იოაჰიმ ლიოვი: პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიასთან წაგებამ გერმანიაში უდიდესი დისკუსია წარმოქმნა.

მსჯელობის უმთავრესი ობიექტი, რა თქმა უნდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვია, რომელსაც ახლა ევრო 2008-ისა და 2010 წლის მუნდიალის შემდეგ მხოლოდ ტიტულს სთხოვდნენ და რაკი გერმანია ისევ უტიტულოდ დარჩა, მიუხედავად იოგისადმი უდიდესი პატივისცემისა, ექსპერტებმა მაინც დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რამდენად ღირს ლიოვის პოსტზე დატოვება.

გერმანელები სამშობლოში პარასკევს დაბრუნდნენ და ლიოვმა ფრანკფურტის აეროპორტშივე თქვა, გადადგომას არ ვაპირებ და ვფიქრობ, ამ თემის წამოჭრა უადგილოაო. "ჩემში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს," - მიახალა იოგიმ გერმანელ
ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, ამ წაგების შემდეგ ერთბაშად ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უადგილოაო.

ასე რომ, ლიოვი გადადგომაზე არ ფიქრობს და გერმანიის საფეხბურთო კავშირთან 2014 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის შესრულება უნდა.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოგი ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, რადგან მის გაშვებაზე არც საფეხბურთო კავშირში უფიქრიათ.

"გადადგომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავფიქრდებოდი, ჯგუფში რომ ჩავრჩენილიყავით. ვაღიარებ, რომ შეცდომები მეც დავუშვი და ახლა მათ გამოსწორებაზე, გუნდის სრულყოფაზე უნდა ვიფიქრო," - თქვა ლიოვმა.

გერმანიის ნაკრების თავკაცმა აღიარა, შესაძლოა, იტალიასთან მარიო გომესის, ტონი კროოსისა და ლუკას პოდოლსკის ძირითად შემადგენლობაში დაყენება შეცდომა იყო და ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, რომ კვლავ მიროსლავ კლოზე, ანდრე შიურლე და მარკო როისი გამემწესებინაო, მაგრამ იქვე დასძინა: "პოსტფაქტუმ საუბარი ყოველთვის ადვილია. მთავარი ის არის, რომ მარცხისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ!"

სჯერა თუ არა გერმანიას ლიოვის?
გაზეთმა "ბილდმა" გერმანული ფეხბურთის კორიფეები, ექსპერტები და ყოფილი ბუნდესმწვრთნელები გამოჰკითხა. კითხვა ასე ჟღერდა: კიდევ გჯერათ იოახიმ ლიოვის?

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი (მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 2002 წელს) და 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რუდი ფიოლერი (52 წლის): "იოგი, რა თქმა უნდა, პოსტზე უნდა დარჩეს. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მის გათავისუფლებაზე უნდა ვიფიქროთ".

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი (ევროპის ჩემპიონობა 1996 წელს) ბერტი ფოგთსი (65): "გერმანიის ნაკრებისთვის იოახიმ ლიოვზე უკეთესი მწვრთნელი არ მეგულება. მისი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება სამარცხვინო საქციელია".

"ვოლფსბურგის" მწვრთნელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი (58): "ლიოვს სადავეები ხელიდან არ გავარდნია. თავდაჯერება არ უნდა დაკარგოს - იოგი ძალიან კარგი მწვრთნელია. უბრალოდ, მორიგი წარუმატებლობა კარგად უნდა გააანალიზოს. ხომ გვინდა, რომ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ?"

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე (53): "ლიოვი უნდა დარჩეს. ამ ეტაპზე იოგი უალტერნატივოა! ცხადია, ძალიან ცუდია, რომ იტალია ისევ ვერ დავამარცხეთ და ნახევარფინალიდან გამოვვარდით, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა".

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ევრო 1996-ის გამარჯვებული, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ლოთარ მათეუსი (51): "ერთი წაგების შემდეგ უდიდესი შრომის წყალში გადაყრა და კრიტიკა ადვილია, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიის ნაკრებს ლიდერები არ ჰყავს.

ლამი და შვაინშტაიგერი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ მეტი უნდა მოვთხოვოთ. რაც შეეხება მწვრთნელს - გერმანიის ნაკრებს ღირსეული დამრიგებელი ჰყავს.

გერმანია ზედიზედ 4 დიდ ტურნირზე მინიმუმ ნახევარფინალში გავიდა - ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. გერმანიის ნაკრები, უბრალოდ, ვალდებულია, მოიგოს ტიტული. ამისათვის კი ლიდერებია საჭირო - ისეთები, როგორებიც 96-ში ზამერი და მე ვიყავით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული