კაცი, რომელმაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ბუნებრივია, სადღაც, რომელიმე სუსტ საფეხბურთო ლიგაში, ვინმეს ამაზე მეტი გოლიც შეიძლება ჰქონდეს გატანილი, მაგრამ კვირა საღამოს ლიონელ ანდრეს მესიმ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

სევილიაში, "ბეტისის" კარში 25 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 2 გოლი გაიტანა და კალენდარულ წელს ოფიციალურ მატჩებში 86 გოლი დაუგროვდა, რაც ერთით მეტია, ვიდრე გერმანელი გერდ მიულერის 40 წლის წინანდელი რეკორდი.

თუმცა რატომ ერთით მეტი? ტელეკომპანია ESPN-მა დაადგინა, რომ სინამდვილეში "დერ ბომბერ" მიულერმა 1972 წელს 84 გოლი გაიტანა.

ასეა თუ ისე, რეკორდი დაემხო, გაუმარჯოს ახალ რეკორდს!

პირველი მაინც გუნდია
საოცნებო
წელიწადი გამოუვიდა მესის. ვფიქრობთ, რეკორდის დამყარების შემდეგ მისი შანსი "ოქროს ბურთზე" კიდევ უფრო გაიზარდა და ახლა სამეულში (ის, კრიშტიანო რონალდო და ანდრეს ინიესტა) აშკარა ფავორიტია.

ლა ლიგის ბოლო სეზონის "პიჩიჩი" მან მოიპოვა 50 გოლით, რისთვისაც "ოქროს ბუცი" მიიღო, როგორც კონტინენტის მთავარმა მეგოლემ. ის გახდა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი 14 გოლით, მოიგო "კოპა დელ რეი" "ბარსელონასთან" ერთად. ამ სეზონშიც საუკეთესო მეგოლეა 15 მატჩში 23 გოლით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში ლეომ 5 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, 86 გოლი სულაც არ არის ზღვარი - არგენტინელს კიდევ სამი თამაში რჩება წლის ბოლომდე - ერთი ესპანეთის თასზე და ორი ლა ლიგაში. მართალია, 100-გოლიან ბარიერს ვერ მიაღწევს (თითო შეხვედრაში 5-5 გოლიც არ ჰყოფნის), მაგრამ ამ ნიშნულთან მიახლოება კი შეუძლია "ლა პულგას".

"დიდებული რეკორდია! ძალიან გახარებული ვარ, რომ ის დავამხე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ დღეს ჩვენ მატჩი მოვიგეთ და მდევრებთან უპირატესობა შევინარჩუნეთ.

ოთხშაბათს მცირე შიში ვჭამე ტრავმის გამო, თუმცა დღეს ძალიან მსურდა თამაში.

ახლა ჩემი მისიაა, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო დარჩენილ მატჩებში, რომ ჩემი რეკორდის გამეორება ვერავინ მოახერხოს",
- ბოლო ფრაზა "ლა პულგამ", რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა.

მესიმ დაამატა: "როცა სეზონი იწყება, ყველა გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგებას ვგეგმავთ. პერსონალური მიღწევები ყოველთვის მეორეხარისხოვანია".

რეკორდი დეტალებში
* "ბენიტო ვილიამარინზე" დუბლის შესრულებით ლეო მესიმ 2012 წელს 86 ოფიციალური გოლი გაიტანა.
* ლა ლიგაში 34 მატჩში 56 გოლი გაიტანა. გერდ მიულერმა გერმანიის ჩემპიონატის 34 მატჩში 42 გოლი გაიტანა.
* ევროთასებზე მესიმ 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მიულერმა: 10 - 4 მატჩში.
* ქვეყნის თასისთვის ბრძოლაში მესიმ 7მატჩში 3 გოლი გაიტანა. მიულერმა: 7 - 6 მატჩში.
* სექტემბრის თვე იყო ყველაზე პროდუქტიული მესისთვის - 13 გოლი. მიულერისთვის - მარტი (13 გოლი).
* სულ "ბარსას" და არგენტინის ნაკრების მაისურით მესიმ 66 მატჩში 86 გოლი გაიტანა. მიულერმა 60 მატჩში - 85.
* 86-დან 76 გოლი მესიმ ცაციით გაიტანა, 7 - მარჯვენა ფეხით და 3 - თავით.
* 74 გოლი მესიმ საჯარიმოს ტერიტორიიდან გაიტანა (14 პენალტი), 12 - საჯარიმოს გარედან (7 საჯარიმო დარტყმით).
* ყველაზე მეტად მესიმ "მალაგა" და "ლევერკუზენი" აზარალა - 6-6 გოლი გაუტანა.
* ყველაზე მეტი საგოლე პასი ანდრეს ინიესტაზე მოდის - 9. მერე მოდიან: სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი (6-6).
* 86 გოლის გასატანად მესის 343 დღე ეყო.

მესის ერთადერთი ნაკლი
გთავაზობთ წინა რეკორდსმენის კომენტარს:

"ჩემმა რეკორდმა 40 წელი გაძლო და ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დაამხო. მესი საოცარი ფეხბურთელია და მოხარული ვარ მის გამო. თავმდაბალი ადამიანი ჩანს. მინდა, რომ მისმა რეკორდმა კიდევ 40 წელიწადი გაძლოს. ჩემი აზრით, მესის ერთადერთი ნაკლი აქვს - ის "ბაიერნში" არ თამაშობს", - თქვა გერდ მიულერმა.

სეზონში საუკეთესო 30 წუთი
სხვათა შორის, რეკორდის ავტორმა ძალიან შეაქო "ბეტისი". არგენტინელი მართალია, 0:2-ის შემდეგ სევილიურმა კლუბმა ბევრი პრობლემა შეუქმნა "ბარსელონას" და კინაღამ ქულის გადარჩენაც შეძლო. პეპე მელის გუნდი ტყუილად არ არის ცხრილის ზედა ნახევარში და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის.

ტიტო ვილანოვა ძალიან კმაყოფილი იყო შეხვედრით, განსაკუთრებით, პირველი ნახევრით:

"მოხარული ვართ, რომ მესიმ თამაშიც შეძლო და ორი გოლით გუნდს მოაგებინა. თავად კი მიულერის რეკორდი დაამხო. ვნახოთ, დარჩენილ მატჩებში იქნებ მოუმატოს კიდევაც გოლთა რიცხვს.

შეხვედრ
ის პირველი 30 წუთი "ბარსელონასთვის" წლეულს უდავოდ საუკეთესო იყო, მაგრამ მე ვაფრთხილებდი ბიჭებს, რომ "ბეტისი" სახიფათოა - მეტოქეს პირველ ნახევარში ბევრი არაფერი შეუქმნია, მაგრამ გოლი გაიტანა, რამაც თამაშის შინაარსი მთლიანად შეცვალა და 3 ქულისთვის ბოლომდე დახარჯვა მოგვიწია", - განაცხადა "ბარსელონას" თავკაცმა.

დებიუტანტ მწვრთნელს ახლა 15 მატჩში 43 ქულა აქვს. ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი მან წინა ტურში დაამხო, ახლა კი უფრო გაზარდა.

წინ თასია!
ოთხშაბათს "ბარსელონას" "სამეფო თასის" პირველი მერვედფინალური მატჩი ელის - "კორდობასთან", კვირას კი "კამპ ნოუზე" ტურის მატჩია - "დეპორტივოს" კარში 5 გოლის ავტორი რადამელ ფალკაო და კომპანია ტიტო ვილანოვას გუნდს ესტუმრება.

სავარაუდოდ, მწვრთნელი "კორდობასთან" საგარეო მატჩში რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს. ალბათ, ამით არის გამოწვეული, რომ პირველ გუნდთან ერთად ემზადებიან: სერხიო გომესი, კინტილია, რომანი, ესპინოსა, იე, ბალიუ, ოიერი და ტელიო.

წლეულს სესკს ვეღარ ვნახავთ

"ბარსელონაში" ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა სესკ ფაბრეგასის ტრავმა სევილიურ ჯახში. შემტევი ნახევარმცველი თამაშის დასაწყისშივე, მე-9 წუთზე ალექსის სანჩესით შეცვალეს.

სესკმა ფეხის ორთავა კუნთი დაიზიანა. ექიმთა დასკვნით, მას 3-4 კვირა გაუცდება. ასე რომ, წლეულს ფაბრეგასს ვეღარ ვნახავთ ("ბარსას" ლა ლიგის 2 და თასის მატჩი რჩება). ფეხბურთელმა შეიძლება, 2013 წლის პირველი ორი შეხვედრაც გამოტოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიონელ მესის 2012 წელს გატანილი 86 გოლი! [VIDEO]
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური: ვეფხვები ღამით ნადირობენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე როგორ გამოდის რეკორდის დამხობა თუ მიულერმა ნაკლებ თამაშში უფრო მეტი გოლი გაიტანა? 6 თამაშით მეტი ითამაშა მესიმ და გაიტანდა აბა რას იზამდა. კოეფიციენტი მიულერს უფრო მაღალი აქვს. 1,41 გოლი 1,30 ის წინააღმდეგ. პლუს ამას მსოფლიო აქვს მიულერს მოგებული მესის არა. ევროთასებზეც და შიდა თასებზეც მეტი პროცენტულობა აქვს მიულერს. ჩემი აზრით თამაშებში გატანილი გოლების რაოდენობით უნდა შეფასდეს რეკორდი და არა დროის მანძილზე.
ქარ
12:55 12-12-2012
0
ჯერ 25 წლისაა, მოიგებს :)))
: ) :)
11:45 12-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული