იტალია-ხორვატია 1:1 - "აძურამ", როგორც ყოველთვის, საქმე გაირთულა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
იტალიის ნაკრებმა ისევ ფრე ითამაშა, თუმცა ესპანეთთან 1:1-ისგან განსხვავებით, ხორვატიის ნაკრებთან დაფიქსირებულ ასეთივე ანგარიშს "სკუადრა აძურასთვის" არწაგებაზე მეტად ვერმოგება ეთქმის და ეს ჩეზარე პრანდელის გუნდისთვის წარუმატებლობაა.

თანაც, იტალიელები პირველ ტაიმში აშკარად დომინირებდნენ, მეტოქეს სჯობდნენ და ანდრეა პირლოს იდეალურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით იგებდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში მოეშვნენ და დაცვაში ისევ ერთი შეცდომა დაუშვეს, რომლითაც მარიო მანჯუკიჩმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

ეს გოლი ჯორჯო კიელინის სინდისზეა, მანჯუკიჩს კი უკვე სამი გოლი აქვს გატანილი, რითაც ბომბარდირთა რეიტინგში ალან ძაგოევს და მარიო გომესს
წამოეწია.

არადა, იტალიის ნაკრებს ცუდად არ უთამაშია - თვით მარიო ბალოტელიც ოდნავ გამოსწორებული ჩანდა, მეტად მოძრაობდა და კარგი მომენტებიც შეექმნა.

მოკლედ, იტალიელებმა ჯგუფში საქმე ტრადიციულად გაირთულეს...

რეაქციები
ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი):

"ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და საერთოდ, ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში ოდნავ ჩავთვლიმეთ და სამწუხაროდ, მივიღეთ გოლი, რომლის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა.

დღეს იტალიის ნაკრებს ცივსისხლიანობა აკლდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების და ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ჯგუფიდან გავალთ".


სლავენ ბილიჩი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"იტალიას იტალიურად უნდა ეთამაშო და წარმატებას მიაღწევ. ჩვენ არ დავნებდით, მაგრამ არც უკანმოუხედავ შეტევებზე გადავსულვართ, რადგან კონტრშეტევები მათი ოცნებაა, ჩვენ კი ეს ოცნება არ ავუხდინეთ, გოლი კი მაინც გავიტანეთ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ".

ტაქტიკა/სტრატეგია
მწვრთნელებმა ტაქტიკა და ძირითადი შემადგენლობა არ შეცვალეს. ჩეზარე პრანდელიმ ისევ 3-5-2 აირჩია და დაცვის ცენტრში კვლავ დანიელე დე როსი, ხოლო თავდასხმაში კი, ანტონიო კასანოსთან ერთად, ისევ მარიო ბალოტელი გაამწესა.

სლავენ ბილიჩის ტაქტიკური სქემა კი კვლავ 4-4-2 გახლდათ - რომბისებური ნახევარდაცვით, რომელშიც უმთავრესი როლი მოდრიჩს უნდა შეესრულებინა.

საუკეთესო ფეხბურთელი
ოგნენ ვუკოიევიჩი (ხორვატია)

4-4-2 ტაქტიკურ სქემაში, სადაც ნახევარდაცვა რომბისებურადაა განლაგებული, ანუ გუნდი ერთი ტიპური საყრდენით და გამთამაშებლით თამაშობს, იმ "ექვსიანს" უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება ხოლმე. ხორვატიის ნაკრებში ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ოგნენ ვუკოიევიჩი თამაშობს და ამ უკანასკნელმა მართლაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ბილიჩმა ვუკოიევიჩს მოდრიჩის უკან დგომა, მისი დაზღვევა და "ტოტენჰემის" ვარსკვლავის უკან "ყველაფრის გაწმენდა" დაავალა და კიევის "დინამოს" საყრდენმა ნახევარმცველმა ეს მისია ძალიან კარგად შეასრულა. ვუკოიევიჩს უმეტესად ორ ან სამ იტალიელთან უწევდა გამკლავება.

გარდა ამისა, დაამტკიცა, რომ მოედნის ხედვაც კარგი აქვს, დერეფნების გადაკეტვაც შეუძლია და ორთაბრძოლებშიც დაუნდობელია.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი
ჯორჯო კიელინი (იტალია)

ყველაზე სუსტი ფეხბურთელის არჩევა ძალიან გაჭირდა, რადგან ჩვენი დაკვირვებით, არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა საოცრად დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მატჩის ფლოპად ის მოთამაშე დაგვესახელებინა, რომელმაც გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა და ეს იტალიელთა საუკეთესო მცველი, ჯორჯო კიელინი გახლდათ.

მარიო მანჯუკიჩის გოლი სწორედ "იუვენტუსის" უკანახაზელის სინდისზეა - ჯორჯომ პოზიცია ცუდად შეარჩია, ბურთს ვეღარ შესწვდა და "ვოლფსბურგის" თავდამსხმელს ახლო მანძილიდან ბუფონისთვის აუღებელი დარტყმის შანსი დაუტოვა.

სწორედ ამ გოლმა ჩააგდო იტალია მძიმე მდგომარეობაში!

კიელინის სხვა შეცდომები არ დაუშვია, თუმცა, სხვათა შორის, პირველი ტაიმის ერთ ეპიზოდში ჯორჯოს იელავიჩიც მოხდენილად დაუსხლტა და კინაღამ ანგარიში გახსნა...

მსაჯი
ინგლისელმა ჰოვარდ ვებმა ისევ კარგი შთაბეჭდილება დატოვა: მატჩს, რომელშიც თამაშის წესები, მოლოდინისამებრ, ბევრჯერ დაირღვა, პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდა.

ერთ ეპიზოდში შეეძლო, იტალიის ნაკრების კარში პენალტი დაენიშნა (კიელინისა და იელავიჩის ორთაბრძოლა იტალიელთა საჯარიმოში), მაგრამ რომ არ დანიშნა, ვერც ამის გამო დავძრახავთ - ინგლისში ასეთ ეპიზოდებში წესების დარღვევას არ აფიქსირებენ ხოლმე.

ერთი სიტყვით, ვები მოწოდების სიმაღლეზე იდგა - მხოლოდ მისი ასისტენტები შეცდნენ ორჯერ და ორივე შემთხვევაში იტალია შემოეჩაგრათ: არარსებული თამაშგარე მდგომარეობების დაფიქსირებას ვგულისხმობთ.

მწვრთნელების დუელი
იტალიის ნაკრები უკიდურეს დაცვაში არც ესპანეთთან შეხვედრაში ჩამჯდარა, ხორვატიასთან კი ჩეზარე პრანდელიმ "აძურას" უფრო შემტევი ფეხბურთის თამაში უბრძანა. იტალიელები ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობას ფლობდნენ და თამაშს აკონტროლებდნენ.

პრანდელიმ ძირითადი შემადგენლობა არ შეცვალა, თუმცა კასანოს ამჯერად უფრო გამთამაშებლის როლი დააკისრა, ვიდრე თავდამსხმელისა.

მიზანი "აძურას" მეტი კრეატიულობა იყო, რასაც იტალიის ნაკრებმა მხოლოდ გარკვეულ ეპიზოდებში მიაღწია. მოტას ნაცვლად მონტოლივოს გამოყვანით ჩეზარემ იტალიის ნაკრებს ნახევარდაცვაში შედარებით უფრო შემქმნელი საყრდენი შემატა, დი ნატალეს გამოსვლამ კი ამჯერად შედეგი ვეღარ მოიტანა.

სლავენ ბილიჩს ირლანდიასთან გამარჯვების (3:1) შემდეგ ცვლილებების განხორციელების მიზეზი არც ჰქონია. უბრალოდ, აქცენტი შედარებით დაცვით ფეხბურთსა და კონტრშეტევებზე გააკეთა. პერიშიჩს და რაკიტიჩს უფრო იტალიელთა შეტევების ჩაშლაზე ორიენტირება და ვუკოიევიჩისთვის მიხმარება დაავალა.

მეორე ტაიმში ხორვატიის ნაკრების თავკაცმა პრანიჩისა და ედუარდოს შემოყვანით შეტევა გააძლიერა.

ანალიზი
მატჩის დასაწყისში იტალიის ნაკრების ნახევარდაცვა ძალიამ მოძრავი და მობილური გახლდათ. ყველაზე მეტს ტიაგო მოტა და კლაუდიო მარკიზიო დარბოდნენ, ანდრეა პირლო კი, ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით, შეტევებს უფრო სიღრმიდან იწყებდა.

ხორვატიის ნაკრების თითქმის ყველა შეტევა ან შეტევის მცდელობა კი მოდრიჩს უკავშირდებოდა, რომელსაც (განსაკუთრებით, მატჩის პირველ ნახევარში) იტალიელი საყრდენები გასაქანს არ აძლევდნენ.

პირველ წუთებში "სკუადრა აძურა" მოედნის ცენტრში სერიოზულ უპირატესობას დაეუფლა, რის გამოც ბილიჩმა რაკიტიჩსა და პერიშიჩს ვუკოიევიჩისთვის აქტიურად მიხმარება უბრძანა, რითაც მიზანს მიაღწია: ხორვატებმა მე-20 წუთისთვის მოედნის ცენტრში იტალიელთა დიდი უპირატესობა აღმოფხვრეს.

მიუხედავად ამისა, პირლოს გოლს მაინც ლოგიკური ეთქმის, რადგან იტალიელებმა ხორვატები პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნეს. შესვენებამდე ცხადად ჩანდა, რომ ხორვატიის ნაკრებს ორი თავდამსხმელი არ სჭირდებოდა, რადგან მანჯუკიჩიც და იელავიჩიც ზედმეტად არიან დამოკიდებულები პასებზე, მოდრიჩს კი იტალიელები კარგად ბოჭავდნენ. ამიტომაც იყო, მანჯუკიჩი ხშირად უკან რომ იხევდა, მაგრამ მარიო არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც სწრაფ კომბინაციებს გაითამაშებს და ბურთს თვითონ მიიტანს მეტოქის კარამდე.

თუკი პირლოს გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა, მანჯუკიჩმა ანგარიში კიელინის ინდივიდუალური შეცდომის წყალობით გაათანაბრა. ჯორჯომ სტრინიჩის ჩაწოდებისას ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა და მანჯუკიჩს ახლო მანძილიდან დარტყმის შანსი დაუტოვა, რომელიც ხორვატიის ნაკრების გოლეადორმა ხელიდან არ გაუშვა.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ხორვატები უფრო თამამად თამაშობდნენ, პრანიჩის მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი მეტწილად ფლანგებიდან უტევდნენ. იტალიელები კი თითქოს დაიღალნენ, უფრო სწორად, პირლო დაიღალა და ამის გამო მთლიანად "აძურას" ნახევარდაცვა დაღლილი გამოჩნდა. ანდრეას იდეები აღარ ჰქონდა და იტალიამ ხორვატია ვერაფრისდიდებით ვეღარ დაწნეხა.

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი იტალიელების იყო, ფრე უფრო ლოგიკური შედეგია, ვიდრე ალოგიკური, რადგან მეორე ტაიმში ხორვატებმა თავიანთი თამაში იპოვნეს, ხოლო მანჯუკიჩმა კიელინის შეცდომით ეფექტურად ისარგებლა.

ზოგადად, იტალიის ნაკრები პირველ ორ მატჩში მაგრად დაიხარჯა, შედეგს კი ვერ მიაღწია. ტაქტიკური თვალსაზრისით, პრანდელის გუნდს არაფერი დაეწუნება, მაგრამ ფაქტია, რომ "აძურამ" ხორვატიასთან მხოლოდ პირველ 30 წუთში ითამაშა მაღალ დონეზე.

მეორე ტაიმში კი იტალიელებს იდეები გამოელიათ და ზედმეტად მომლოდინე ფეხბურთს თამაშობდნენ, რის გამოც "სკუადრა აძურა" ადრეც არაერთხელ დასჯილა და აი, კიდევ ერთი ასეთი შემთხვევაც.

მესამე ტურში იტალიელებისთვის აუცილებელია ირლანდიის დამარცხება და კიდევ ის, რომ ესპანეთისა და ხორვატიის მატჩი 2:2 არ დამთავრდეს...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. II ტური
პოზნანი. მიეჟსკი
იტალია-ხორვატია 1:1 (იხილეთ ვიდეო)
იტალია (3-4-1-2): ბუფონი - ბონუჩი, დე როსი, კიელინი - მაჯო, მარკიზიო, მოტა (63. მონტოლივო), ჯაკერინი - პირლო - ბალოტელი (69. დი ნატალე), კასანო (83. ჯოვინკო).

ხორვატია (4-1-2-1-2): პლეტიკოშა - სრნა, ჩორლუკა, შილდენფელდი, სტრინიჩი - ვუკოიევიჩი - რაკიტიჩი, პერიშიჩი (68. პრანიჩი) - მოდრიჩი - მანჯუკიჩი (94. კრანჩარი), იელავიჩი (83. ედუარდო).

გოლები: 1:0 პირლო (39), 1:1 მანჯუკიჩი (72)

გაფრთხილება: მოტა, მონტოლივო - შილდენფელდი.

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(7)-10(8); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 38 000

C ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 1 1 0 5-1 4
2. ხორვატია 2 1 1 0 4-2 4
3. იტალია 2 0 2 0 2-2 2
4. ირლანდია 2 0 0 2 1-7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ირლანდია 4:0 - ფერნანდო ტორესმა ჯადო კელტებთან ახსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული