ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
20 დეკემბერს უკვე ლა ლიგის მე-17 ტური იწყება - სამი მატჩი გაიმართება. "ლევანტეს" გარდა, ძირითადად, ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდები თამაშობენ.

მანამდე კი წინა ტურის ჩვეულ შეჯამებას გთავაზობთ, ტურისა, რომელშიც "ბარსელონამ" თითქმის მოაგვარა ჩემპიონატის მთავარი საკითხი - ტიტულის ბედი.

"მოდი, ვთქვათ პირდაპირ - ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, ბევრის გამწარება შეგვიძლია, ბევრიც ვცადეთ, მაგრამ "ბარსა" სხვებზე მაღლა დგას, მიუღწეველია. ძალიან, ძალიან მოსაწყენი ლიგაა", - ეს სიტყვები მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს ეკუთვნის.

მოურინიოს (რომელმაც აღიარება 2 საათით ადრე გააკეთა) და სიმეონეს არ
ეთანხმება ვილანოვა, რომლის აზრითაც ყველაფერი წინაა, თუმცა ძნელია, არგენტინელის სიტყვებს შეეწინააღმდეგო, როცა მე-5 ადგილზე მყოფი გუნდის თავკაცი აცხადებს, რომ მისი მიზანი ისევ ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა...

ტრიპლ-გაგრძელება!
როცა სხვა გუნდების პრობლემებზე გვიწევს წერა, "ბარსელონადან" ძირითადად სასიამოვნო სიახლეები მოდის: 18 დეკემბერს კლუბმა სამ ლიდერს, ლეო მესის, კაპიტან კარლეს პუიოლს და ნახევარდაცვის ძრავს, ჩავი ერნანდესს კონტრაქტები გაუხანგრძლივა.

ვეტერანების ხელშეკრულება ახლა უკვე 2016 წელს მთავრდება, 25 წლის "ლა პულგა" კი "ბარსელონაში" 2018 წლამდე დარჩება.

Sportall.Geძაღლის კუდი არ სწორდება
კუდი ძაღლისა არ გასწორდების, არცა კირჩხიბი მართლად ვალსო, ზედგამოჭრილი ნათქვამია "ლევანტეს" ვეტერან ცენტრალურ მცველ დავიდ ნავაროზე, რომელიც შემჩნეულია ორთაბრძოლებისას "ბინძური" მეთოდების გამოყენებაში.

მე-17 წუთზე ნავარომ სარაგოსელ სეპუნარუს იდაყვი უთავაზა, მაგრამ წითელ ბარათს გადაურჩა. გახსოვთ, არცთუ დიდი ხნის წინათ ნავარომ კინაღამ კრიშტიანო რონალდოს კარიერა შეიწირა.

ასეთი "ნაალაფევი" ნავაროს კარიერაში ბევრი აქვს. მაგალითად, "ვალენსიაში" როცა ირიცხებოდა, კინაღამ ფერნანდო ლორენტე მოკლა. მას უკვე ასე ეძახიან ესპანეთში - დავიდ "კოდო" ნავარო (კოდო ესპანურად იდაყვს ნიშნავს).

შეუბრალებელი მესტალია: ანუ ტინოსა და ჩორის ამბავი
ერნესტო ვალვერდემ
პირველად გაიყვანა გუნდი "მესტალიაზე". მანამდე "ვალენსიას" ახალ თავკაცს სამი საგარეო გამარჯვება ჰქონდა, თან ისე, რომ "ღამურებს" გოლი არ გაუშვიათ.

მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, როცა "მესტალიაზე" წააგებ.

"რაიო ვალეკანოსგან" ყველაზე აქტიური ალეხანდრო "ჩორი" დომინგესი იყო. მას ათასი მიზეზი ჰქონდა, "მესტალია" გაემწარებინა, რადგან ყოფილი გუნდიდან ცუდად წავიდა.

და აი, შესანიშნავი შანსი აჩუქა თანამემამულე ალბერტო "ტინო" კოსტამ. "ტინოს" სულელურ შეცდომას პენალტი და "ჩორის" გამარჯვების გოლი მოჰყვა, "მესტალია" კი ისევ თეთრად გადაიპენტა და ეს არ იყო თოვლის ფიფქები - ფანები უკვე არა მარტო მწვრთნელს და ფეხბურთელებს, პრეზიდენტ მანუელ ლორენტესაც აუჯანყდნენ და მის გადაყენებას ითხოვენ.

სხვათა შორის, ანალოგიურ მდგომარეობაშია "სევილიას" პრეზიდენტი დელ ნიდო, რომელიც ვერ ხსნის მიჩელს, რადგან თავისი თანამდებობა გასჭირვებია.

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ
90 წუთი ითამაშა "ატლეტიკოსთან" 4:1 მოგებულ მატჩში. მან 4-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 2 გოლი. მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ესპანიოლთან" 2:2 დასრულებულ მატჩში. მან 9-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე პასი, მას ორჯერ ეუხეშნენ, თავად 3-ჯერ დაარღვია წესი, მიიღო ყვითელი ბარათი.

რონალდოს არ გაუმართლა, მესის ეპოქაში რომ უწევს თამაში. პორტუგალიელმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენი ტურნირის "ტური" მაინც წააგო მესისთან, რომელიც უკვე 12:7 დაწინაურდა.

ტურის ფრაზები
ხოსე ლუის მენდილიბარი:
"შეიძლება ებრძოლო მეტოქეს და გაიმარჯვო, მაგრამ მსაჯთან იგივეს ვერ გააკეთებ", - "ოსასუნას" თავკაცი ტეიშეირა ვიტიენესის მსაჯობაზე.

ხოაკინ კაპაროსი: "ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი დატოვეს, მაგრამ..." - "მალიორკას" თავკაცი.

ხუან ანტონიო ანკელა: "ეს გუნდი ჯერ კიდევ ცოცხალია", - "გრანადას" მწვრთნელი ბუნებით ოპტიმისტია.

მიჩელი: "თქვენ გუნდში შექმნილ სიტუაციაზე უნდა წუხდეთ და არა ჩემს მდგომარეობაზე", - "სევილიას" მწვრთნელი ადგილობრივ ჟურნალისტებს.

ხუან იგნასიო მარტინესი: "კარგი თამაში სამი ქულის მოპოვების ერთადერთი საშუალებაა", - "ლევანტეს" იმდენად კარგად აქვს საქმე, რომ მისმა მწვრთნელმა ფილოსოფოსობა დაიწყო.

ტინო კოსტა: "გადაქანცულები ვართ. დღეს, დილის 5 საათამდე არ მძინებია", - "ვალენსიას" მარცხის მიზეზი თავს იმართლებს.

ჟოზე მოურინიო: "ლა ლიგის მოგება თითქმის შეუძლებელია", - "განსაკუთრებული" დანებდა.

დიეგო სიმეონე: "ძალიან, ძალიან მოსაწყენი ლა ლიგაა", - "ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცი.

პეპე მელი: "ჩვენი მიზანი ისევ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა", - "ბეტისის" თავკაცი.

ტურის საუკეთესო გოლი
ადრიანო კორეია
(ბარსელონა) "ატლეტიკოს" კარში

VideoSportall.Ge
ბარსელონა - ატლეტიკო 4:1


ტურის საუკეთესო პასი
ჟოან ვერდიუ
(ესპანიოლი) საგოლე პასი სერხიო გარსიას.

Sportall.Ge

ლიონელ მესი 16 ტურიდან 12-ჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლური ნაკრები წინა ტურთან შედარებით მთლიანად შეიცვალა, თუ მესის არ ჩავთვლით.

კრიშტიანო რონალდო
"მხოლოდ" მე-6-ედ მოხვდა რჩეულთა შორის.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
პედრო ლეონი (ხეტაფე)
ივან რაკიტიჩი (სევილია)
დიეგო პეროტი (სევილია)
ფილიპე ლუიში (ატლეტიკო)

"ხეტაფეს" ლიდერმა მუხლი დაიშავა და შესაცვლელი გახდა.

"სევილიამ" სამ ქულასთან ერთად ორი ნახევარმცველი დაკარგა - ხორვატი გამთამაშებელი და არგენტინელი გარემარბი.

"ატლეტიკოს" ბრაზილიელმა მცველმა კუნთი დაიზიანა.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა
ტეიშეირა ვიტიენესი
(ხეტაფე-ოსასუნა): 2 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: სტუმართა კარში დანიშნა არარსებული პენალტი, რითაც საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა.

ტურის სტატისტიკა
17 გოლი ტურში (1,7 მატჩში). 1 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრედ დასრულდა და 5 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 55 ყვითელი ბარათი 3 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ბრანდონ ტომასი (მალიორკა, 17 წლის).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 86 700 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 28 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 27 - გრანადა
ყველაზე მეტი კუთხური: 15 - მალიორკა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ხეტაფე
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 75% - ბარსელონა

ბომბარდირები
25 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
17- რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ასისტენტები
9 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
30 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბარსელონა 16 15 1 0 54-18 46
2 ატლეტიკო 16 12 1 3 36-17 37
3 რეალი 16 10 3 3 39-14 33
4 მალაგა 16 8 4 4 25-10 28
5 ლევანტე 16 8 3 5 21-21 27
6 ბეტისი 15 8 1 6 24-26 25
7 ხეტაფე 16 7 3 6 19-21 24
8 სოსიედადი 16 6 4 6 22-19 22
9 ვალეკანო
16 7 1 8 19-32 22
10 ვალიადოლიდი 15 6 3 7 22-18 21
11 ვალენსია 16 6 3 7 19-24 21
12 ბილბაო 16 6 3 7 21-32 21
13 სევილია 16 5 4 7 21-24 19
14 სარაგოსა 16 6 1 9 18-24 19
15 სელტა 15 4 3 8 16-20 15
16 ოსასუნა 16 3 5 8 13-17 14
17 გრანადა 16 3 4 9 11-24 13
18 მალიორკა
16 3 4 9 14-28 13
19 ესპანიოლი 16 2 6 8 17-26 12
20 დეპორტივო 15 2 5 8 21-37 11

მომდევნო ტური
20 დეკემბერი
რაიო ვალეკანო-ლევანტე, რეალ სოსიედადი-სევილია, ესპანიოლი-დეპორტივო.

21 დეკემბერი
ვალენსია-ხეტაფე, ატლეტიკო-სელტა.

22 დეკემბერი
ბეტისი-მალიორკა, ვალიადოლიდი-ბარსელონა, მალაგა-რეალი, ოსასუნა-გრანადა, ბილბაო-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური: ფალკაო? არა, მესი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული