როცა უარყოფას ფასი არ აქვს - სემედუ ბარსელონელია, დეულოფეუც დადასტურდა

AutoSharing Option
პარასკევს "ბარსელონამ" პორტუგალიელი ნელსონ სემედუს ტრანსფერი გამოაცხადა, ცოტა ხანში ამას "ბენფიკას" უარყოფა მოჰყვა, ამ უარყოფას კი ფაქტი - "კამპ ნოუს" საპრესკონფერენციო დარბაზში "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ და სემედუმ ჟურნალისტების თვალწინ გააფორმეს ხელშეკრულება. 23 წლის მცველი ბარსელონელი გახდა.

პორტუგალიელ ახალწვეულში "ბარსელონა" 30 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც დაემატება ბონუსები. "ბენფიკაში" სემედუს 65 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე სამი გოლი და 12 საგოლე პასია.

"ბარსამ" ასევე ოფიციალურად დაადასტურა ჟერარდ დეულოფეუს გამოსყიდვის ფაქტი. 23 წლის ფორვარდთან კონტრაქტი 2019 წლამდე დაიდო. კატალონიელებმა ის
12 მილიონ ევროდ გამოისყიდეს "ევერტონისგან". შეგახსენებთ, რომ დეულოფეუმ ბოლო სეზონი იჯარით "მილანში" გაატარა, სადაც 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"მადლობა "ბარსელონას" ამ შანსისთვის. ძალიან ამაყი ვარ, რომ "ბარსელონას" მაისურით თამაში მომიწევს. ყველაფერს გავიღებ კლუბის კეთილდღეობისთვის. მიყვარს ეს კლუბი, ის დიდია, ასევე ძალიან მომწონს ქალაქი. ახლა კი მხოლოდ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშზე ვფიქრობ. ყველას უნდა "ბარსელონაში" თამაში და მე გამონაკლისი არ ვარ", - განაცხადა პრეზენტაციაზე სემედუმ.

* * *
"სანთან" ინტერვიუში ნეიმარმა განაცხადა, რომ მას არასოდეს უთქვამს, თითქოს, პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს. "პრემიერლიგაში გადასვლაზე არ მიფიქრია, ინგლისურ ფეხბურთს ვუყურებ თანამემამულეთა საგულშემატკივროდ", - განაცხადა ნეიმარმა.

* * *
"ბარსელონას" დირექტორმა რობერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ კლუბი ჯერჯერობით, ვერ შეუთანხმდა პსჟ-ს მარკო ვერატის ტრანსფერზე: "ამჟამად ვერატის მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს პსჟ-სთან და მეტს ვერაფერს დავამატებ", - როგორც ჩანს, "ბარსა" მართლაც დანებდა და ვერატის ყიდვას აღარ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ