გერმანელი ჯაშუში: ბერძნები იგინებიან, ეწევიან და ყავით სკდებიან!

AutoSharing Option
დღევანდელი მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და საბერძნეთის ნაკრები გუნდები ხვდებიან, გაზეთმა "ბილდმა" ძალიან საინტერესო რამ მოიფიქრა: გერმანულმა ტაბლოიდმა საბერძნეთის ნაკრების სასტუმროში ჯაშუშის სტატუსით გაგზავნა თავისი რეპორტიორი, რომლის სახელი და გვარი განგებ არ სახელდება.

ეს უკანასკნელი ბერძენ ფეხბურთელებს და მწვრთნელს ერთი დღე-ღამის განმავლობაში აკვირდებოდა და მერე აი, ასეთი სტატია დაწერა:

საკუთარი თავი "აგენტი 007" მგონია. რედაქციაში საბერძნეთის ნაკრების სასტუმროში ღამის გათენება და გერმანიის ნაკრების მეტოქის შტაბის წევრებზე დაკვირვება დამავალეს, რაც საკმაოდ რთული მისიაა, რადგან არავინ უნდა გაიგოს, რომ ჟურნალისტი
ვარ. სასტუმროში შესვლა და ცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ბერძნები ეკონომ-ოტელში ცხოვრობენ.

ეს არის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ვარშავიანკა", რომელიც პოლონეთის დედაქალაქიდან 38 კილომეტრში მდებარეობს.

სწორედ აქ ემზადებიან ბერძნები გერმანიასთან მატჩისთვის და მე, "ბილდის" კორესპონდენტმა, აქ ერთი ღამე უნდა გავათენო - ჩვენს მეტოქეს დავაკვირდე და გავიგო, როგორ იქცევიან ბერძნები, რას ეუბნებიან ერთმანეთს და ასე შემდეგ.

სასტუმროს ნომერი სამშაბათს ავიღე: ჩემი ორადგილიანი ნომერი ერთი ღამით 93 ევრო ღირს, რაც ძალიან იაფია იმის კვალობაზე, რომ აქ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილე გუნდი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ბერძნები ამ ბოლო დროს ფულის დაზოგვაზე მართლა სერიოზულად ფიქრობენ.

საბერძნეთის ნაკრებს ამ სასტუმროში 15 სართული აქვს აღებული და თითოეულ სართულს უსაფრთხოების სამსახურის 2-2 წარმომადგენელი იცავს.

შევიტყვე, რომ სასტუმროს იმ ნაწილში თავისუფალი ოთახებია და გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ბერძნების ნაწილში შემეღწია. პრეტენზიამ იმის შესახებ, რომ აივანი მჭირდებოდა, გაჭრა - აივნებიანი ნომრები მხოლოდ იმ განყოფილებაშია და ბევრი ფიქრისა და 9 ევროთი მეტის გადახდის შემდეგ ნომერი მომცეს.

გამიმართლა: ჩემი ნომერი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფერნანდუ სანტუშის ნომრის გვერდით აღმოჩნდა! ამრიგად, ბერძნების 57 წლის მწვრთნელი ახლა ჩემი მეზობელია!

ჩემი აივნიდან ვხედავ, როგორ ეწევა სანტუში სიგარეტს თავის აივანზე. მოწია, ჩააქრო. მეორეს მოუკიდა, მოწია, ჩააქრო! მესამეს მოუკიდა, მოწია, ჩააქრო - ზედიზედ სამი ღერი! ყოჩაღ, ფერნანდუ! ისიც გავიგე, რომ სანტუში თურმე მატჩის დროს, შესვენებაზე გასახდელში ეწევა ხოლმე.

ბერძნების ბანაკში ყველაზე ბევრს ყავის აპარატი შრომობს. სულ ორი აქვთ და არცერთი არ ჩერდება. ერთ აპარატს "კაპუჩინოსა" და "მაჩატოს" ჩამოსხმა შეუძლია, მეორე კი ჩვეულებრივ "ამერიკანოს" აკეთებს - ბერძნები ყავით სკდებიან!

თითოეული ფეხბურთელის სახე შევისწავლე, მაგრამ მათი ცნობა მაინც არ გამიჭირდებოდა - უმრავლესობას ხომ ლურჯ-თეთრი სპორტულები აცვია და უმეტესობა 3-4 დღის გაუპარსავია. როგორც ჩანს, წვერის გაპარსვას მანამდე არ აპირებენ, სანამ ევროპის ჩემპიონატიდან არ გავარდებიან.

თეოფანის გეკასი ყურსასმენებს არ იშორებს. ბერძნების 32 წლის თავდამსხმელი სულ მუსიკას უსმენს და მღერის კიდეც - სხვათა შორის, არც ისე უხეიროდ.

მობილური ტელეფონით ფეხბურთელებს ფოტოებს ვუღებ და უცებ ვიღაც მხარზე ხელს მირტყამს - მოვტრიალდი, ბარმენია. მეკითხება, ვინ ხარო - ნუთუ სტომატოლოგის ჩაცმულობამ (თეთრი პერანგი, თეთრი შარვალი, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი) გამთქვა? ოფლმა დამასხა, მაგრამ ნერვიულობა არ შევიმჩნიე და წინასწარ მოფიქრებულ სტრატეგიას მივმართე: "ნე პონიმაიუ!" შტო, შტო?" - ვითომ რუსი ვარ, რადგან ვიცი, რომ აქ რუსებს ვერ იტანენ, ბარმენია და შემეშვება. ასეც მოხდა, გადავრჩი!

უცებ ფოიეს შორეული კუთხიდან ღრიალი მესმის. მივედი და რას ვხედავ - გიორგოს კარაგუნისი ტელეფონზე ლაპარაკობს, უმაღლეს ხმაზე გაჰყვირის, ღრიალებს და აშკარად ილანძღება.

ბერძნების 35 წლის კაპიტანი ყველაზე ხშირად სიტყვა "მალაკას" ხმარობს - ბერძენმა მეგობარმა მითხრა, "მალაკა" გერმანულად დაახლოებით ასე ითარგმნებაო: "მაკოცე უკანალზე!"

საღამოს პარკში გავისეირნე და თვალში გიორგოს სამარასის პომპეზური ქცევა მომხვდა - აშკარად ეტყობა, რომ ამ ტიპს თავის თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს და საკუთარი თავი გუნდში საუკეთესოდ მიაჩნია.

სხვა მხრივ, შევამჩნიე, რომ ბერძენ ფეხბურთელებს ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს პატივს სცემენ. პარკში ხელიხელგადახვეულები დასეირნობენ, ბევრს ლაპარაკობენ, იცინიან, ერთობიან და ხალისობენ... და იცით, რა ხდება ღამით? ვინც ფიქრობს, რომ ბერძნები მთელი ღამე აქეთ-იქით დაეხეტებიან, სასტიკად ცდება!

00:00-ის შემდეგ ფოიეში არცერთი ბერძენი აღარ გამოჩენილა! ღამის პირველ საათამდე იქ ვიყავი და ბერძენის ჭაჭანებაც არ მინახავს! აი, მესმის დისციპლინა და გაგება! ზემოთ ავედი და ყავის აპარატიც დასვენებული დამხვდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბერძნები ბობოქრობენ: მოემზადე, ანგელა!

გერმანია VS საბერძნეთი - ბერძნული ოცნება: STOP მესუთ იოზილი
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდით ბერძნებო აჩვენეთ მაგათ, რომ არავიზე ნაკლები არ ხართ.
ელადა
14:01 22-06-2012
0
"ბერძნები იგინებიან, ეწევიან და ყავით სკდებიან! "

ანუ ამ სტატიის დამწერს იმის თქმა უნდა რომ გერმანელები თავის მხრივ არასოდეს იგინებიან, სასმელათ მხოლოდ რძეს სვამენ... ისიც ადუღებულს და სიგარეტს რა ფორმა აქვს ისიც კი არ იციან!!!

ყოჩაღ გერმანელებო! ...რამოდენიმე მილიონი ადამიანის ცოდვაც რომ არ გაწევდეთ კარგი იქნებოდა!
PAATA
13:14 22-06-2012
0

სიახლეები პოპულარული