ესპანეთი. ლა ლიგა. II ტურის შეჯამება: აგენტ ვანიას ვნებანი და "ბერნაბეუ"

AutoSharing Option
ერთი მიჩვეული და ორიც დაუპატიჟებელი სტუმარი - ასეთია ესპანური პრიმერადივიზიონის ქულადაუკარგავ ლიდერთა ტრიო: "ბარსელონას" მხარში ისეთი გუნდები უდგანან, რომელთათვის სპეციალისტებს სეზონის ბოლოს სეგუნდა დივიზიონის საგზური აქვთ გამზადებული - "ვალიადოლიდი" და "რაიო ვალეკანო".

სამაგიეროდ, ცხრილის ფსკერისკენ იხილავთ: "ვალენსიას", "რეალს", "ლევანტესა" და "ბილბაოს". თუმცა ჯერ ვანიაზე გვსურს მოგიყვეთ, რომელიც, სხვათა შორის, აგენტია...

აგენტი 019
ის 29 წლისაა, მეუღლეზე 3 წლით უფროსი. ორშაბათს მადრიდში მისი ტრიუმფიც იყო, რადგან 2,5-თვიანი ბრძოლის შემდეგ მიაღწია მიზანს - მისი სახელია ვანია ბოსნიჩი, პროფ
ესიული აგენტი... საფეხბურთო აგენტი.

დიახ, ეს მშვენიერი ქალბატონი "რეალის" ახალწვეულის, ლუკა მოდრიჩის აგენტია. ვანია ფიფას ცნობილი აგენტის, მარიო მამიჩის კანტორაში მუშაობს, რომელმაც ლუკას ტრანსფერი გაჩარხა "ტოტენჰემ ჰოტსფურში".

მალე მწვანეთვალება და ქერა აგენტი და ხორვატი ვარსკვლავი შეუღლდნენ. ახლა მათ 2 წლის ივანო ჰყავთ.

სეზონის ბოლოს ვანიამ ქმრის საქმეები გადაიბარა და მიზნად დაისახა: ან "რეალი" ან არაფერი! ის ბუნტიც, რომელიც ლუკამ ლონდონურ კლუბს ამერიკაში გამგზავრებისას მოუწყო, ვანიას დაგეგმილი ყოფილა...

ორშაბათს მისი ტრიუმფის დღეც იყო - ქმარი 42 მილიონ ევროდ მსოფლიო გრანდში გაყიდა და 19-ნომრიანი მაისურა ჩააცვა.

ბარსა-რეალობა
ლა ლიგაში მთავარი დაპირისპირება სწორედ "რეალსა" და "ბარსელონას" შორისაა, პერსონალიებზე თუ მიდგება საქმე - რონალდოსა და მესის შორის. მაგრამ ეს ტური გამონაკლისი იყო, შედარებაც კი არ შეიძლება იმდენად აჯობა "ბარსამ" "რეალს", ხოლო მესიმ - რონალდოს.

ჩემპიონისთვის გასვლითი მატჩი "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" (რომელიც "რეალის" ფეხბურთელი იყო) კარგად მიმდინარეობდა და ცუდად დასრულდა. პრეტენდენტს კი ლამის მთელი მატჩი ცუდად ჰქონდა საქმე და ჩარხის შემოტრიალება შეძლო.

ამიტომაც არის უკვე ორი ტურის შემდეგ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 5-ქულიანი სხვაობა. "რეალს" კი დამამშვიდებლად მინი-კლასიკოს მოგებაღა შერჩა - სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში "რეალ კასტილიამ" "ბარსელონა ბ-ს" 3:2 მოუგო. სხვათა შორის, "ბარსა" II ტურში ტიტო ვილანოვას გაძევებას გააპროტესტებს - გუნდს ხომ შემდეგი თამაში "ვალენსიასთან" აქვს და მთავარი მწვრთნელი სათადარიგოთა სკამზე ძალიან სჭირდება.

მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ხეტაფესთან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში. რონალდომ კარისკენ 6-ჯერ დაარტყა (3-ჯერ ზუსტად), მას 2-ჯერ ეუხეშნენ, თავადაც ამდენჯერ დაარღვია წესები, ერთხელ პორტუგალიელი თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ოსასუნასთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში. მესიმ კარისკენ 7-ჯერ დაარტყა (6-ჯერ ზუსტად) და 2 გოლი გაიტანა. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, მესი 2-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

ცხადია, ეს რაუნდიც არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მოიგო. მესი რონალდოს ჯერჯერობით "მშრალი ანგარიშით" ჯობნის - 2:0 (23:22 შარშანდელ სეზონში).

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3

რობერტო ხიმენესი (სარაგოსა, 1) - ხოან ვალერა (ხეტაფე, 1), ჟოზე ნუნიეში (მალიორკა, 1), ხორდი ალბა (ბარსელონა, 1) - აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე, 1), აბელ აგილარი (დეპორტივო, 1), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი, 1), ლეო კარილიო (რაიო ვალეკანო, 1) - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო, 1), ლიონელ მესი (ბარსელონა, 2), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი, 1).

მე-12 ფეხბურთელი: რობერტო სოლდადო (ვალენსია)

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

მესი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ესპანურ ლა ლიგაში აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი. არგენტინელმა II ტურში ერთპიროვნულად იხსნა "ბარსელონა" მარცხისგან - 75-ე წუთამდე ხომ ანგარიში 1:0 იყო ნავარელთა სასარგებლოდ. ხუთწუთიან შუალედში "ლა პულგამ" მორიგი დუბლი შეასრულა ჩემპიონატში და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ტურის ფრაზები
პეპე მელი: "რატომ მოგვიგო "რაიომ"? უბრალოდ, უკეთ ითამაშა", - "ბეტისის" თავკაცი საშინაო მარცხის შემდეგ.

მანუელ პელეგრინი: "ახლა ჩვენ ძალიან მძიმე დღეები გველის", - "მალაგას" თავკაცი მაინც ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს.

ტიტო ვილანოვა: "ამ მსაჯის მუშაობის სტილი კარგად ვიცოდი, გამაფრთხილეს კიდევაც", - თუმცა ტიტოს გაფრთხილებამ ვერ უშველა - ის მაინც გააძევეს.

მიჩელი: "ეს ისეთი მატჩი იყო, როცა არ იცი კაცმა, გიხაროდეს თუ გწყინდეს", - "სევილიას" თავკაცი "მალიორკასთან" 1:1 ფრის შემდეგ.

ჩაბი ალონსო: "მოულოდნელი ჩავარდნაა, დინამიკა უნდა შევცვალოთ", - "რეალის" ნახევარმცველი "ხეტაფესთან" 1:2 მარცხის შემდეგ.

მაურისიო პელეგრინო: "ვერაფრით ამიხსნია, რა დაგვემართა მესამე გოლის გატანის შემდეგ", - "ვალენსიას" თავკაცი "დეპორტივოსთან" 3:3 თამაშის შემდეგ.

სერხიო ბალესტეროსი: "თუ ყველა მსაჯი ასეთია, მაშინ "ვალიადოლიდი" ჩემპიონი გახდება", - "ლევანტეს" კაპიტანი.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
მუნის ფერნანდესი (ოსასუნა-ბარსელონა) - 4 "მარკა" (10-ბალიანი შეფასებით)

რა დააშავა: "ბარსას" პირველი გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობა უნდა დაეფიქსირებინათ ალექსის სანჩესზე. პუნიალის და ვილანოვას გაძევებაც მკაცრი განაჩენები იყო.

ტურის მხვერპლ(ნ)ი
კარლეს პუიოლი (ბარსელონა)
ფერნანდო გაგო (ვალენსია)

პუიოლმა "ოსასუნასთან" მატჩის ბოლოს, როლან ლამასთან შეჯახებისას ყვრიმალი გაიტეხა, მაგრამ ხომ იცით პუიოლის გაუტეხელი ხასიათი? არ გამოვრიცხავთ, რომ ის მადრიდში ვიხილოთ სუპერთასზე. პუიოლი ნიღბით - კარგი სანახავი იქნება!

ფერნანდო გაგომ "დეპორტივოსთან" მატჩში მიიღო ტრავმა და ახლა საეჭვოა არგენტინელის თამაში "ბარსელონასთან". გაგომ მარცხენა ფეხზე კუნთი დაიჭიმა და 37-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. რობერტო სოლდადო (ვალენსია) "დეპორტივოს" კარში - ტინო კოსტას და ჟონასის კომბინაციის შემდეგ, აკრობატულ ნახტომში.
2. ხოსება ლორენტე (ოსასუნა) "ბარსელონას" კარში - როლან ლამამ მარცხნიდან ჩამოაწოდა და ლორენტემ ბურთის დაუმუშავებლად დაარტყა.
3. აბელ აგილარი (დეპორტივო) "ვალენსიას" კარში - აიტამის პასის შემდეგ, ქუსლით.
4. ხოან ვალერა (ხეტაფე) "რეალის" კარში - აბდელაზიზ ბარადას ჩაწოდების შემდეგ, თავით.
5. რადამელ ფალკაო (ატლეტიკო) "ბილბაოს" კარში - დიეგო გოდინის ჩაწოდებით, აკრობატულ ნახტომში.

ტურის საუკეთესო პასი
ჟონასის საგოლე პასი რობერტო სოლდადოსადმი: "ვალენსიას" პირველი გოლი, ბრაზილიელმა ესპანელი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა შორეული პასით.

ტურის სტატისტიკა
31 გოლი ტურში (3,1 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 72 ყვითელი ბარათი და 7 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), აბელ აგილარი (დეპორტივო), რობერტო სოლდადო (ვალენსია), ვიქტორ პერესი (ვალიადოლიდი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: რუბენ პარდო (რეალ სოსიედადი, 19 წლის).
პენალტი ვერ გაიტანა: სიკეირა (გრანადა) "სევილიას" კარში.

ყველაზე მეტი მაყურებელი: 38 000 - "მესტალია"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 23 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 14 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - სარაგოსა
ყველაზე მეტი კუთხური: 14 - მალაგა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - რეალი

ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური
სოსიედადი-სელტა 2:1
საუკეთესო: ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი)

ბეტისი- ვალეკანო 1:2
საუკეთესო: ლეო კარილიო (რაიო ვალეკანო)

ესპანიოლი-სარაგოსა 1:2
საუკეთესო: ელდერ პოშტიგა (სარაგოსა)

მალაგა-მალიორკა 1:1
საუკეთესო: ფრანსისკო პორტილიო (მალაგა)

ოსასუნა-ბარსელონა 1:2
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

გრანადა-სევილია 1:1
საუკეთესო: ხესუს ნავასი (სევილია)

ხეტაფე-რეალი 2:1
საუკეთესო: ხუან ვალერა (ხეტაფე)

ვალენსია-დეპორტივო 3:3
საუკეთესო: აბელ აგილარი (დეპორტივო)

ვალიადოლიდი-ლევანტე 2:0
საუკეთესო: ვიქტორ პერესი (ვალიადოლიდი)

ატლეტიკო-ბილბაო 4:0
საუკეთესო: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 7-2 6
2. ვალიადოლიდი 2 2 0 0 3-0 6
3. ვალეკანო 2 2 0 0 3-1 6
4. ატლეტიკო 2 1 1 0 5-1 4
5. დეპორტივო 2 1 1 0 5-3 4
6. სევილია 2 1 1 0 3-2 4
7. მალიორკა 2 1 1 0 3-2 4
8. მალაგა 2 1 1 0 2-1 4
9. ბეტისი 2 1 0 1 6-5 3
10. ხეტაფე 2 1 0 1 3-3 3
11. სარაგოსა 2 1 0 1 2-2 3
12. სოსიედადი 2 1 0 1 3-6 3
13. ვალენსია 2 0 2 0 4-4 2
14. რეალი 2 0 1 1 2-3 1
15. გრანადა 2 0 1 1 1-2 1
16. ლევანტე 2 0 1 1 1-3 1
17. ესპანიოლი 2 0 0 2 2-4 0
18. სელტა 2 0 0 2 1-3 0
19. ოსასუნა 2 0 0 2 1-4 0
20. ბილბაო 2 0 0 2 3-9 0

ბომბარდირები
4 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 2 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ალვარო ნეგრედო (სევილია), გონსალო იგუაინი (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია), აბელ აგილარი (დეპორტივო), ხორხე მოლინა (ბეტისი), ვიქტორ პერესი (ვალიადოლიდი)

ასისტენტები
2 - კრისტიან ტელიო (ბარსელონა), ემილიო ნსუე (მალიორკა), ჟონასი (ვალენსია), იბაი გომესი (ბილბაო), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი).

გოლი+პასი
4 - ლიონელ მესი (ბარსელონა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 3 - ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), ჟონასი (ვალენსია), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი).

მომდევნო ტური
1 სექტემბერი: სელტა-ოსასუნა, სარაგოსა-მალაგა, დეპორტივო-ხეტაფე, მალიორკა-რეალ სოსიედადი.
2 სექტემბერი: რაიო ვალეკანო-სევილია, ბილბაო-ვალიადოლიდი, ლევანტე-ესპანიოლი, რეალი-გრანადა, ბარსელონა-ვალენსია.
3 სექტემბერი: ბეტისი-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული