საუკეთესო გოლკიპერი
ვილი კაბალიერო (მალაგა)
31 წლის, 34 თამაში სეზონში
ამ სეზონში ესპანეთში ძალიან ბევრი ილაპარაკეს მეკარეებზე. განსაკუთრებით, ეს "სამეფო კლუბში" შექმნილ სიტუაციას ეხება, როცა ჟოზე მოურინიომ აითვალწუნა გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი და მას ჯერ ახალგაზრდა ანტონიო ადანი არჩია, შემდეგ კი "სევილიადან" ნაყიდი დიეგო ლოპესი.
"ბარსელონას" გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა ყველა გააოცა გუნდიდან
მაგრამ "მალაგას" არგენტინელი გოლკიპერი ვილი კაბალიერო ნამდვილი სენსაცია იყო 2012/13 წლების სეზონში. ვილი ძალიან იშვიათად ცდებოდა და მსოფლიო დონის მეკარეთა კლასი გამოავლინა.
საუკეთესო მცველი
სერხიო რამოსი (რეალი)
27 წლის, 26 თამაში, 4 გოლი
2011/12 წლების სეზონში მოურინიომ სერხიო რამოსს ამპლუა შეუცვალა - მარჯვენა ფლანგიდან დაცვის ცენტრში შესწია. ამ ცვლილებამ ბრწყინვალედ იმუშავა და "რეალმა" ტიტულიც მოიგო. ამ სეზონში კი კასილიასის დამცრობის გამო სერხიოს კაპიტნობაც დაევალა და რაფაელ ვარანის მენტორობაც.
ვარანისა და რამოსის დუეტი დაცვის ცენტრში კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით - მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით.
მართალია, რამოსისთვის კვლავ აქილევსის ქუსლია დისციპლინა, მაგრამ 27 წლის მცველი უკვე მსოფლიო კლასის ფეხბურთელია ლიდერის თვისებებით და გოლის გატანის ალღოთი (4 გოლი ამ სეზონში). მისი გადამწყვეტი გოლი "კლასიკოზე" ამ სეზონის ჰაილაითია.
საუკეთესო ნახევარმცველი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
29 წლის, 29 თამაში, 2 გოლი, 15 საგოლე პასი
ინიესტა იყო ევრო 2012-ზე ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მან მოახერხა და ფორმა ახალ სეზონშიც შეინარჩუნა.
მართალია, სულ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონატში საუკეთესო 15 საგოლე პასი (პასების ჰეთ თრიკი "ლევანტესთან") ბევრზე მეტყველებს.
ანდრესმა "ბარსელონას" ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს, ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა ინიესტას დამსახურება ჩავისას ბევრად აღემატება.
საუკეთესო თავდამსხმელი
ლიონელ მესი (ბარსელონა)
25 წლის, 32 თამაში, 46 გოლი
სხვა ვინ, თუ არა მესი? "პარი სენ-ჟერმენთან" მიღებულმა ტრავმამ დაღი დაასვა ლეოს სეზონს, მან უკვე დაასრულა სეზონი.
სამწუხაროა, რომ ამის გამო ვერ შეძლო ლა ლიგაში 50 გოლის კვლავ გატანა და 46-ზე გაჩერდა, მაგრამ 46 გოლი 32 მატჩში მაინც დიდებული შედეგია.
ამას დავუმატოთ, რომ მან ზედიზედ 21 ტურში შეძლო გატანა, რომლებშიც ითამაშა. დავუმატოთ ამას 12 საგოლე პასი (ჩემპიონატში მხოლოდ ინიესტას ჩამორჩება).
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
რაფაელ ვარანი (რეალი)
20 წლის, 15 თამაში
20 წლის ფრანგისთვის სეზონი დასანანი ტრავმით დასრულდა, რის გამოც მან სამეფო თასის ფინალი გამოტოვა. ვფიქრობთ, ამის მიუხედავად, მადრიდელ ფანებს საზეიმოდ აქვთ საქმე - კიდევ კარგა ხნით მათ ძალიან საიმედო და ნიჭიერი მცველი დაიბევეს.
ვარანი 2011 წლიდან არის "რეალში", თუმცა საფეხბურთო სამყაროს თავი უფრო ამ სეზონში გააცნო. სერხიო რამოსთან ბრწყინვალე დუეტს ქმნის.
საუკეთესო მწვრთნელი
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)
43 წლის, მე-3 ადგილი
მართალია, არგენტინელი მწვრთნელის ყველაზე დიდი წარმატება სათასო ბატალიებზე მოდის, მაგრამ მისი გაწვრთნილი "ატლეტიკო" ჩემპიონატშიც დიდებული იყო.
მე-3 ადგილი და ავტომატურად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კარგა ხნით დაიბევა სიმეონეს გუნდმა. სიმეონემ ეს შეძლო გუნდით, რომლის ბიუჯეტი "სამეფო კლუბისას" 400 მილიონი ევროთი ჩამორჩება.
საუკეთესო ტრანსფერი
არიც ადურისი (ვალენსია-ატლეტიკო)
სეზონის სტარტზე მარსელო ბიელსა გამოუტყდა რეპორტიორებს, რომ არიც ადურისის დამატება მისი მოთხოვნა არ იყო. 9 თვის მერე არგენტინელი სწორედ ამ ფორვარდს უნდა უმადლოდეს, რომ ბილბაოს "ატლეტიკი" ისტორიაში პირველად არ გავარდა ლა ლიგიდან.
არადა, ადურისი "ვალენსიადან" 2,5 მილიონ ევროდ შეიძინეს. ამ დროს ადურისმა 14 გოლი გაიტანა და სასტარტო შემადგენლობიდან თვით ფერნანდო ლორენტე ამოაგდო.
ყველაზე ცუდი ტრანსფერი
ალექს სონგი (არსენალი-ბარსელონა)
ალექს სონგი ცუდი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მაინც ვეჭვობთ, რომ მისი შეძენა "ბარსელონასთვის" მართებული ნაბიჯი იყო. "ბარსა" ვერ შეწვდა ხავი მარტინესს, არადა, ძალიან სურდა ისეთი ფეხბურთელის დამატება, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში.
კარლეს პუიოლის როლის დამცრობისა და სეიდუ კეიტას წასვლის შემდეგ ასეთი ფეხბურთელი, უბრალოდ, აუცილებელი იყო გუნდში. 19 მილიონად ნაყიდი კამერუნელი ძვირი და უცნაური შენაძენია.
საუკეთესო ფეხბურთელი
ლიონელ მესი (ბარსელონა)
25 წლის, 32 თამაში, 46 გოლი, 12 საგოლე პასი
გასული სეზონის ბოლოს ჟოზე მოურინიომ თქვა: "მესის 50 გოლი არაფერს ნიშნავს, რადგან ტიტული "რეალმა" მოიგო". 25 წლის არგენტინელი ამჯერად 46 გოლზე გაჩერდა, მაგრამ ტიტული "ბარსელონას" დარჩა.
ახლა პორტუგალიელი სპეციალისტი უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს, ღირს თუ არა სეზონში 45-50 გოლის გატანა რამედ. სხვებისთვის კი ლეო მესი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია.
ყველაზე ცუდი ფეხბურთელი
ხოსე კალახონი (რეალი)
26 წლის, 28 თამაში, 1 გოლი
"ესპანიოლიდან" გადასული გარემარბი ბრწყინვალე იყო მოურინიოსთვის საჩემპიონო სეზონში. შარშან მან ლა ლიგაში 5, სულ კი 13 გოლი გაიტანა. ამ სეზონში კი კალეხონმა მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო.
კალეხონს ძალიან გაუმართლებს, თუ მომავალ სეზონსაც "ლოს ბლანკოსის" ფორმით შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: "განსაკუთრებულის" 3-წლიანი ეპოქის დასასრული