დანია VS გერმანია - შვაინშტაიგერი ვან ბომელს დანიასთან მოგებას შეჰპირდა?

AutoSharing Option
ზუსტად ვერავინ გაიგო და გამოარკვია, თუ რას ეუბნებოდა ბასტიან შვაინშტაიგერი მარკ ვან ბომელს გერმანია-ჰოლანდიის (2:1) საფინალო სასტვენის შემდეგ - გერმანიის ნაკრების ლიდერი ყოფილ თანაკლუბელს გადაეხვია, ვან ბომელს სახე ჩამოსტიროდა და რაღაც უთხრა.

ექსპერტების უმრავლესობის ვარაუდით, შვაინი ვან ბომელს დანიის ნაკრების დამარცხებას შეჰპირდა, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, ფაქტი კი ის არის, რომ ბასტიანმა ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი გაამხნევა...

რა შანსი აქვს დანიას?
ბოლო ტურის წინ ამ ჯგუფიდან მეოთხედფინალში თამაში არცერთ გუნდს არ აქვს განაღდებული და თვით ჰოლანდიის ნაკრებიც არაა უიმედოდ.

ფაქტია, რომ
ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში გერმანიის ნაკრებია - იოახიმ ლიოვის გუნდი ჯგუფიდან შეიძლება წაგების შემთხვევაშიც გავიდეს.

მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია დანიის ნაკრებსაც და ამისათვის მორტენ ოლსენის გუნდს სულ ორი სიტუაცია აწყობს: დანიელები ჯგუფიდან გავლენ თუ გერმანიას დაამარცხებენ (მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დამთავრდება ჰოლანდია-პორტუგალია) და იმ შემთხვევაში, თუ გერმანიასთან ფრეს ითამაშებენ, ხოლო პორტუგალია კი ჰოლანდიასთან წააგებს.

ზიმლინგი თუ პოულსენი?
ამრიგად, სკანდინავიელებისთვის გერმანიის ნაკრებთან მატჩი უმნიშვნელოვანესია. მორტენ ოლსენს ორი საკადრო პრობლემა აქვს: ვეტერანი მარჯვენა გარემარბი დენის რომედალი ნამდვილად ვერ ითამაშებს, საყრდენი ნახევარმცველის, ნიკი ზიმლინგის ასპარეზობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

27 წლის ზიმლინგი პორტუგალიასთან შესაცვლელი გახდა და მართალია, ექიმებმა თქვეს, სერიოზული არაფერიაო, თუმცა ფაქტია, რომ ტრავმა აწუხებს და მისი თამაში ძალიან სარისკოა. მართალია, ეს ის შემთხვევაა, როცა დანიელებს რისკზე წასვლა უღირთ, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ზიმლინგი ისევ ნაადრევად გახდეს შესაცვლელი და ამით ოლსენმა ერთი ცვლილება დაკარგოს? თანაც, მის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა იაკობ პოულსენმა პორტუგალიასთან საკმაოდ კარგად იასპარეზა.

ზიმლიგის ასპარეზობა ჰოლანდიასთან და პორტუგალიასთან მატჩების წინაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ ოლსენმა ორივე შეხვედრაში ათამაშა, რის გამოც ნიკის ტრავმა კიდევ უფრო გაუმიზეზდა და პორტუგალიასთან შეხვედრის მე-16 წუთზე შეცვლა მოითხოვა.

რაც შეეხება რომედალს: 33 წლის გამოცდილი გარემარბის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა და მას მარჯვენა ფლანგზე დიდი ალბათობით მიკელსენი შეცვლის.

კვისტი: გერმანია დაუნდობელია!
15 ივნისს დანიის ნაკრებიდან პრესკონფერენცია მხოლოდ მეორე საყრდენმა ნახევარმცველმა, ვილიამ კვისტმა გამართა, რომელიც ბუნდესლიგაში თამაშობს და გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს.

ამ დღეებში გერმანულ პრესაში არ წყდებოდა საუბრები იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, იოახიმ ლიოვმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს.

"გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე უკეთ დაკომპლექტებული გუნდია. მათ ყველა პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ და მეორე შემადგენლობითაც რომ ითამაშონ, ეს ჩვენთვის უპირატესობა არ იქნება, რადგან სათადარიგო ფეხბურთელები ყოველთვის დამშეულები არიან და ძირითად მოთამაშეებზე მინიმუმ ორჯერ მეტად ინდომებენ ხოლმე.

გერმანელებს სკამზე ისეთი სუპერვარსკვლავი ჰყავთ, როგორიცაა მარიო გიოტცე. არც მარკო როისი, მიროსლავ კლოზე და ტონი კროოსი უნდა დაგვავიწყდეს. თანაც, გერმანიის ნაკრებმა დანდობა არ იცის"
, - განაცხადა "შტუტგარტის" ნახევარმცველმა ვილიამ კვისტმა.

ბოატენგს ბენდერი შეცვლის
გერმანიის ნაკრების თავკაც ლიოვს 15 ივნისს პრესკონფერენცია არ ჩაუტარებია და შესაბამისად, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ვერ დაუსვეს კითხვა, აპირებს თუ არა წამყვანი მოთამაშეების დასვენებას. ამრიგად, ბუნდესგუნდს ოფიციალურად მხოლოდ ერთი საკადრო საკითხი აქვს გადასაჭრელი: მარჯვენა მცველი ჯერომ ბოატენგი დისკვალიფიცირებულია, რადგან ჰოლანდიასთან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

საყოველთავო აზრით, ლიოვი მის ნაცვლად დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლარს ბენდერს ათამაშებს.

მართალია, ლევერკუზენელი ტყუპისცალი ნომინალურად საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ლიოვმა დაცვაშიც გამოსცადა და გეხსომებათ, ლარსს ამ პოზიციაზე ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოიაზრებდა.

ამრიგად, გერმანიაში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბოატენგს ბენდერი შეცვლის.

პოდოლსკის მე-100 მატჩი
გერმანელთა ათიანისთვის, ლუკას პოდოლსკისთვის დანიასთან მატჩი განსაკუთრებულია: პოლდი ბუნდესგუნდის ფორმას დღეს მეასედ მოირგებს.

15 ივნისს 27 წლის პოდოლსკი გერმანელი ჟურნალისტების წინაშე ლიოვის ასისტენტ ჰანსი ფლიკთან და ბუნდესგუნდის გოლეადორ მარიო გომესთან ერთად წარსდგა.

ფლიკმა არ ისურვა იმ მოსაზრების დადასტურება, რომ ბოატენგს აუცილებლად ბენდერი შეცვლის - მისი თქმით ეს ლიოვის გადასაწყვეტია და იქვე დასძინა, ბოატენგის შეცვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობსო. ფლიკის თქმით, გერმანიის ნაკრების მიზანი დანიასთან გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, თუმცა ლიოვის ასისტენტმა ისიც თქვა, სკანდინავიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნებაო.

"საქმეები ძალიან კარგად მიგვდის, პირადად ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. ცხადია, ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მინდა", - ეს მარიო გომესის სიტყვებია.

ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ მესუთ იოზილს კუნთი ჰქონდა დაჭიმული, მაგრამ ფლიკის თქმით, მესუთი დანიასთან შეხვედრისთვის უკვე სრულ მზადყოფნაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოატენგი მართლაც გერმანელთა ერთადერთი საკადრო პრობლემაა...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. III ტური
17.06. დონეცკი. დობას არენა. 22:45
დანია-გერმანია
დისკვალიფიკაცია: ბოატენგი (გერმანია)
ტრავმა: ზიმლინგი (?), რომედალი (ორივე დანია)

სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-2-3-1): ს. ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - კვისტი, ი. პოულსენი - მიკელსენი, ერიკსენი, კრონ-დელი - ბენდტნერი.
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლ. ბენდერი, ჰუმელსი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - გომესი.

არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ბოლო ხუთი მატჩი
დანია
დანია-პორტუგალია 2:3
ჰოლანდია-დანია 0:1
დანია-ავსტრალია 2:0

ევრო 2012
დანია-ბრაზილია 1:3
დანია-რუსეთი 0:2

გერმანია
ჰოლანდია-გერმანია 1:2
გერმანია-პორტუგალია 1:0
გერმანია-ისრაელი 2:0

ევრო 2012
შვეიცარია-გერმანია 5:3
გერმანია-საფრანგეთი 1:2

B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 2 2 0 0 3-1 6
2. პორტუგალია 2 1 0 1 3-3 3
3. დანია 2 1 0 1 3-3 3
4. ჰოლანდია 2 0 0 2 1-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
იოახიმ ლიოვი: გერმანია ჯერჯერობით ფლეი ოფში არ არის

ფილიპ ლამი: ჯგუფიდან 9 ქულით გავალთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული