ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრების შედგენისას "ლელოს" უცხოური ფეხბურთის განყოფილებაში ბევრი ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ.

ასეთ დროს ტაქტიკურ სქემას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ წესია: საუკეთესო ფეხბურთელებისა და ტაქტიკის შესაბამისობა უნდა შედგეს.

ფაქტია, რომ ამ თერთმეტი ფეხბურთელის გარდა, სიმბოლურში მოხვედრას კიდევ არაერთი მოთამაშე იმსახურებდა, მაგრამ სიმბოლურში მხოლოდ თერთმეტი ადგილია.

შესაბამისად, ალბათ, უპრიანი იქნება, თუ, ასე ვთქვათ, სათადარიგოებსაც ჩამოვწერთ და ეს ბარემ აქვე გავაკეთოთ: მანუელ ნოიერი (გერმანია), ოლოფ მელბერგი (შვედეთი), ჩავი (ესპანეთი), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), კლაუდიო მარკიზიო (იტალია),
სამი ხედირა (გერმანია), ალან ძაგოევი (რუსეთი), მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია).

რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრების ძირითად შემადგენლობას:

1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
ფაქტია, რომ ყველაზე მეტად მეკარის შერჩევა გაგვიჭირდა. ამ პოზიციაზე სამი კანდიდატი გვყავდა: ჯანლუიჯი ბუფონი, მანუელ ნოიერი და იკერ კასილიასი.

ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა, საბოლოოდ ერთხმად მივედით ასეთ დასკვნამდე: ჯიჯი სულ სხვაა!

"სკუადრა აძურას" კარის დარაჯს ფანტასტიკური სეივები არ უკეთებია, მაგრამ ბუფონის გენიალურობა ხომ პოზიციის იდეალურად შერჩევაშია. რამდენიმე ბრწყინვალე სეივი ნაღდად შემოგვთავაზა, საერთო ჯამში კი იტალიელთა კარის უსაფრთხოება უფრო თავისი სიმსუბუქით, მაქსიმალური კონცენტრაციით და ქარიზმით განაპირობა.

იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი გოლი გაუშვეს და ჯიჯის ამ გოლებში იოტისოდენა ბრალიც კი არ მიუძღვის.

2. მატს ჰუმელსი (გერმანია)
გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ესპანელ შემტევ ნახევარმცველ დავიდ სილვასთან ერთად ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

კიდევ ერთხელ გვიწევს იმის გამეორება, რომ ჰუმელსის ძირითად შემადგენლობაში თამაშს ბევრი არ ელოდა - ევროპის ჩემპიონატის წინ ბუნდესგუნდის დაცვის ცენტრში ჰოლგერ ბადშტუბერთან ერთად არა დორტმუნდელი, არამედ პერ მერტეზაკერი მოიაზრებოდა, მაგრამ გერმანელთა თავკაცი იოახიმ ლიოვი სწორედ ჰუმელსს ენდო და ამ უკანასკნელმაც იმედები ასი პროცენტით გაამართლა.

ჰუმელსი სამივე მატჩში (თანაც, როგორ მეტოქეებთან?!) მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ფაქტობრივად, არცერთი პოზიციური შეცდომა არ დაუშვა (აღარაფერს ვამბობთ ინდივიდუალურ უშეცდომობაზე) და რაც ყველაზე საინტერესოა, რამდენჯერმე შეტევებშიც სახიფათოდ ჩაერთო.

ჰუმელსს მხოლოდ მეორე ტურში ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდა, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ეს შეგვეძლო, არც გვეთქვა. სხვა მხრივ, მატსი უნაკლო გახლდათ...

3. ჰოლგერ ბადშტუბერი (გერმანია)
...ისევე, როგორც ბადშტუბერი! თამამად უნდა ვთქვათ, რომ ბაიერნელთაგან გასული სეზონის უტიტულოდ დამთავრება ყველაზე ნაკლებად ბადშტუბერს ეტყობა.

ჰოლგერმა სამივე მატჩში დაამტკიცა, რომ არა მარტო გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობას იმსახურებს, არამედ ბუნდესგუნდის დაცვის ბურჯია. პოზიციურად ყველა ცენტრალურ მცველზე უკეთ თამაშობდა. მხოლოდ პორტუგალიასთან დაუშვა რამდენიმე უმნიშვნელო შეცდომა.

სამაგიეროდ, ბადშტუბერი შეტევებში ვერ ერთვება ისე, როგორც საჭიროა და ამ მხრივ ჰუმელსს მაგრად ჩამორჩება.

4. სტივენ ჯერარდი (ინგლისი)
ინგლისის ნაკრებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და, ფაქტობრივად, ვალდებულები ვიყავით, რომ ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში ერთი ინგლისელი მაინც ყოფილიყო.

არა, ამას იმიტომ არ ვამბობთ, რომ სტივენ ჯერარდმა ეს არ დაიმსახურა - უბრალოდ, მაინცდამაინც პირველი არჩევანი არ ყოფილა.

სიმბოლურ ნაკრებში ერთი კლასიკური ჩამშლელი, ტიპური "ექვსიანი" აუცილებლად უნდა იყოს და ვფიქრობთ, ასეთებიდან აქ მოხვედრას გერმანელთა მშრომელი საყრდენი სამი ხედირა იმსახურებდა, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მიზეზის გამო არჩევანი ჯერარდზე შევაჩერეთ.

ფრენკ ლემპარდის არყოფნაში სტივი ინგლისის ნაკრების შუა ხაზის შეფია. სამივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სამი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. მის გარდა, ასეთი შედეგით მხოლოდ მთლიანად პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დავიდ სილვა თუ დაიკვეხნის.

5. დანიელე დე როსი (იტალია)
როცა დავრწმუნდით, რომ ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრებისთვის 3-მცველიან ტაქტიკას ვერსად გავექცეოდით (ფლანგის მცველებს არ უფრენიათ), მაშინვე მივხვდით, რომ ცენტრისთვის დანიელე დე როსი იყო ზედგამოჭრილი.

ჩეზარე პრანდელიმ "რომას" ნახევარმცველი (ვიმეორებთ: ნახევარმცველი) ესპანეთსა და ხორვატიასთან სწორედ ასეთ ტაქტიკურ სქემაში, დაცვის ცენტრში ათამაშა და დე როსი მისთვის ერთი შეხედვით უჩვეულო პოზიციაზე ბრწყინვალე იყო. ირლანდიასთან კი თავის პოზიციას დაუბრუნდა და იქაც ჩვეულად ითამაშა, თუმცა სიმბოლურ ნაკრებში ცენტრალური მცველის რანგში მოხვედრა დაიმსახურა.

იტალიელებმა ესპანეთთანაც გაუშვეს გოლი და ხორვატიასთანაც, მაგრამ დე როსი ორივე გოლის დროს აბსოლუტურად უდანაშაულო იყო, ბონუჩის და კიელინის იდეალურად აზღვევდა და ორივე მატჩში განმუხტა ყველაფერი, რისი განმუხტვაც შეეძლო.

მეოთხედფინალის წინ კიელინი დაშავდა და იტალიელები დიდად არ ნერვიულობენ - ეს დე როსის დამსახურებაცაა.

6. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს ფეხბურთის თამაშის სურვილი ძალიან იშვიათად უქრებათ ხოლმე და თუ მაინც ასე მოხდა, პირველი, ვინც სიზარმაცის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ანდრეს ინიესტაა.

ანდრესი ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში ძალიან კარგად მოთამაშე იტალიის ნაკრების წინააღმდეგაც საუკეთესო იყო. ესპანელებმა ირლანდია რომ გაანადგურეს, ეს მისი დამსახურებაც გახლდათ. ხორვატიასთან კი ასე კარგად აღარ უთამაშია, თუმცა "ფურია როხაში" მაინც გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
პორტუგალიელ დივას ყოველთვის ძალიან ბევრს ვთხოვთ, რაც ლოგიკურია და სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვფიქრობდით, შეგვეყვანა თუ არა ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში.

კრიშტიანო რონალდო გერმანიასა და დანიასთან თითქმის საერთოდ არ ჩანდა და ამის გამო მაგრადაც ვაკრიტიკეთ, მაგრამ ჰოლანდიასთან გადამწყვეტ მატჩში იმდენად კარგად ითამაშა, რომ ვფიქრობთ, ეს ადგილი დაიმსახურა.

კარგ თამაშსაც რომ თავი დავანებოთ, სწორედ რონალდომ გაუტანა ჰოლანდიის ნაკრებს ორივე გოლი და თამაში პორტუგალიელთა სასარგებლოდ შეატრიალა.

ასეთ ეფექტურ რონალდოსთან ერთად, პორტუგალიის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

8. ანდრეა პირლო (იტალია)
...კაცი, რომელიც თავის საქმეს ყოველთვის უმაღლეს დონეზე აკეთებს, ნერვაუტოკებელია და მშვიდად არიგებს გენიალურ პასებს.

ანდრეა პირლოს დეტალური დახასიათება შორს წაგვიყვანს და უმჯობესია, აქ მხოლოდ ისღა ვთქვათ, რომ თითქმის დარწმუნებულები ვართ: იტალიის ნაკრებს პირლოს გარეშე ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდებოდა.

ანტონიო დი ნატალემ ესპანეთთან მატჩში ანგარიში სწორედ პირლოს ბრწყინვალე პასით გახსნა, ხორვატიას კი ანდრეამ შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა - აღარაფერს ვამბობთ თითქმის ყველა შეტევის ორგანიზებასა და სხვა გენიალურ პასებზე.

ირლანდიასთან უმაღლეს დონეზე მხოლოდ პირველი 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის სიმბოლური მის გარეშე, წესით, ყველასათვის წარმოუდგენელი უნდა იყოს.

9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
შვედეთის ნაკრები მეოთხედფინალში რომ ვერ გავიდა, ნეიტრალურ ქომაგს გული მხოლოდ ორ ფეხბურთელზე დასწყდებოდა: ერთი სიმბოლური ნაკრების სათადარიგოთა სკამზე დავსვით (მელბერგი), მეორე კი იბრაჰიმოვიჩია!

ზლატანმა სამივე მატჩში შესანიშნავი თამაშით, უდიდესი შრომით და ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლით დაამტკიცა, რომ ევრო 2012-ს მართლაც ძალიან კარგ ფორმაში მყოფი შეხვდა.

პლეი ოფიდან იბრა თვალს ძალიან დააკლდება...

10. დავიდ სილვა (ესპანეთი)
ჯგუფური ეტაპის შემდეგ დავიდ სილვა ესპანეთის ნაკრების და მთლიანად ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. დავიდი დელ ბოსკეს გუნდის კომბინაციური ფეხბურთის ნათელი წერტილია, არაერთი ინდივიდუალური ბრწყინვალებით.

სილვას სამივე მატჩში არაერთი გამონათება ჰქონდა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ის დრიბლინგია, რომელიც ირლანდიასთან მატჩში შესანიშნავი გოლით დააგვირგვინა.

11. მარიო გომესი (გერმანია)
გერმანელი ექსპერტებისთვის რომ გეკითხათ, წესით, ჰუმელსის დარად, ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში არც მარიო გომესს უნდა ეთამაშა.

პრინციპში, შესაძლოა, ლიოვს ასეც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ რაკი მიროსლავ კლოზემ ფორმის აღდგენა ვერ შეძლო, პორტუგალიასთან გომესმა ითამაშა და გაიტანა გოლი, რითაც გერმანიას პირველი სამი ქულა მოუტანა.

გარდა ამისა, მარიომ პირველ მატჩში ბევრიც იშრომა და ლიოვი, ფაქტობრივად, იძულებული გახდა, სასტარტოში დაეტოვებინა.

ჰოლანდიასთან გომესი კიდევ უფრო ეფექტური გახლდათ - "ნარინჯისფერებს" დუბლი შეუსრულა. დანიასთანაც ბევრს ეცადა, მაგრამ ისე კარგად აღარ უთამაშია, როგორც პირველ ორ მატჩში, მაგრამ ჯამში, ჯგუფურ ეტაპზე გომესის თამაში ძალიან კარგად უნდა შეფასდეს.

Sportall.Ge

ამოვისუნთქოთ, შევაჯამოთ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრო 2012. III ტურის სტატისტიკა - კრიშტიანო რონალდოს პასუხი კრიტიკოსებს
მკითხველის კომენტარები / 9 /
აი ამ ნაკრებს ბრ5აზილიის მე-10 სასტავი მოუგებს სამარცხვინოა პეხბურტის არ მცოდნეები ამას რო აკეტებდნენ და რა საქმეაქვს ამის გამკეტებელს პეხბურტტან :D ან რა პოზიციებია სჰერცჰეული როდის ნახეს ინიესტა მანდ თამაშობდა
espaneti
10:36 22-06-2012
0
აუ რა დგეში არიან ესპანეტის ფანები....მკვდარი ბუფონი ნაგდად ჯობია ცოცხალ კასილასს....
terasini
02:36 22-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული