ევრო 2012. II ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, სამი ფეხბურთელით გერმანიის ნაკრები იყო წარმოდგენილი, მეორე ტურისაში კი ესპანელები სჭარბობენ. ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კი დავიდ სილვას ვასახელებთ.

1. ანდრეი პიატოვი (უკრაინა): უკრაინის ნაკრების მეკარემ საფრანგეთთან მატჩში თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და დაცვის ხაზსაც კარგად ხელმძღვანელობდა. მენეზის დარტყმა ბრწყინვალე რეაქციით მოიგერია და მექსესის თავურსაც შესანიშნავად გაუმკლავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღოდა. თუ პიატოვი ინგლისსთანაც ასე კარგად ითამაშებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინას მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

2. თეოდორ გებრე სელასიე (ჩეხეთი):
ჩეხეთის ნაკრების მარჯვენა მცველმა საბერძნეთთან მატჩში თავისი უშუალო მოვალეობაც უნაკლოდ შეასრულა და შეტევებშიც სახიფათოდ ერთვებოდა. კარაგუნისს და ჰოლებასს მის ფლანგზე ხეირის ნახვა უჭირდათ. მომდევნო სეზონში გებრე სელასიე ბრემენის "ვერდერში" ითამაშებს - გასაგებია, რატომაც...

3. ხორდი ალბა (ესპანეთი): პირველ ტურში, იტალიასთან, ხორდი ალბა სუსტი იყო, ირლანდიასთან შეხვედრაში კი უდიდესი პროგრესი დაეტყო.

"ფურია როხას" მარცხენა მცველს ირლანდიელებთან დაცვაში საქმე, ფაქტობრივად, არ ჰქონია, რის გამოც დროის უმეტესი ნაწილი შეტევებში გაატარა და აიკლო როგორც ო’ში, ისე დაფიც, რომელიც მეორე ტაიმში ო’შის ეხმარებოდა.

ესპანელები მარცხენა ფრთიდან განსაკუთრებით პირველ ტაიმში უტევდნენ და ალბა მოწოდების სიმაღლეზე იდგა: კარგი პასები არიგა, კომბინაციების უმეტესობას კი ინიესტასთან და ჩაბი ალონსოსთან ათამაშებდა.

4. ოგნიენ ვუკოიევიჩი (ხორვატია): ხორვატების საყრდენმა ნახევარმცველმა იტალიასთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თუ გახსოვთ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დავასახელეთ.

ბილიჩმა ვუკოიევიჩს მოდრიჩის უკან დგომა, მისი დაზღვევა და "ტოტენჰემის" ვარსკვლავის უკან "ყველაფრის გაწმენდა" დაავალა და კიევის "დინამოს" საყრდენმა ნახევარმცველმა ეს მისია იდეალურად შეასრულა.

ვუკოიევიჩს უმეტესად ორ ან სამ იტალიელთან უწევდა გამკლავება. გარდა ამისა, დაამტკიცა, რომ მოედნის ხედვაც კარგი აქვს, დერეფნების გადაკეტვაც შეუძლია და ორთაბრძოლებშიც დაუნდობელია.

5. ჰოლგერ ბადშტუბერი (შვედეთი): თუკი პირველი ტურის სიმბოლურში გერმანიის ნაკრების დაცვის ცენტრიდან მატს ჰუმელსი მოვახვედრეთ, ამჯერად ეს ჰოლგერ ბადშტუბერმა დაიმსახურა.

ბაიერნელი ჰოლანდიასთან პირველივე წუთებიდან ფხიზლად იყო, პირველ ტაიმში მძაფრი სიტუაციები ორჯერ და თანაც, ორივეჯერ სუფთად განმუხტა და შესვენებამდე გოლის გატანაც შეეძლო, როცა სტეკელენბურგის კარს თავით დაემუქრა.

ბადშტუბერმა მეორე ტაიმშიც უშეცდომოდ ითამაშა და როგორც მოედანზე, ისე ჰაერში ორთაბრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგო.

6. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი): ინიესტა ბრწყინვალე ფორმაშია და სიმბოლურს მიღმა ვერც მეორე ტურში დავტოვებდით: მოედნის ბრწყინვალე ხედვა, უდიდესი თავდაჯერება და არაერთი გრანდიოზული პასი - ანდრესი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

7. თეო უოლკოტი (ინგლისი): თეომ შვედეთთან მატჩში მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი გაატარა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საუკეთესო ყოფილიყო.

მართალია, გოლის მომენტში ცოტათი გაუმართლა (ეს გოლი ისაკსონის სინდისზეა), მაგრამ მერე უელბეკს ძალიან კარგი პასით გაატანინა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, უოლკოტმა ინგლისის ნაკრების წინა ხაზს მართლაც სიცოცხლე შემატა.

8. ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია): შვაინშტაიგერი ფორმაში შედის! მართალია, ჰოლანდიასთან შეხვედრის პირველ 15 წუთში თავდაუჯერებელი ჩანდა და თითქოს სამი ხედირას კარგად ვერ უგებდა, მაგრამ მერე თავისი თამაში იპოვნა და ბუნდესგუნდის ნახევარდაცვის ცენტრის ბატონ-პატრონად მოგვევლინა.

სიღრმიდან სამი შესანიშნავი პასიდან ორი მისმა თანაგუნდელებმა გოლით დააგვირგვინეს. შვაინი ორთაბრძოლებშიც ბრწყინვალე იყო და ბურთიც არაერთხელ მოიპოვა.

9. ფერნანდო ტორესი (ესპანეთი): "ელ ნინიომ" დაამტკიცა, რომ გოლების გატანა არ დავიწყებია! გარდა იმისა, რომ ირლანდიასთან დუბლი შეასრულა, მთელი მატჩის განმავლობაში ბევრი იშრომა, ხშირად ფლანგებზეც გადადიოდა და თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა.

10. დავიდ სილვა (ესპანეთი): ირლანდიელმა მცველებმა მისი შეჩერება ვერაფრით მოახერხეს! დავიდ სილვა საუკეთესო იყო ესპანელთა რიგებში და სამ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

11. მარიო გომესი (გერმანია): მარიომ ჰოლანდიასთანაც დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს მიროსლავ კლოზეზე მეტად იმსახურებს.

პირველი გოლი ტექნიკურად სრულყოფილად შეასრულა, მეორე გოლისას კი ოდნავ გაუმართლა, რადგან სტეკელენბურგი ნაადრევად ჩაწვა. გომესმა მეორე ტაიმშიც ბევრი ირბინა, მაგრამ კარში მხოლოდ ერთხელღა დაარტყა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრო 2012. II ტურის სტატისტიკა

ევრო 2012. პირველი ტურის შეჯამება: იტალიელი დირიჟორი და გერმანული ბეტონი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ანდრეა პირლო? ? ? არ გეთანხმებით !
მ ე
12:56 18-06-2012
0
რა უოლკოტი, ხომ არ აჩუკუნებთ... ადრეა პირლო უნდა იყოს მის მაგივრად
სენაკელი
19:46 18-06-2012
0

სიახლეები პოპულარული