი ცენტრფორვარდი კი - ისევ ნიკლას ბენდტნერი.
პაულუ ბენტუმ თამაში კვლავ სამი საყრდენით დაიწყო და აქცენტი თავის სუპერ-გარემარბებზე, ნანისა და კრიშტიანოზე გააკეთა, წინ კი ისევ ელდერ პოშტიგას ენდო.
საუკეთესო ფეხბურთელი
ნიკლას ბენდტნერი (დანია)
ბენდტნერმა თავი არცერთ ორთაბრძოლაში არ დაზოგა, საჰაერო დუელების აბსოლუტური უმრავლესობაც მოიგო, ბევრს დარბოდა და ძალიან კარგად იხსნებოდა. დანიის ნაკრების ნახევარმცველებს მისი მოძებნა არასდროს უჭირდათ - ნიკლასი პორტუგალიელ უკანახაზელებს ყოველთვის შესაშურად უსხლტებოდა. თანაც, ბურთი რამდენჯერმე თავადაც მოიპოვა, რაც ცენტრალური (მით უმეტეს, ერთადერთი) ფორვარდის მოვალეობა სულაც არ არის ხოლმე.
ნიკლასის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების ახსნა სპეციალურად არ დავიწყეთ იმით, რომ პორტუგალიის ნაკრებს ორივე გოლი მან გაუტანა - გვინდოდა, იმ ფაქტისთვის გაგვესვა ხაზი, რომ ბენდტნერის მარგი ქმედების კოეფიციენტი იმ ორი გოლის გარეშეც მაღალი იყო.
ყველაზე სუსტი ფეხბურთელი
სიმონ პოულსენი (დანია)
დანიის ნაკრების მარცხენა მცველმა პირველ ტურში, ჰოლანდიასთან, ძალიან კარგად ითამაშა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც კი შევიყვანეთ. ამჯერად კი მოედანზე ყველაზე უსუსური გახლდათ. პოულსენმა ვერც შეტევაში გააწყო რამე და თავისი უშუალო მოვალეობაც (გაენეიტრალებინა პორტუგალიელთა მარჯვენა გარემარბი ნანი) ვერ შეასრულა.
ელდერ პოშტიგამ ანგარიში 2:0 მას მერე გახადა, რაც ნანისგან მიიღო ბურთი. პოულსენმა კი ამ უკანასკნელს ხელი ვერაფრით შეუშალა.
გარდა ამისა, სიმონმა მხოლოდ ორთაბრძოლების 30 პროცენტი მოიგო, რაც დანიის ნაკრების ფეხბურთელთაგან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახლდათ.
მსაჯი
კრეიგ ტომსონმა, არც მეტი, არც ნაკლები, ნორმალურად იმსაჯა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მატჩი ნერვიული არ იყო. 29-ე წუთზე რაულ მეირელეშისა და მიქაელ კრონ-დელის ორთაბრძოლისას პორტუგალიელის გაძევება შეიძლებოდა, მაგრამ შოტლანდიელმა არბიტრმა მეირელეში დაინდო და თამაში არ გააფუჭა.
მწვრთნელების დუელი
მორტენ ოლსენმა თავისი გუნდი ზუსტად ისე ათამაშა, როგორც ჰოლანდიასთან და მიზნის მიღწევამდე ამჯერად ძალიან ცოტა დააკლდა.
სათამაშო უპირატესობას თითქოს პორტუგალია ფლობდა, მაგრამ დანიელები მრისხანედ "იკბინებოდნენ". მაგრამ დანიის ნაკრების პრობლემა ის არის, რომ ოლსენის გუნდი შეტევებისას ზედმეტადაა ორიენტირებული ნიკლას ბენდტნერზე, რის გამოც დანიელთა იერიშები იოლად პროგნოზირებადი ხდება.
როგორც გამოჩნდა, ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიასთან მარცხის შემდეგ ძირითადი შემადგენლობა რომ არ შეცვალა. ელდერ პოშტიგას თავდასხმის ცენტრი ამჯერად კარგად "ეჭირა" და გაცილებით ეფექტურად ირჯებოდა. მატჩის მიწურულს კი ბენტუმ დაამტკიცა, რომ კარგი ყნოსვა აქვს: პორტუგალიას შეცვლაზე შესულმა ვარელამ მოაგებინა.
გერმანიასთან წაგების შემდეგ ბენტუს თანამემამულე ჟურნალისტები მაგრად აკრიტიკებდნენ და ამ დღეებში რისხვის ქარცეცხლი ალბათ განელდება.
ანალიზი
დანიელები პირველ წუთებში ძალიან ღრმად განლაგდნენ და პორტუგალიელები ბურთს სკანდინავიელთა ნახევარზე აკონტროლებდნენ.
სამაგიეროდ, ოლსენის გუნდი ფლანგებიდან იკბინებოდა, პორტუგალიელთა იერიშების კონცეფცია კი ამჯერადაც გრძელ პასებზე ან ისევ ფლანგურ გარღვევებზე იყო აწყობილი, რაც ლოგიკურიცაა - პორტუგალიას გამთამაშებელი ხომ არ ჰყავს.
პირველი ტაიმის პირველ ნახევარში პორტუგალიის ნაკრები შეტევაში მოსალოდნელზე ნელა გადადიოდა - რონალდო და კომპანია ერთფეროვნად უტევდნენ. თუმცა რონალდო აქ, ფაქტობრივად, ტყუილად ვახსენეთ, რადგან კრიშტიანოსგან პირველ 20 წუთში ხეირი საერთოდ არ ყოფილა.
პეპეს გოლის შემდეგ კი პორტუგალია დამშვიდდა და ინიციატივა დანიის ნაკრებს გადაულოცა. ამასთან, რონალდოც გამოჩნდა - დერეფნებს ცენტრიდან დაუწყო ძებნა და რამდენჯერმე მიაგნო კიდეც.
დანიელები ცდილობდნენ, მაგრამ ხეირიანად ვერ უტევდნენ, რადგან გარემარბები კრონ-დელი და რომედალი, ფლანგის მცველებთან, იაკობსენთან და სიმონ პოულსენთან საერთოდ ვერ კომბინირებდნენ. ზიმლინგის იძულებითი შეცვლის შემდეგ შესამჩნევად შესუსტდა დანიის ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრიც, სადაც იაკობ პოულსენი თამაშში კარგად ვერ ჩაერთო, ვილიამ კვისტი კი საქმეს მარტო ვერ აუდიოდა.
შესაბამისად, ელდერ პოშტიგას გოლი, რომელიც ამ უკანასკნელმა ნანის პასით გაიტანა, მთლიანად დანიის ნაკრების უკანახაზელების სინდისზეა.
პორტუგალიელები დაცვაში გაცილებით ფხიზლად იყვნენ - პეპე და ბრუნო ალვეში პოზიციურ შეცდომებს აღარ უშვებდნენ და ორთაბრძოლებიც უხვად მოიგეს. დანიამ ორი გოლის გატანა რომ შეძლო, ეს, პირველ რიგში, ბენდტნერის დამსახურებაა, ხოლო ბრალი პორტუგალიელ განაპირა მცველებს მიუძღვით. პერეირამ და კოენტრაომ ზოგადადაც ცუდად ითამაშეს. მართალია, ვარელამ გამარჯვების გოლი სწორედ კოენტრაოს პასით გაიტანა, მაგრამ მაინც...
მეორე ტაიმში ბენტუს კონცეფცია უკვე ლოგიკური და გასაგები იყო: პორტუგალიის ნაკრებმა აქცენტი მთლიანად კონტრშეტევებზე გააკეთა, ბურთი კი დანიას დაუთმო. სკანდინავიელები მონდომებულები კი ჩანდნენ, მაგრამ ბურთს ზედმეტად ხშირად კარგავდნენ.
აშკარად გამოჩნდა, რომ ოლსენს ძალიან აკლია კარგი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ბურთის ცენტრიდან განაწილებას ითავებს და გარემარბებს გამჭოლი პასებით დროულად დატვირთავს.
ფაქტია, რომ ერიკსენი ამ ფუნქციას ისე ვერ ასრულებს, როგორც საჭიროა. ამიტომაც იყო, ბენდტნერი ასე ხშირად რომ იხევდა უკან და ბურთს ფლანგებზე თვითონ რომ ანაწილებდა. თუმცა მრავლობითში თქმა გადაჭარბებულია - ნიკლასი ამ დროს ბურთს უმეტესად მარჯვნივ, რომედალისკენ უშვებდა...
დასკვნა
დანიის ნაკრები სტატიკურ, პროგნოზირებად ფეხბურთს თამაშობს და მიუხედავად ამისა, ოლსენის გუნდმა ჰოლანდიის დამარცხების შემდეგ კინაღამ პორტუგალიაც გაამწარა.
პაულუ ბენტუს გუნდი ამჯერად უფრო ეფექტური გახლდათ, რაც სულაც არ არის გასაკვირი - სად გერმანია და სად დანია - მაგრამ ფაქტია, რომ თუ თავად რონალდო არ გახდა გაცილებით ეფექტური, პორტუგალიის ნაკრები ევრო 2012-ზე სერიოზულს ვერაფერს მიაღწევს.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური
ლვოვი. ლვოვი არენა
დანია-პორტუგალია 2:3 (იხილეთ ვიდეო)
დანია (4-2-3-1): ს. ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - კვისტი, ზიმლინგი (16. ი. პოულსენი) - რომედალი (60. მიკელსენი), ერიკსენი, კრონ-დელი (90. შიონე) - ბენდტნერი.
პორტუგალია (4-1-2-2-1): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო - მიგელ ველოზო - რაულ მეირელეში (84. ვარელა), ჟოაო მოუტინიო - ნანი (88. როლანდო), რონალდო -პოშტიგა (64. ოლივეირა).
გოლები: 0:1 პეპე (24), 0:2 ელდერ პოშტიგა (36), 1:2 ბენდტნერი (41), 2:2 ბენდტნერი (80), 2:3 ვარელა (87)
გაფრთხილება: ი. პოულსენი, იაკობსენი - რაულ მეირელეში, კ. რონალდო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 10(4)-15(6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 31 840
B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 2 2 0 0 3-1 6
2. პორტუგალია 2 1 0 1 3-3 3
3. დანია 2 1 0 1 3-3 3
4. ჰოლანდია 2 0 0 2 1-3 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-გერმანია 1:2 - მარიო გომესმა გერმანიას მიროსლავ კლოზე დაავიწყა