ჟოზე მოურინიო - 50: როდესაც ჭკვიანი კაცის აზრი მაინტერესებს, ლაპარაკს ვიწყებ

AutoSharing Option
კვირას ის 50 წლის გახდა და გგონიათ, თავი შეიკავა? სწორედ იუბილეს წინა დღეს თქვა, რომ ცოცხალი თავით არ წავა გერმანიაში სამუშაოდ და ამით კბილი ხოსეპ გვარდიოლას გაჰკრა. ასეთია ჟოზე მოურინიო - თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ძლიერი მწვრთნელი.

გთავაზობთ მოუს ყველაზე ცნობილი ფრთიანი ფრაზების კრებულს:

* მე არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ არა მგონია, ვინმე ჩემზე
უკეთესი იყოს.

* იოლი საქმე რომ მდომებოდა, "პორტუში" დავრჩებოდი: დიდებული ლურჯი სავარძელი, ჩემპიონთა თასი, ღმერთი და მე ღმერთის მერე...

* გუნდში
ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან და მათ, ბოდიში არათავმდაბლობისთვის, ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავთ. მე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და თავს განსაკუთრებულად მივიჩნევ.

* ლონდონში ჩემთან მოვიდა 75 წლის კაცი, რომელიც ტიროდა. ის ბოლტონში იყო, როცა "ჩელსიმ" ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. 50 წლის წინ ის მამასთან და ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა იმ მატჩზე, რომელშიც უკანასკნელად მოიგო "ჩელსიმ" ჩემპიონატი. ახლა, რა თქმა უნდა, მისი მამა და ბაბუა ცოცხლები აღარ არიან. აი, ასეთი ფაქტები ახდენენ ჩემზე შთაბეჭდილებას.

* თუკი ოდესმე ჩემს შესახებ ფილმს გადაიღებენ, მინდა, რომ ჩემი როლი ჯორჯ კლუნიმ ითამაშოს. ის ბრწყინვალე მსახიობია და ჩემი ცოლი მიიჩნევს, რომ როლს იდეალურად მოერგება.

* პორტუგალიაში ამბობენ, რაც უფრო დიდია გემი, მით უფრო ძლიერია ქარიშხალი. საბედნიეროდ, გამიმართლა - სულ დიდ გემებზე მოვხვდი. "პორტუ" პორტუგალიური ფეხბურთის ფლაგმანია, ასევეა "ჩელსი" და "ინტერი" ინგლისსა და იტალიაში; ახლა კი მე "რეალში" ვარ, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ფლაგმანია.

* ხოსეპ გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია, მაგრამ მან ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო, მე პირადად შემრცხვებოდა.

* იესო ქრისტეც არ მოსწონდა ყველას, ჩემზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

* ყველა ისე ოცნებობს "ჩელსის" წაგებაზე, რომ, როცა მართლა წავაგებთ, ქვეყანაში დასვენების დღეს გამოაცხადებენ. არა?

* მკითხეს, "იუვენტუსის" თამაშს თუ ვუყურე. კი - ამაურის გოლამდე, მერე კი აღარ მეცალა, ვახშმად მშვენიერი კალმარი გვქონდა.

* როდესაც ჭკვიანი კაცის აზრი მაინტერესებს, ლაპარაკს ვიწყებ.

* რატომ მაკრიტიკებენ კოლეგები? იმიტომ, რომ კარგად იციან, მეორე დღეს გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდებიან. ეს მათთვის უფასო რეკლამაა.

* მე მაქვს ნანახი, როგორ დაარტყა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მწვრთნელიანად საპატიო წრე, მას მერე, რაც შინ ჩვენთან წააგო. პორტუგალიაში ასეთი საქციელისთვის ტრიბუნებიდან ბოთლებს მიიღებდნენ.

* თუკი "ბარსელონა" მეტოქეზე უკეთ თამაშობს, მაშინ ის იგებს. თუ "ბარსელონა" ვერ თამაშობს მეტოქეზე კარგად, მაშინ მსაჯები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაინც "ბარსელონამ" მოიგოს.

* ჩემი მისამართით ნასროლი ყველა ქვა რომ შევაგროვოთ, ერთი დიდი ძეგლი გამოვა.

* გიყვარვართ თუ არა, მე ერთადერთი ვარ, რომელმაც სამი უძლიერესი ტურნირი მოიგო. ასე რომ, მგონი, განსაკუთრებული კი არა, ერთადერთი უნდა დამიძახოთ.

* მირჩევნია, ერთხელ 0:5 წავაგო, ვიდრე ხუთჯერ - 0:1.

* ნახეთ, რას აკეთებდნენ მოედანზე ჩემი ბიჭები? ჩვენ იმ შემთხვევაშიც კი მოვიგებდით, კასილიასის ნაცვლად კარში მე რომ ჩავმდგარიყავი.

* არიან ისეთებიც, რომლებიც მოგებების შემდეგ ხარობენ. მე საამისო დრო არ მრჩება.

* თუკი კამბიასოს და ძანეტის გვერდით ვარჯიშობ და მაინც ვერ ვითარდები, ესე იგი, ტვინში მხოლოდ ერთი ხვეული გაქვს და ისიც არასწორად მუშაობს.

* პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა უნდა შეწყდეს, რადგან მესი და რონალდო ამ პლანეტიდან არ არიან.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რეალის" ტელევიზიამ ჟოზე მოურინიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალის ფანი არასდროს ვყოფილვარ,ბოლო წლებში ამ გუნდის ორ ფეხბურთელს ვცემ პატივს ორივე ლეგენდაა:რაული და კასილიასი.ამ მწვრთნელმა რაული უკვე მოინელა, აქ ფეხბურთელის ფორმაში ყოფნა არ ყოფნა ჩემი აზრით არაფერ შუაში არ იყო,მოურინიოს არ აწყობდა მისი დიდი ავტორიტეტი და გააშვებინა. იგივეს უპირებს კასილიასს.მე მგონი რაც უფრო მალე გაუშვებენ ამ კაცს გუნდიდან მით უკეთესი რეალისთვის,თუმცა ვინც არ უნდა მოვიდეს რეალში მწვრთნელად, ბარსასთან მიმართებაში აზრი არ აქვს,ყველა შემთხვევაში 5-წ მინიმუმ.
sake
15:53 29-01-2013
0

სიახლეები პოპულარული