დღეს მწვრთნელები, ძირითადად, ორ მოდელს ანიჭებენ უპირატესობას: 4-2-3-1 (მცირე სხვაობით: 4-3-2-1) და 3-5-2 (3-4-1-2, 3-4-2-1 და ა.შ.), თუმცა არის გუნდი, რომელიც უნიკალურ სქემას იყენებს, სქემას, რომელსაც "გადმობრუნებული პირამიდა" შეარქვეს, რადგან ის ე.წ. პირამიდის (4-3-2-1) საპირისპირო ვერსიაა.
საუბარი, რა თქმა უნდა, "ბარსელონაზე" და პეპ გვარდიოლას მიერ შექმნილ 1-2-3-4-ზე გვაქვს.
პეპ გვარდიოლამ ეს განლაგება პირველად "ნოუ კამპზე", "ხეტაფესთან" მატჩში გამოიყენა.
სტრატეგია
ეს ტაქტიკური
სურათზე ეს განლაგება გრაფიკულად არის ასახული, ისრები კი ფეხბურთელთა ვექტორს მიუთითებს.
მოთამაშეები მუდმივად უნდა მოძრაობდნენ და მეტოქე ყოველთვის პრესინგის ქვეშ ჰყავდეთ.
ამ ტაქტიკაში ანტონიო კასანოსაც კი მოუწევდა უბურთოდ სირბილი და მეტოქის დაწნეხვა. წინააღმდეგ შემთხვავაში, ის შემადგენლობიდან, უბრალოდ. ამოვარდებოდა.
მეკარე
მეკარეს აქ განსაკუთრებული როლი არ ენიჭება. მისი მისია იგივეა, რაც სხვა ტაქტიკებში - არ უნდა გაუშვას გოლი.
დაცვა
ცენტრალური მცველი: ცენტრალური მცველის ფუნქციები, გარკვეულწილად, ლიბეროს ფუნქციებს წააგავს, თუმცა განსხვავება მაინც არის.
ამ განლაგებაში ცენტრალურ მცველს თამაშის წაკითხვის უნარი უნდა ჰქონდეს - მან უნდა ჩაშალოს მეტოქის შეტევა და საკუთარი გუნდის იერიში წამოიწყოს.
ფლანგის ცენტრალური მცველები: ეს პოზიცია ინოვაციურია. რთული გასახსენებელია, რომელიმე გუნდს მსგავსი პოზიციის მოთამაშე მოედანზე გაეყვანოს.
ფლანგის ცენტრალურ მცველებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
პირველი - მათ მეტოქის შეტევა ჩანასახშივე უნდა დაასრულონ, რის გამოც ორივე ფეხბურთელი ზემოთ არის აწეული (ე.წ. დაცვის მეორე ხაზს ქმნიან, ცენტრალური მცველი კი უკან რჩება).
მეორე - თუ მეტოქის გარემარბი შეტევაში ჩაერთო, ამ პოზიციის ფეხბურთელი უმალ ფლანგის მცველი ხდება და ოპონენტს უშუალოდ მეურვეობს.
კარგად შეხედეთ სურათს: ცენტრალური მცველი (მასკერანო) უკან რჩება, როდესაც ფლანგის ცენტრალური მცველები (პუიოლი მარჯვნივ და ადრიანო მარცხნივ) წინ მიდიან
ნახევარდაცვა
საყრდენი: საყრდენ ნახევარმცველს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ ამ პოზიციის ფეხბურთელმა ნახევარდაცვაში უნდა იბატონოს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში უკან უნდა დაიხიოს და ცენტრალური მცველის პოზიციაზე დადგეს.
მარცხნივ - "ბარსელონას" სასტარტო განლაგება. მარჯვნივ - ცვლილებების შემდეგ
ამ სქემით ყველაფერი კარგად არის ახსნილი: ბუსკეტსმა მატჩი საყრდენის პოზიციაზე დაიწყო სეიდუ კეიტასთან ერთად, მაგრამ როცა საჭირო გახდა, დაცვაში დაიხია და კეიტა ერთადერთ საყრდენად იქცა.
გუნდის შეტევის დროს საყრდენი ნახევარმცველი უკან რჩება, რადგან თუ "ბარსამ" ბურთი დაკარგა, მან მეტოქის შეტევა უნდა ჩაშალოს. თავდაცვის დროს კი ის უკან იხევს და ოთხკაციან დაცვის ხაზს ქმნის, რომლის დროსაც ფლანგის ცენტრალური მცველები, უბრალოდ, ფლანგის მცველები ხდებიან.
არის შემთხვევები, როდესაც როგორც საყრდენი, ასევე მცველები თავიანთ პოზიციებზე რჩებიან - ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც მეტოქეს შეტევაში ზედმეტი ფეხბურთელი ჰყავს.
ცენტრალური ნახევარმცველები: როგორც წესი, ცენტრალური ნახევარმცველებიდან ერთი ე.წ. დრიბლიორია, მეორე კი კარგი ასისტენტი, რაც იდეალურ ნაზავს ქმნის.
ე.წ. დრიბლიორი, ასევე, ე.წ. მორბენალი ცენტრალური ნახევარმცველი ხშირად ეხმარება საყრდენს, ხოლო "ასისტენტი" თამაშის რიტმს აკონტროლებს.
გარემარბები: ფლანგის შემტევების მოვალეობა სათამაშო არეალის გაზრდაა. მათ ლამის აუტის ხაზთან უწევთ მოქმედება იმისთვის, რომ მეტოქის დაცვა სიგანეში გაწელონ და თავდამსხმელებისთვის ცენტრში თავისუფალი ადგილები გამოათავისუფლონ.
გარდა ამისა, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, მათ უკან დახევა და ორ ცენტრალურ ნახევარმცველთან ერთად ხაზზე განლაგება ევალებათ, საყრდენი კი ამ დროს მათზე ოდნავ უკან რჩება.
ოთხი ფეხბურთელი ხაზზე და საყრდენი ოდნავ უკან
ამ სურათზე ჩანს, როგორ დაიხიეს უკან პედრომ და კუენკამ (გარემარბები) და ჩავი-ინიესტას დუეტთან ერთად, ცენტრში განლაგდნენ. ბუსკეტსი კი სიტუაციას უკნიდან აკონტროლებს.
თავდამსხმელები
ცენტრფორვარდი და მეორე ფორვარდი: თავდამსხმელების მოვალეობა ყველა გუნდში ერთია - გოლების გატანა.
"ბარსელონას" მეორე ფორვარდის, განლაგებაში 9 ნომრის, ისე კი 10-იანის ფუნქცია ნახევარდაცვის და შეტევის შეკავშირებაა.
გარდა ამისა, ის გუნდის მთავარი "ფანტაზისტა" და მარგალიტია. საჭიროების შემთხვევაში, მეორე ფორვარდმა შესაძლოა უკან დაიხიოს და საკუთარ გუნდს ნახევარდაცვაში რაოდენობრივი უპირატესობა მოუტანოს.
ცენტრფორვარდის მიზანი კი ისაა, რაც ყველგან - გოლის გატანა. ცენტრფორვარდი მეკარეს ავიწროებს, დამხმარე ფორვარდი კი მეტოქის მცველებს მეურვეობს
* * *
შეჯამების სახით ვთქვათ, რომ ამ ტაქტიკური მოდელის გამართულად მუშაობის ამოსავალი წერტილი გუნდური თამაშია და არა ინდივიდუალიზმი.
ფეხბურთის წლიდან წლამდე განვითარებასთან ერთად, კოლექტიური მოქმედება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
"ბარსელონას" ეს ტაქტიკა ახალი სიტყვაა მსოფლიო ფეხბურთში. საინტერესოა, იქნება თუ არა ეს მოდელი წარმატების მომტანი და გაუძლებს თუ არა ის დროს. ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"