"ბარსელონაში" დავიწყებულ "შტუტგარტელზე" ფიქრობენ

AutoSharing Option
ჩვენი ესპანელი კოლეგების, კერძოდ, გაზეთ "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელები "შტუტგარტის" ცენტრალური მცველის, სერდარ ტასკის გადაბირებაზე ფიქრობენ.

შვაბური კლუბის 25 წლის კაპიტანი 2-3 წლის წინათ ყურადღების ცენტრში იყო, რადგან გერმანიის ნაკრებში თამაშობდა. ახლა კი ბუნდესგუნდში აღარ იძახებენ და ყველას გადაავიწყდა.

სამაგიეროდ, ტასკი ბარსელონაში ახსოვთ: 2007/2008 და 2009/2010 წლების სეზონებში სერდარმა "ბარსასთან" სამ დუელში მიიღო მონაწილეობა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კატალონიელები შტუტგარტელს მას მერე აკვირდებიან.

ფაქტია, რომ ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელ ტიტო ვილანოვას მომავალი სეზონისთვის ერთი ახალი
ცენტრალური უკანახაზელი სჭირდება, რაზეც მან ოფიციალურად წარდგენისას ისაუბრა.

ფაქტია ისიც, რომ ტასკის, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, "შტუტგარტთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ცნობილია, რომ მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც, ტასკის ნებისმიერ დროს შეუძლია კლუბის დატოვება, თუკი მსურველი 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

გერმანული ტაბლოიდი "ბილდი" წერს, რომ ტასკის "ნიუკასლსა" და ფლორენციის "ფიორენტინაშიც" ეპატიჟებიან, მაგრამ მას მხოლოდ ისეთ სუპერგრანდში სურს გადასვლა, როგორიც "ბარსელონაა".

კატალონიელებს ახალი ცენტრალური მცველი დაშავებული კარლეს პუიოლის შესაცვლელად სჭირდებათ - ამ უკანასკნელს სერიოზული ტრავმა აქვს. ტასკის კატალონიური გრანდის ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას, რა თქმა უნდა, ვერავინ მისცემს და ფაქტია, რომ ამას ვერც ფეხბურთელი მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული პრესის დაუდასტურებელი ინფორმაციით, "ბარსას" ხელმძღვანელები კანდიდატად დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების მცველ მატს ჰუმელსზეც ფიქრობენ, თუმცა ეს უკანასკნელი ტასკიზე მინიმუმ ორჯერ ძვირად ფასობს და ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზიაც ექნება.

"ელ მუნდო დეპორტივო" კი წერს, რომ ტასკისთან ერთად, სერიოზულად განიხილება დავიდ ლუისის (ჩელსი) და ვენსან კომპანის კანდიდატურებიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული