ხორვატია განრისხდა: ვოლფგანგ შტარკმა გაგვაგდო!

AutoSharing Option
დიუსელდორფის ცნობილი, სკანდალური მატჩისა და ლევან კობიაშვილთან დავის შემდეგ, რაც ქართველი ფეხბურთელის შვიდთვიანი დისკვალიფიკაციით დამთავრდა, გერმანელი არბიტრი ვოლფგანგ შტარკი ევროპის ჩემპიონატზეც უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა.

მეტიც, ხორვატიისა და ესპანეთის გუშინწინდელი დუელის შემდეგ, რომელზეც სწორედ 42 წლის შტარკმა იმსაჯა, გერმანელ არბიტრს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.

შტარკს ხორვატიის ნაკრები აშკარად შემოეჩაგრა და ცხადია, ლანძღვის პირველი ტალღები სწორედ ხორვატებისგან წამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შტარკს კრიტიკა არც ესპანელებმა დააკლეს. არადა, ვოლფგანგმა პირველი მატჩი (პოლონეთი-რუსეთი 1:1) საკმაოდ კარგად იმსაჯა და ევროპის ჩემპიონატზე დარჩენის კარგი შანსი ჰქონდა. ახლა
კი, ალბათ, სახლში გაუშვებენ...

"გმირულად ვიბრძოლეთ და მსაჯმა დაგვჩაგრა!" - წერდა გუშინ ზაგრებული გაზეთი "დანასი". "ხორვატია მსაჯმა შტარკმა გააგდო!" - ეს კი გაზეთ "ჟუტარნი ლისტის" ჰედლაინია.

გერმანელი მსაჯის კრიტიკის უმთავრესი მიზეზი შეხვედრის 27-ე წუთზე მომხდარი ფაქტია, როცა ესპანელთა მცველმა სერხიო რამოსმა მარიო მანჯუკიჩთან ორთაბრძოლისას თამაშის წესები აშკარად დაარღვია (გაშლილი ფეხით იმოქმედა), შტარკმა კი პენალტი არ დანიშნა!

შტარკი გერმანელებმა და ესპანელებმაც გააკრიტიკეს
გერმანელი მსაჯი ამის გამო თანამემამულე ექსპერტებმაც კი გააკრიტიკეს: "შტარკმა ამ ეპიზოდში აშკარად შეცდომა დაუშვა. პენალტი უნდა დაენიშნა," - აცხადებს ყოფილი გერმანელი მსაჯი ურს მაიერი. ამ უკანასკნელმა კარის უკან მდგომი ფლორიან მაიერიც გააკრიტიკა - შექმნილი სიტუაცია ამ უკანასკნელს მაინც შეეფასებინა სწორად და შტარკისთვის ეთქვა, რომ პენალტი იყოო.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი ეპიზოდი, რომლის გამოც ხორვატები თავიანთ წარუმატებლობას გერმანელ მსაჯს აბრალებენ. არანაკლებ სკანდალური გამოდგა ის მომენტიც, როცა სერხიო ბუსკეტსმა კუთხურის დროს ვედრან ჩორლუკას კინაღამ მაისურა ჩამოახია...

"მსაჯი აშკარად დაგვეხმარა, რადგან ჩვენს კარში ორი ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა," - წერდა 19 ივნისს ესპანური გამოცემა AS-იც. ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა ორიწლისწინანდელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიც გაიხსენეს, როცა შტარკმა რეალელი პეპე ბარსელონელ დანი ალვეშთან ორთაბრძოლის გამო მოედნიდან მიაბრძანა. დაახლოებით ასეთივე საქციელისთვის მან გუშინწინ სერხიო რამოსი დაინდო!

საწუწუნო ესპანელებსაც ჰქონდათ, რადგან მატჩის მიწურულს პიკეს სახეში იდაყვი უთავაზეს, თუმცა ესპანელებს იმ მომენტისთვის პენალტი არ მოუთხოვიათ - ალბათ, ხვდებოდნენ, რომ შტარკმა იმ საღამოს ესპანეთის ნაკრებს ისედაც "ბევრი საქმე გაუკეთა".

უეფამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, რომელ არბიტრებს დატოვებს ევრო 2012-ზე პლეი ოფებისთვის. პირველ მატჩში მაღალი დონის მსაჯობის გამო შტარკს ევროპის ჩემპიონატზე დარჩენის კარგი შანსი ჰქონდა, ახლა კი გერმანელს, ალბათ, სახლში გაუშვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული