ნეიმარი: ჩემი "ოქროს ბურთის" დროც მოვა

AutoSharing Option
"ლას პალმასის" კარში ჰეთ თრიკის ავტორი ნეიმარი ამბობს, რომ ის ოცნებობს "ოქროს ბურთზე", თუმცა არ ჩქარობს:

"ყოველი ფეხბურთელის ოცნებააა, ოდესმე "ოქროს ბურთი" მოიგოს. რა დასამალია და, მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი. მაგრამ ახლა მთავარია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების და მათ შორის, საუკეთესოს, ლეო მესის გვერდით ვითამაშო. დიახ, მეც მსურს, მსოფლიოში საუკეთესო გავხდე, მაგრამ არ ვჩქარობ. პსჟ-სთან 6:1 შემობრუნებული დაპირისპირება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსაგონარია, ამას ვერასოდეს დავივიწყებ. მას მერე, რაც პარიზში ფინალური სასტვენი გაისმა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ ამას შევძლებდით", - უთხრა
ინტერვიუში "ფრანს ფუტბოლს" 25 წლის ბრაზილიელმა, რომელიც 2015 წელს "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მიზანთან ყველაზე ახლოს იყო - მე-3 ადგილზე გავიდა.

"ლას პალმასთან" 4:1-ისა და ჰეთ თრიკის შემდეგ ნეიმარს ამ სეზონში "ბარსელონას" მაისურით (ყველა შეჯიბრებაში) 19 გოლი აქვს გატანილი და 20 საგოლე პასი ზედ დამატებული. ექსსანტოსელი მიიჩნევს, რომ ეს მისი საუკეთესო სეზონია "ბარსელონაში":

"დიდებული სეზონი გამოვიდა ჩემთვის. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს სულაც საუკეთესო სეზონია ჩემთვის მას მერე, რაც ევროპაში გადმოვედი. არ ვიცი, მივაღწიე თუ არა განვითარების უფრო მაღალ დონეს. ძნელია განსაზღვრო საკუთარი თამაში, ეს სხვებმა უნდა თქვან. რაც "ბარსელონაში" მოვედი, სულ ერთი როლი მაქვს გუნდში, ის არ შეცვლილა. "ბარსაში" ჩემს მოვალეობას ყოველთვის დიდი გულმოდგინებით ვეპყრობი. საერთოდაც, ჩვენს გუნდში ყველამ ზედმიწევნით კარგად იცის თავისი როლი", - ამბობს იგი.

სეზონის მიწურულს "ბარსელონას" შემტევმა სამეულმა MSN-მა (მესი, სუარესი, ნეიმარი) დიდებულ ფორმას უწია. მათი წყალობით, ლა ლიგის ტიტულის საკითხი ისევ ღიაა და "რეალმა" ჩემპიონობა ჯერ ვერ იზეიმა.

ამ სამეულის ანგარიშზეა "ბლაუგრანას" ბოლო 11 გოლიდან 10. 4-4-ჯერ გაიტანეს ლუის სუარესმა და ნეიმარმა, ორჯერ - მესიმ. მათ სიაში მხოლოდ ივან რაკიტიჩი მოხვდა.

***
ლუის ენრიკემ კანარის კუნძულებიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი მინი-შვებულებაში გაუშვა - "ბარსა" მხოლოდ ხუთშაბათს შეიკრიბება და ბოლო ტურისთვის მზადებას შეუდგება.

***
ნეიმარმა მეოთხედ შეძლო ჰეთ თრიკის შესრულება "ბარსელონას" მაისურით, თუმცა პირველად ეს არ მოხდა "კამპ ნოუზე".

***
"ლას პალმასთან" მატჩის გახურებაზე ტრავმა მიიღო ხავიერ მასკერანომ და ახლა მან შეიძლება თასის ფინალი გამოტოვოს "ალავესთან". ლა ლიგა კი მისთვის დასრულებულია.

***
მასკერანოს ტრავმის გამო "ბარსელონაში" დებიუტი გამოუვიდა მარლონ სანტოსს. "ყველას მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, თავი არ დამიზოგავს", - განაცხადა მატჩის შემდეგ 21 წლის მცველმა.

***
თავისუფალი დღეებით ისარგებლა გერმანელმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და ის დაქორწინდა. მისი მეუღლე დანიელა იელეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული