ესპანეთი. ლა ლიგა. I ტურის წინ: ისევ "რეალი", "ბარსა" და მეტი არაფერი?

AutoSharing Option
ესპანეთი. პრიმერადივიზიონი. I ტური
18 აგვისტო
სელტა-მალაგა 21:00
სევილია-ხეტაფე 23:00
მალიორკა-ესპანიოლი 01:00

19 აგვისტო
რეალი-ვალენსია 21:00
ბილბაო-ბეტისი 21:00
ბარსელონა-სოსიედადი 23:00
ლევანტე-ატლეტიკო 01:00

20 აგვისტო
დეპორტივო-ოსასუნა 21:00
რაიო ვალეკანო-გრანადა 23:00
სარაგოსა-ვალიადოლიდი 01:00

18 აგვისტოს ესპანეთის ჩემპიონატი იწყება - პრიმერადივიზიონი 2011/2012. შეგვეძლო, ასეც გვეთქვა: დღეს "რეალისა" და "ბარსელონას" მორიგი მარათონული დუელი აიღებს სტარტს.

ძალიან გვინდა, რომ ასე არ იყოს, რადგან თუკი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სხვა კლუბებებიც (ან თუნდაც მხოლოდ ერთი) ჩაერთვებიან, ამით "რეალიც" იხეირებს, "ბარსაც", მთლიანად ესპანური ფეხბურთიც და ჩვენ - ფეხბურთის მოყვარულებიც, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პირველობისთვის ამ სეზონშიც მხოლოდ
მადრიდელები და კატალონიელები იბრძოლებენ.

ამას მხოლოდ წინა და იმისწინა სეზონებიდან მიღებული გამოცდილების გამო როდი ვამბობთ - არის სხვა, უფრო საყურადღებო მიზეზიც: ესპანურ კლუბებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. მარტო გადასახადების სახით, კლუბებს ჯამში სახელმწიფოს 750-მილიონიანი ვალი აქვთ.

ყველა კლუბის ყველა ვალი კი ჯამში 3.5 მილიარდი ევროა...

ცენტრალური მატჩი მადრიდში
ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ისევ მადრიდელთა პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიოა, რომელმაც სეზონის წინ მედიას და ფანობას სალაპარაკოდ ახალი თემა მიუგდო - განსაკუთრებულს ნუღარ დამიძახებთ, ახლა ერთადერთობა მომწონსო.

ერთადერთს და განუმეორებელს კი ჟოზე საკუთარ თავს იმის გამო უწოდებს, რომ ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატების სახით, თავის სამწვრთნელო კარიერაში, მისივე აზრით მსოფლიოში საუკეთესო ლიგები მოიგო.

"რეალი" პირველი ტურის მატჩს 19 აგვისტოს, ჩვენი დროით 21 საათზე, "ვალენსიასთან" გამართავს. თუკი ესპანეთში რომელიმე კლუბზე ითქმის, "რეალისთვის" და "ბარსასთვის" სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლიაო, პირველ რიგში "ვალენსიაზე", რის გამოც ეს შეხვედრა აუცილებლად პირველი ტურის ცენტრალურ მატჩად უნდა შევრაცხოთ.

"ღამურებმა" წინა სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს, რაც უდავოდ ძალიან კარგი მიღწევაა, რადგან ამის იქით მხოლოდ და "ბარსელონა" და "რეალი" იყვნენ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ვალენსია" მეორეადგილოსან "ბარსას" 30 ქულით (!) ჩამორჩა, ჩემპიონ "რეალს" კი - 39 (!!!) ქულით.

მადრიდელებს ლუკა მოდრიჩი ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვალენსიასთან" მადრიდელთა გამთამაშებელი კვლავ მესუთ იოზილი იქნება.

ზოგადად, "რეალმა" სატრანსფერო ბაზარზე მაინცდამაინც არ იაქტიურა და მხოლოდ რამდენიმე უსარგებლო ფეხბურთელი დათმო (გაგო, ალთინთოფი, კარვახალი, კანალესი). შესაბამისად, მოურინიოსეულ ძირითად შემადგენლობაში აქამდე არნახულ სიახლეს არ უნდა ველოდოთ.

კანალესმა და გაგომ კი სწორედ ვალენსიას მიაშურეს და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში შეუძლიათ. "ღამურებმა" პარაგვაელი ფორვარდი ნელსონ ვალდესიც გადაიბირეს (ყაზანის "რუბინიდან"), თუმცა ეს უკანასკნელი "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრება.

ვილანოვას დებიუტი
"რეალი"-"ვალენსიას" დასრულებისთანავე "ბარსელონას" მატჩი დაიწყება: ტიტო ვილანოვას დებიუტი "ნოუ კამპზე" სან სებასტიანის "რეალ სოსიედადთან" შედგება.

კატალონიური გრანდი დაცვის მარცხენა ფლანგზე ხორდი ალბათი გაძლიერდა, რომელიც "ბარსამ" "ვალენსიადან" 14 მილიონ ევროდ შეიძინა.

სხვამხრივ, ვილანოვა ისევ ძველი ლიდერების იმედადაა - რაც მთავარია, გამოჯანმრთელდა და სრულ მზადყოფნაშია დავიდ ვილია, რომელიც წინა სეზონში ტრავმის გამო 8 თვე უქმობდა.

მოდი, ვნახოთ სელტა...
პირველ ტურს ელიტაში დაბრუნებული ვიგოს "სელტა" 18 აგვისტოს "მალაგასთან" საშინაო მატჩით გახსნის და ეს იქნება პირველი იმ 380 შეხვედრიდან, რომელიც "ლა ლიგაში" ამ სეზონში უნდა ჩატარდეს.

"მალაგამ" წინა სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რაც ამ გუნდისთვის უდიდესი მიღწევა იყო, მაგრამ მას მერე, რაც შეიხმა ალ თანიმ კლუბის დაფინანსება შეწყვიტა, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ "მალაგამ" ასეთი ან ამასთან მიახლოვებული შედეგი გაიმეოროს - გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

ამ მატჩის შემდეგ "სევილია" "ხეტაფეს" მიიღებს. ანდალუსიელებმა წინა სეზონი ჩააგდეს და ფანების თვალში რეაბილიტაცია სურთ. "ჩვენი მიზანი ევროპაში გასვლაა. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც შეგვიძლია," - ეს პიოტრ ტროხოვსკის სიტყვებია.

შაბათის მესამე მატჩი კი "მალიორკასა" და "ესპანიოლის" დუელია, რომელიც ჩვენი დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. სწორედ მატჩის ამ დროს დანიშვნამ გამოიწვია უდიდესი პროტესტი.

ამ და სხვა, აქამდე ბევრჯერ ნახსენები მიზეზების გამო ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებას საფრთხე ემუქრებოდა - 13 კლუბი პირველ ტურს ბოიკოტს უცხადებდა, მაგრამ საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელებმა თავისი მაინც გაიტანეს.

ბიელსა საკადრო პრობლემების წინაშე
19 აგვისტოს, "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩების გარდა, ორი შეხვედრა შედგება - პირველი ბილბაოს "ატლეტიკისა" და "ბეტისის" დაპირისპირებაა.

ბასკური კლუბი საკადრო პრობლემების წინაშე დგას: ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ "ბილბაოს" ორი უმთავრესი ლიდერი დატოვებს.

ხავი მარტინესს "ბაიერნში" გადასვლა უნდა და ორიოდ დღის წინაც გაცნობეთ, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და მის საბოლოო დადასტურებამდე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი.

ფერნანდო ლორენტემ კი საჯაროდ განაცხადა, რომ "ატლეტიკთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბილბაოდან" ახლავე წავა. ლორენტე სავარაუდოდ ტურინის "იუვენტუსში" ამოყოფს თავს.

ხავი მარტინესისა და ფერნანდო ლორენტეს წასვლა ბასკთა თავკაც მარსელო ბიელსასთვის სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან ამ ფეხბურთელების სრულფასოვნად შეცვლა შეუძლებელია. არადა, "ბილბაოს" "ბარსას" და "რეალის" მერე ყველაზე მყარი და უპრობლემო ფინანსური მდგომარეობა აქვს.

კვირის მატჩებს გასული სეზონის ყველაზე სენსაციური გუნდის, "ლევანტეს" და ევროპალიგის გამარჯვებულის, მადრიდის "ატლეტიკოს" დუელი დახურავს.

შეგახსენებთ, რომ მასპინძლები კრისტიან ლელით, თეოფანის გეკასით, ნიკოს კარაბელასით, კეილორ ნავასითა და პაპაკოული დიოპით გაძლიერდნენ.

ორშაბათს კი სამი მატჩი გაიმართება. პირველი ელიტაში დაბრუნებული ლა კორუნიის "დეპორტივოსა" და "ოსასუნას" ჯახია, რომლის შემდეგაც "რაიო ვალეკანო" "გრანადას" მიიღებს, პირველი ტურის უკანასკნელი მატჩში კი "სარაგოსა" "პრიმერადივიზიონში" დაბრუნებულ კიდევ ერთ კლუბს, "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს, რომელმაც პატრიკ ებერტი (ჰერტადან), ანტონიო რუკავინა (მიუნხენ 1860-დან), ხუან ანხელი (ხიმნასიადან), სასტრე და ვიქტორ პერესი (ორივე უესკადან) გადაიბირა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული