გიუნტერ ნეტცერი: გერმანიას არ ჰყავს პერსონები!

AutoSharing Option
შემადგენლობას, რომელიც იოახიმ ლიოვმა ნახევარფინალში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე გაიყვანა, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ოღონდ მატჩის შემდეგ.

მანამდე კი ექსპერტებსა და ჟურნალისტებს იოგი ქებით ცაში აჰყავდათ და ისე გამოვიდა, რომ იტალიასთან მატჩამდე ყველაფერი იდეალურად იყო, ხოლო იტალიასთან წაგების შემდეგ ფირფიტა ყველამ უცებ შეატრიალა.

გამოჩნდა ხალხი, ვინც თამამად თქვა, რომ ნახევარფინალში ძირითადი შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ლიოვი პატივისცემას იმსახურებს იმის გამო, რომ შეცდომები მალევე აღიარა და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, მაგრამ ეს არ არის პრობლემა...

პირადად მე გადაჭარბებულად მივიჩნევდი და მივიჩნევ
როგორც ლიოვის ქებით ცაში აყვანას, ისე კრიტიკით მიწასთან გასწორებას წაგებული თამაშის შემდეგ.

აზრის შეცვლას არ ვაპირებ და კარგი სიტყვები, რაც ლიოვზე აქამდე მითქვამს, უკან არ მიმაქვს.

ჩემთვის იოახიმ ლიოვი დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მინდა, რომ მან მუშაობა გააგრძელოს, მაგრამ მთავარი პრობლემა არც ესაა - რაც უნდა იყოს, გერმანიის ნაკრებისთვის მწვრთნელს ყოველთვის ვიშოვით.

საქმე ისაა, რომ ბუნდესგუნდი ისევ უტიტულოდ დარჩა და ახლა ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: რატომ? რატომ ვეღარ იგებს გერმანია ტიტულებს?

რასაც ახლა ვიტყვი, ადრეც თქმულა, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ამჯერად ჩემი ნათქვამი მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება - ზოგადად ჩვენს, სრულიად გერმანიის საზოგადოებას აკლია პერსონები, განსაკუთრებული ტიპები.

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები კი, უბრალოდ, ამ მოსაზრების პირველი სარკეა ახლა - როცა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, ჩვენ კი ისევ ხელცარიელები ვართ.

ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი, მაგრამ აღარ გვყავს პერსონები და რაც ყველაზე მტკივნეულია, ფეხბურთელს ვერასდროს ასწავლი ან აიძულებ, გახდეს პერსონა. ლიოვის მთავარი და თითქმის ერთადერთი სერიოზული შეცდომაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ 6 წლის განმავლობაში არ მოძებნა ისეთი ტიპები, რომლებიც პერსონები იქნებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში გუნდისთვის რაიმე განსაკუთრებულს გააკეთებდნენ - დიდი ტურნირების მოსაგებად მხოლოდ კარგი, თუნდაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები საკმარისი არ არის.

შეხედეთ იტალიის ნაკრებს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვამწარა: ჩეზარე პრანდელის გუნდში ერთი კი არა, რამდენიმე პერსონა ჰყავს! ჯანლუიჯი ბუფონი, ანტონიო კასანო, ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი საუკეთესო მაგალითები არიან.

დაინახეთ, როგორ მღეროდნენ ჰიმნს იტალიელები? ხმის ჩახლეჩამდე, უდიდესი ვნებით და პატრიოტული სულისკვეთებით! მე ჯერ კიდევ ჰიმნების დროს მივხვდი, რომ ამ თამაშს წავაგებდით - იმიტომ, რომ გერმანიის ნაკრებში ნახევარი გუნდი არ მღეროდა.

თუმცა დავუბრუნდეთ თემას: პირლო, დე როსი, კასანო და ბუფონი ხომ არიან პერსონები და იტალიელებს კიელინის, მარკიზიოსა და მონტოლივოს სახით, ასე ვთქვათ, ნახევრად პერსონებიც ჰყავთ, რომლებიც ბრაზილიის მუნდიალამდე სრულყოფილ ტიპებად ჩამოყალიბდებიან.

ზემოთაც ვთქვი, რომ ლიოვის მთავარი შეცდომა სწორედ ისაა, რომ ასეთი ტიპაჟები არ მოძებნა, მაგრამ იქნებ თავად არ სურდა? რატომ? მწვრთნელებს ხანდახან არ უნდათ ხოლმე, რომ რომელიმე ფეხბურთელს ან ფეხბურთელებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდეთ.

ცხადია, შეიძლებოდა, ასეთი განსაკუთრებული ლიდერის ან ლიდერების გარეშეც მოგვეგო ტიტული, მაგრამ ამის შანსი ძალიან მცირე იყო, რადგან ფეხბურთის ისტორიაში პერსონები ყველა დიდ და წარმატებულ გუნდს ჰყავდა.

ალბათ, ხვდებით, როგორ ფეხბურთელებსაც ვგულისხმობ და ტიპაჟის აღწერას აღარ დავიწყებ. მხოლოდ იმას დავძენ, რომ ასეთი მოთამაშეები ყოველთვის პასუხისმგებლიანები არიან და წარუმატებლობის დროს პირველებს უწევთ მედიასთან ბრძოლა და კრიტიკის ატანა.

გერმანიის ნაკრებში კი ფეხბურთელები კაციშვილმა არ გააკრიტიკა - ვინც კრიტიკა მოისურვა, ყველა ლიოვს მისდგა. ესეც თქვენ, იოახიმ! თქვენ თავად მოისურვეთ გუნდში ასეთი იერარქია. თუმცა მე გაფასებთ იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია.

მთავარი ისაა, რომ ჩვენ ისევ უტიტულოდ დავრჩით.

...არ ვგულისხმობ ეგოისტ ფეხბურთელებს ან ისეთს, რომლისგანაც ვინმემ კულტი უნდა შექმნას. უბრალოდ, ყველა გუნდს სჭირდება კონკრეტული, ზუსტი იერარქია, ოღონდ არა ისეთი, სხვა ფეხბურთელები რომ იჩაგრებიან ხოლმე.

მინდა, მოედანზე ვხედავდე თუნდაც მხოლოდ ერთ მოთამაშეს, რომელიც გაჭირვებისას თანაგუნდელებს შემოუძახებს, ოღონდ მარტო შემოძახება ან მეტოქე ფეხბურთელის მოცელვაც არ კმარა - ასეთ მოთამაშეს საფეხბურთო თვალსაზრისითაც უნდა შეეძლოს რაღაცის გაკეთება.

იტალიასთან მატჩში პერსონების არარსებობა ყველაზე მტკივნეულად გამოჩნდა. მაინც ვისგან ვითხოვ ყოველივე ზემოთქმულს? რაკი ლიოვმა ასეთი ფეხბურთელები არ ეძება, დღევანდელი შემადგენლობიდან მე ამ ყველაფერს, პირველ რიგში, გამოცდილი მოთამაშეებისგან ვითხოვ.

ფილიპ ლამი, როგორც გერმანიის ნაკრების კაპიტანი, ამ სიაში პირველია. ფილიპი კამერების წინ, რიტორიკული თვალსაზრისით, საუკეთესოა ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როცა ყველაფერი კარგადაა.

სხვათა შორის, საფეხბურთო თვალსაზრისითაც არაა გამორჩეულად კარგი - "ბაიერნშიც" და ახლაც, ჰოლანდიასთან მატჩში, დაცვაში ამ რანგის მოთამაშისთვის უპატიებელი შეცდომები დაუშვა და მერე წინ თამამად წასვლა და მთელი გუნდის აყოლიება აღარც უცდია.

ბასტიან შვაინშტაიგერი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბუნებით არ არის ლიდერი. ჰოლანდიასთან თამაშის შემდეგ შვაინის ვაქებდი ბრწყინვალე პასების გამო, მაგრამ ისიც ვთქვი, შვაინშტაიგერმა მუდმივად ასე უნდა ითამაშოს-მეთქი. ევროპის ჩემპიონატზე ლიდერის მოვალეობების მხოლოდ ერთ მატჩში შესრულება არათუ არასაკმარისი, სასაცილოც კია.

ლუკას პოდოლსკიზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაკრებში მხოლოდ იმიტომ თამაშობს, ლიოვი რომ ენდობა და რომ სხვა მწვრთნელის ხელში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ ექნებოდა. იოგი პოლდის ზედმეტად ენდობა, ლუკასმა კი ნდობა ვერა და ვერ გაუმართლა. სან მარინოსთან პოკერის შესრულება საქმე არ არის - საქმე იტალიასთან მაღალ დონეზე თამაშია!

გერმანიის ნაკრების არცერთი ფორმაციის ნაკრებს არ ჰქონია ისეთი იდეალური პირობები, როგორიც ამ გუნდს აქვს. ბევრჯერ მოვისმინე ისეთი ეპითეტიც, როგორიცაა "ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდი"... შეგვხვდება ხოლმე მერე იტალია ან ესპანეთი და "ოქროს თაობის" წარმომადგენლები შარვლებს ავსებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძვირფასო ავტორო, კი გაქვთ ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტის სახელი და გვარი, მაგრამ სიტყვა persönlichkeit, რომელიც გუნტერ ნეტცერმა იხმარა, ნიშნავს პიროვნებას და არა პერსონას!!!
Giorgipirweli
20:00 02-07-2012
0

სიახლეები პოპულარული