ევრო 2012. ჰოლანდიის ნაკრები სასოწარკვეთილია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებთან წაგებამ (1:2) საფეხბურთო ჰოლანდიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უდიდესი დისკუსიები წარმოქმნა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად ორი წაგებისა, ნარინჯისფერებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ მეოთხედფინალში გასვლის შანსი (ამისათვის საჭიროა, რომ გერმანიამ დანიას მოუგოს, ჰოლანდიამ კი პორტუგალია ორბურთიანი სხვაობით დაამარცხოს), მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჰოლანდიელებს თავიანთი გუნდის ოდნავადაც აღარ სჯერათ.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს სრული კრახის საფრთხე ემუქრება.

ჰოლანდია ამ ტურნირზე ვერანაირ როლს ვეღარ შეასრულებსო, თქვა გერმანიასთან მატჩის შემდეგ სატელევიზიო ექსპერტმა ვიმ ვან ჰანეგემმა, რომელიც 1974 წლის
ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ და ამ აზრს შემდეგი არგუმენტი შეაშველა: გაიხსენეთ, როცა რომელიმე დიდ ტურნირზე ფინალში გავდიოდით, მომდევნო ტურნირზე ყოველთვის სირცხვილს ვჭამდითო.

1974 წლის მუნდიალზე ჰოლანდიელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, ევრო 76-ზე კი იუგოსლავიაში შერცხვნენ; 1978 წლის მუნდიალზეც ფინალში იყვნენ, 1980 წელს კი იტალიაში ვერაფერი გააწყვეს; 1988 წელს გერმანიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ, 90-ში კი კვლავ სირცხვილი ჭამეს.

ჰოლანდიის ნაკრები ოდნავადაც აღარ ჰგავს იმ გუნდს, რომელმაც ორიწლისწინანდელ მუნდიალზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბერტ ვან მარვიიკის გუნდი თითქოს ნაწილებადაა დაშლილი!

ალბათ, ამიტომაც თქვა ვან მარვიიკმა გერმანიასთან მარცხის შემდეგ, ტაქტიკისა და სტრატეგიის შეცვლაზე სერიოზულად ვფიქრობ და დიდია იმის შანსი, რომ პორტუგალიასთან სულ სხვანაირად ვითამაშოთო.

ექსპერტების აზრით, ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის უპირველესი კანდიდატი ბერტის სიძე მარკ ვან ბომელია. ჰოლანდიური პრესა დიდი ხანია ამას ითხოვს – მათი აზრით, უმჯობესია, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში მეორე საყრდენად ვან ბომელზე გაცილებით კრეატიულმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ითამაშოს.

შესაძლოა, ვან მარვიიკმა ბოლოსდაბოლოს გადადგას ის ნაბიჯი, რასაც მისგან მთელი ჰოლანდია ითხოვს და კლაას-იან ჰუნტელაარი ძირითად შემადგენლობაში ათამაშოს, მის უკან რობინ ვან პერსი გაამწესოს, ვესლი სნეიდერი კი მარცხენა ფლანგზე გადასწიოს. ასეთი გადაადგილებები იბრაჰიმ აფელაის სათადარიგოთა სკამზე დასმას გამოიწვევდა...

ვან მარვიიკმა რობენი გააკრიტიკა
ჰოლანდიელთა თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა გერმანიასთან წაგების შემდეგ არიენ რობენი და იბრაჰიმ აფელაი გააკრიტიკა.

"იმედი გვქონდა, რომ ამ თამაშს მოვიგებდით, ან, მინიმუმ, არ წავაგებდით. რობინ ვან პერსიმ და კლაას-იან ჰუნტელაარმა კარგად ითამაშეს, აფელაი და რობენი კი არ ვარგოდნენ.

არადა, ჩვენი სტრატეგია დიდწილადაა დამოკიდებული გარემარბებზე. აფელაის და რობენს კარგად რომ ეთამაშათ, გერმანელებს ამ თამაშის მოგება ძალიან გაუჭირდებოდათ,"
- განაცხადა ვან მარვიიკმა.

შეგახსენებთ, რომ მან რობენი 83-ე წუთზე დირკ კუიტით შეცვალა და რობენმა მოედანი გაბრაზებულმა დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული